მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კათოლიკოს-პატრიარქობის პროგრამის მეორე ნაწილს აქვეყნებს

მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, საკუთარი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების წერილის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც ეკლესიის მართვის, სამღვდელოების მომზადებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საეკლესიო სასამართლოს აღდგენის საკითხს. მიტროპოლიტი იობი აღნიშნავს, რომ საეკლესიო მართლმსაჯულება პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის სულიერ განკურნებასა და ეკლესიურ ერთობას და არა დასჯას. მისივე განმარტებით, საეკლესიო სასამართლოს მიზანი იქნება სიმართლის გზიდან აცდენილთა გამოსწორება, ეკლესიის წიაღში ერთობის შენარჩუნება და კანონიკური წესრიგის დაცვა. ტექსტში მოყვანილია წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლებები, რომლებიც, ავტორის შეფასებით, ეკლესიური სამართლის საფუძველს წარმოადგენს.

ამ თემაზე 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება

პროგრამის მეხუთე პუნქტი ლიტურგიკული საკითხების რეგულირებას ეხება. მიტროპოლიტ იობის განცხადებით, ეკლესიაში არსებული განსხვავებული პრაქტიკები და თვითნებური მიდგომები ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს და ლიტურგიკულ ტრადიციას აზიანებს. ამ მიზნით, იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ლიტურგისტების, თეოლოგების, კანონისტებისა და ისტორიკოსებისგან დაკომპლექტდება და შეიმუშავებს ერთიან „ლიტურგიკულ კოდექსს“. დოკუმენტი განსაზღვრავს ღვთისმსახურების, საეკლესიო წეს-განგებებისა და საზეიმო მსახურებების შესრულების ერთიან პრინციპებს.

მიტროპოლიტი იობი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საეპისკოპოსო მსახურების მნიშვნელობასაც. იგი ციტირებს წმინდა ბასილი დიდისა და წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის სწავლებებს და აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი ეკლესიის ერთობის სიმბოლოა, რომელიც საკუთარ სამწყსოსთან მჭიდრო სულიერ კავშირში უნდა იმყოფებოდეს.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საეპისკოპოსო კანდიდატთა განმხილველი კომისიის შექმნა. კანდიდატის ხედვით, აღნიშნული კომისია შეაფასებს მომავალი ეპისკოპოსების განათლებას, გამოცდილებასა და კომპეტენციას და დასკვნას წმინდა სინოდს წარუდგენს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეკლესიისთვის აუცილებელია მაღალკვალიფიციური და ფართო მსოფლმხედველობის მქონე სასულიერო პირები, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებაში არსებულ სულიერ და ინტელექტუალურ გამოწვევებზე პასუხის გაცემას.

ამასთან, მიტროპოლიტი იობი საუბრობს „სასულიერო პირთა კანდიდატების ცენტრის“ შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც მომავალი სასულიერო პირების პრაქტიკულ და აკადემიურ მომზადებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, სასულიერო პირებს უნდა ჰქონდეთ როგორც სამონასტრო და სამრევლო პრაქტიკა, ასევე სისტემური საუნივერსიტეტო თეოლოგიური განათლება, მათ შორის უცხოეთის ავტორიტეტულ სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობაც.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სასულიერო პირთა სოციალური დაცვის საკითხებს. მიტროპოლიტ იობის განცხადებით, აუცილებელია სასულიერო პირებისთვის ღირსეული ანაზღაურებისა და დაზღვევის სისტემის შექმნა, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი მღვდლების მხარდასაჭერად. მისი შეფასებით, ეკლესიამ უნდა შექმნას ერთიანი, გამჭვირვალე ფონდი, რომელიც სასულიერო პირების ხელფასებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და საპენსიო უზრუნველყოფას დააფინანსებს.

დოკუმენტში კონკრეტული ფინანსური გათვლებიც არის წარმოდგენილი. მიტროპოლიტი იობი აღნიშნავს, რომ თუ სასულიერო პირის საშუალო ხელფასი 1000 ლარი იქნება, ეკლესიას წლიურად დაახლოებით 36 მილიონი ლარი დასჭირდება. მონასტრების დაფინანსებისთვის კი, მისი შეფასებით, დაახლოებით 15 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

ასევე საუბარია აქტიური მსახურებიდან გასული სასულიერო პირების საპენსიო უზრუნველყოფაზე. პროგრამის მიხედვით, ეკლესიაში უნდა შეიქმნას სპეციალური საპენსიო ფონდი, რომელიც პენსიაზე გასულ სასულიერო პირებს სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია გარდაცვლილი სასულიერო პირის მეუღლისთვის პენსიის გაგრძელების შესაძლებლობაც.

მიტროპოლიტი იობი აღნიშნავს, რომ ეკლესიის მიერ საკუთარი სასულიერო პირების სოციალური უზრუნველყოფა მხოლოდ სოციალური პროექტი არ არის, არამედ ეკლესიური პასუხისმგებლობისა და მადლიერების გამოხატულებაა.

პროგრამული წერილის მეორე ნაწილი რუის-ურბნისის ეპარქიის სახელით გავრცელდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გიორგობის დღესასწაული შავნაბადაზე ეპისკოპოს იოანეს ხელმძღვანელობით აღინიშნა.

წაიკითხეთ ასევე

პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას

პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.

ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.