მიტროპოლიტი გრიგოლი ინტელექტუალური, განათლებული და საზოგადოებრივად აქტიური სასულიერო პირი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში — გურამ ბერბიჭაშვილი) . ფოტო: მჟკ

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში — გურამ ბერბიჭაშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული და გავლენიანი მღვდელმთავარია, რომელიც ფოთისა და ხობის ეპარქიას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი ხასიათდება როგორც ინტელექტუალური, განათლებული და საზოგადოებრივად აქტიური სასულიერო პირი.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე

ერისკაცობაში – გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი
დაიბადა: 1956 წლის, 18 ივლისს, ქ. თბილისში.

1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში.

1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ.

1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991-1994 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად, იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 24 მარტს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიაკონი გურამი აკურთხა მღვდლად და დაადგინა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად, 1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლადამოქმედებული აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული ათეიზმის პოლიტიკის გატარება, ადმინისტრაციული წესით ეკლესია-მონასტრების დახურვა, სასულიერო პირების დაპატიმრება, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. ეს შემზარავი პროცესი განსაკუთრებული გულმოდგინებით მიმდინარეობდა პროვინციებში. ადგილობრივი პარტიული ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ეკლესია-მონასტერს დაანგრევდა და სასულიერო პირს იძულებით განმოსავდა. ამ მხრივ არც გურია იყო გამონაკლისი. მამა გურამმა მოთმინებითა და ტაქტით დაიწყო მრევლის შემოკრება, განსწავლა და დედა ეკლესიისაკენ შემობრუნება. ეს არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ ახალგაზრდა მოძღვრის გულმოდგინებამ, შინაგანმა სისუფთავემ და გულწრფელობამ თავისი კეთილი ნაყოფი გამოიღო. მამა გურამმა ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრობის დროს გამოსცა არაერთი საეკლესიო წიგნი, დააფუძნა ყოველთვიური ჟურნალი “წყარო”. 1993 წლის 15 ივლისს იგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წლის 2 თებერვალს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ეპისკოპოს იობის მიერ აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 24 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი ვერ იტევდა მრევლს. 

მეუფე გრიგოლი ჩვეული შემართებით შეუდგა საქმიანობას ახალ ეპარქიაში. იმ დროს ფოთის ეპარქიაში შედიოდა სენაკის რაიონიც. სულ ეპარქიაში მოქმედი იყო: ფოთში 2, ხობში 2, სენაკში 2 ეკლესია და მონასტერი. მეუფე გრიგოლმა დაიწყო საეპარქიო სტრუქტურების ჩამოყალიბება. შეიქმნა საეპარქიო საბჭო. რომლის შემადგენლობაშიც სასულიერო პირებთან ერთად შევიდნენ საერონიც.

პირველად 1997 წელს გაიხსნა ფოთში საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა, შემდეგ ხობში მონასტრის ბაზაზე ამოქმედდა სასულიერო სასწავლებელი კატეხიზატორული და ქრისტიანული ხელოვნების განყოფილებებით. სენაკში შეიქმნა და 2003 წლის აგვისტომდე მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი მეორე¬ გიმნაზიის ბაზაზე. ამ სასწავლებლის კატეხიზატორულ ჯგუფში უამრავმა ადამიანმა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებმა, შეიძინეს რელიგიური ცოდნა, რაც დადებით გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

2002 წლის დეკემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებულებით დაფუძნდა ზემო თეკლათის დედათა მონასტერში წმიდა ნინოს სახ. გიმნაზია-პანსიონი გოგონებისათვის და ფოთში – წმ. ნიკოლოზის სახ. დაწყებითი გიმნაზია. დღეისათვის (გაყოფის შემდგომ პერიოდში) ეპარქიაში ფუნქციონირებს საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა და დაწყებითი გიმნაზია და მიმაჩნია, რომ ეს სასწავლებლები ემსახურებიან სულიერების ამაღლებას და მორწმუნე თაობის გამრავლებას.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სატაძრო მშენებლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა მეტის გაკეთება, მაგრამ მადლობას ვწირავ ღმერთს იმისათვის, რაც შეგვაძლებინა.

კერძოდ: ქ. ფოთში – აშენდა წმ. ნიკოლოზის და ილია მართლის სახელობის ეკლესიები;

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ხობის რაიონში – აშენდა ჭალადიდის წმ. ნინოს, საგვიჩიოს ტაძრად მიყვანების ეკლესიები, დასრულების პირასაა ქ. ხობში საკათედრო ტაძარი წმ. სამებისა, სოფ. ხამისქურში – ღვთისმშობლის შობისა, უახლოეს თვე-ნახევარში იკურთხება ტრაპეზი სოფ. ქარიატას სამლოცველო სახლში, მშენებლობის მდგომარეობაშია სოფ. ჯაპიშაქარში ეკლესია, სოფ. ბიის მკვიდრთა ღვაწლით რესტავრაცია ჩაუტარდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას.

სენაკის რაიონში _ 1996-2003 წლებში აშენდა ქ. სენაკის ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი, აღდგა წმ. გიორგის სახ. ეკლესია, მე-9 საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე ნოსირში აშენდა აღდგომის სახ. ეკლესია. სოფ. ფიცხოში _ მთავარანგელოზთა ეკლესია, ნოქალაქევში აღდგა 40 სებასტიელი მოწამის სახ. ტაძარი, ძვ. სენაკში _ შობის სახ. ტაძარი.

