წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნა (აღმოჩენა)

წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ფოტო: sunlight.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის შემდეგ მოწაფეებმა მისი სხეული პატივით დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, თავი კი უსჯულო ჰეროდეადამ უპატიო ადგილას დაფლა.კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა, იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე, ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ამ ადგილ-მამულს კეთილმსახური დიდებული ინოკენტი დაეპატრონა და იქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა.

ტაძრის საძირკვლის თხრის დროს მუშებმა აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელშიც უფლის წინამორბედის თავი ესვენა. ნაპოვნი სიწმინდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით განცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა.ინოკენტი კრძალვით ინახავდა ნათლისმცემლის თავს, მაგრამ სიკვდილის წინ, იმის შიშით, რომ სიწმინდე ურჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იქვე ჩაფლა, სადაც იპოვეს. შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა.მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის (+337, ხს. 21 მაისს) ზეობისას, ქრისტიანობის აყვავების ხანაში, წმინდა ადგილების მოსალოცად ჩასულ ორ ბერს იერუსალიმში ორჯერ გამოეცხადა უფლის წინამორბედი და თავისი პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი ამცნო. ბერებმა ამოთხარეს სიწმინდე, აქლემის ტყავის ტომარაში ჩააბრძანეს და შინისკენ გაბრუნდნენ. გზად მათ უცნობი მექოთნე შეხვდათ და ძვირფასი ტვირთი მას მიაბარეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა, უბრძანა, გაჰქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს და თან გაეყოლებინა ისიც, რაც ხელთ ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი მოწიწებით ინახავდა წმინდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. მას შემდეგ სიწმინდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმინდის ძალით კურნავდა სნეულებს, ამ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და გამოუცდელ სულებს აცდუნებდა. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმინდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას.

ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში კეთილმსახური ბერები დამკვიდრდნენ, შემდეგ კი იქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს სავანის არქიმანდრიტ მარკელუსს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმინდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმინდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულება.ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში.წმინდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) რომ გადაასახლეს, კონსტანტინოპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, იქიდან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820 წლებში) დასავლეთ საქართველოში, კომანში გადაიტანეს.ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმინდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვების ამბით, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე თხრობა წინამორბედის თავზე. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ამ ისტორიის გაგრძელება კათოლიკურ დასავლეთს უკავშირდება.850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ნაწილი ქალაქ პეტრაში, პროდრომის მონასტერში აღმოჩნდა, კიდევ ერთი _ წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში. ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ფრაგმენტი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩასულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა წმინდა ნაწილი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გადაიტანეს.საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა იმ ქრისტიანული სიწმინდეების ამბებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.1204 წლის 13 აპრილს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღეს. ქალაქი საშინლად განადგურდა და გაიძარცვა. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის თავსახურის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ მოჩანდა ღრმული, სავარაუდოდ, ხანჯლის ჩარტყმით მიყენებული. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა აღმოაჩინა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. წარბთან არსებული ღრმულიც თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა _ სიკვდილის შემდეგ ნათლისმცემელმა ბაგენი აღახვნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდეს უსჯულოება, გაცეცხლებულმა ჰეროდეადამ კი წმინდანის თავს ხანჯალი უგმირა.ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს. ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო მათ ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა.1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალი კათოლიკური ტაძრის მშენებლობას, რომელიც შემდგომში ევროპის გოთური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე _ იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.თანდათან ამიენი საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოლოცვის ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ _ შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომის წინამორბედის სახელობის ეკლესია ნათლისმცემლის ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს თავის ქალას მცირე ნაწილი გამოსთხოვა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის სახის მხარის ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,  წმიდა ევსტათი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.

მეუფე იობმა კაბადოკიის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში ლიტურგია აღავლინა

19 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია კაბადოკიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში აღავლინა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.