ორმოცი წამებულის სახელობის ეკლესია ნოქალაქევში

ფაქტიურად მშენებარე მდგომარეობაში დავტოვეთ ეკლესიები სოფ. ზანაში, ახალსოფელში, სორტასა და სოფ. თეკლათში. აღდგა და ფაქტობრივად აშენდა ზემო თეკლათის მონასტერი, სადაც ძირითადი საცხოვრებელი და სასწავლო აუდიტორიები მოეწყო და დაკომპლექტდა თანამედროვე საუკეთესო ავეჯითა და კომპიუტერებით, გაშენდა ქვის გალავანი, შეიღობა 16 ჰა ტერიტორია ტყისა და სახნავ-სათესი ზოლი მონასტრის მიმდებარედ. მოსახლეთაგან გამოსყიდულ იქნა სააგარაკე სამი სახლი ნაკვეთებითურთ, რომლებიც მონასტრისაგან მიტაცებულ ტერიტორიაზე იყო.

ქ. ფოთში წლების განმავლობაში ურთულესი სამუშაო იქნა გაწეული საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის და დღეს იგი უკვე ეკლესიის საკუთრებაა და ინტენსიურად მიმდინარეობს საჭირო საკითხების გადაწყვეტა, რათა მოხდეს თეატრის მშენებლობისა და საკათედრო ტაძრის შენობის რეკონსტრუქციის დაწყება.

ტაძრების მშენებლობისათვის გამოყოფილი და დაკანონებულია ტერიტორიები აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფ. ლენინის ძეგლის ადგილზე), 26 მაისის ქუჩაზე (ნატარძალი), ბარათაშვილის ქუჩის ბოლოში (რეზიდენციასთან), ნინოშვილის უბანში (აკაკი ჩხაიძის სახლის მოპირდაპირედ) გურიის ქუჩაზე (მალთაყვაში – საძირკველი მომზადებულია).

ეკლესიის მთელი კუთვნილი უძრავი ქონება ქ. ფოთში დაკანონებულია, გატარებულია რეესტრში და პასპორტები გაგვაჩნია.

შევადგინეთ ეპარქიის ეკლესიების და ნაეკლესიარების კატალოგი.

ბრწყინვალე ოფისი აშენდა ნავსადგურის ეკლესიასთან მთავარეპისკოპოსის კანცელარიისათვის.

1996 წელს გადმოგვეცა შენობა, სადაც მოვაწყვეთ სამღვდელმთავრო რეზიდენცია, რომელიც დღემდე კეთდებოდა და დასასრულს მიუახლოვდა, ბრწყინვალედ გაკეთდა და ეწყობა; იგი ასევე კათოლიკოს-პატრიარქის საზაფხულო რეზიდენციის ფუნქციას შეასრულებს; გადმოეცა ეპარქიას შენობა, სადაც განთავსებულია (თუმც კი გაჭირვებით, მაგრამ მაინც) ეპარქიის სამმართველო, საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა და დაწყებითი გიმნაზია.

მნიშვნელოვანია, რომ 1997 წლიდან დღემდე ქ. ფოთში შევინარჩუნეთ უფასო სასადილო უპოვართათვის, მაშინ როცა სენაკსა და ხობში მოგვიწია დახურვამ რამდენიმე წლის ფუნქციონირების შემდეგ.

აკადემიური და ინტელექტუალური ხედვა: მეუფე გრიგოლი არის ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი. იგი დამაარსებელი და რექტორია ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქრისტიანული ფილოსოფიის, თეოლოგიისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.
აქტიური სამოქალაქო პოზიცია: იგი ხშირად აკეთებს განცხადებებს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის საკითხებზე, ხაზს უსვამს ეროვნულ ფასეულობებს, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და საზოგადოების ერთიანობის საჭიროებას. მისი ქადაგებები ხშირად ეხება თანამედროვე გამოწვევებსა და ღირსების შენარჩუნების მნიშვნელობას.
ადმინისტრაციული და საეკლესიო საქმიანობა: ფოთისა და ხობის ეპარქიაში მან ჩამოაყალიბა მყარი საეპარქიო სტრუქტურები და აღადგინა მრავალი ტაძარი. საპატრიარქოში იგი ხელმძღვანელობს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტს.
პატრიარქობის კანდიდატი: მას მიიჩნევენ ერთ-ერთ ძლიერ ფიგურად წმინდა სინოდში. ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე, იგი დასახელდა პატრიარქის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრედ (კანდიდატად).

პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე

პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.

ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე

იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.

თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?

ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.

მრისხანების დამღუპველი ვნება

მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.

მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე

მართალი ანას პიროვნება წარმოადგენს საზღვარს ძველსა და ახალ აღთქმას შორის. იგი არის სიმბოლო საუკუნოვანი მოთმინებისა, გულმხურვალე ლოცვისა და უსაზღვრო სასოებისა.

საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ

თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ აქტუ-ალობას იძენს დაკრძალვისწინა რიტუალის ორგანიზება, კერძოდ - მიცვალებულის ტაძარში დასვენების პრაქტიკა.