3 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მაქსიმე აღმსარებელს მოიხსენებს

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი. ფოტო: ღია წყარო

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 3 თებერვალს მოიხსენებს ღირს მაქსიმე აღმსარებელს, რომელიც 580 წელს კონსტანტინეპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს და სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას.

სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე, თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611–641) პირველი მდივანი გახდა. თუმცა სამეფო კარის ცხოვრება მას სულიერ სიმშვიდეს ართმევდა, რის გამოც ქრისოპოლის სავანეს (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. კეთილკრძალული მოღვაწეობით წმინდანმა საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს, თუმცა ამ ხარისხშიც, საკუთარი სიტყვებით, „უბრალო ბერად“ რჩებოდა საოცარი თავმდაბლობის გამო.

633 წელს, შემდგომში იერუსალიმის პატრიარქის, წმიდა სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით, მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა. ამ ხანებში წმიდა სოფრონი მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.

IV მსოფლიო კრების (451 წ.) მიერ მონოფიზიტობის დაგმობის შემდეგ, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ქრისტეში ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი ქმედების შესახებ, რაც ფაქტობრივად მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებას ნიშნავდა. ერესი ფართოდ გავრცელდა სომხეთში, სირიაში და ეგვიპტეში. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ აღმოსავლეთის რამდენიმე საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში იყო.

კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო, სადაც მისი მქადაგებლური მოღვაწეობა დაიწყო. ალექსანდრიაში და მის შემოგარენში წმიდა მამამ ექვსი წელი დაჰყო. მისი ქადაგებები დიდ წარმატებას პოულობდა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი — იმპერატორი ჰერაკლე. ხელისუფლებაში მოვიდა მონოთელიტთა მტკიცე მხარდამჭერი კონსტანს II (642–648). ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და იქ კიდევ ხუთი წლის განმავლობაში ქადაგებდა.

კართაგენში შედგა საჯარო პაექრობა ღირს მაქსიმესა და კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილ პატრიარქ პიროსს შორის, რომლის შედეგად პიროსმა მონოთელიტობა უარყო. ორივე რომში გაემგზავრა, სადაც პაპმა თეოდორემ მიიღო პიროსის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე კვლავ აფრიკაში დაბრუნდა.

649 წლის ოქტომბერში გამართულმა კრებამ, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებელი აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მონოთელიტობა დაგმო, ხოლო მისი დამცველები ანათემას გადასცა.

კრების დადგენილების გაცნობის შემდეგ იმპერატორმა კონსტანს II-მ ბრძანა პაპ მარტინესა და ღირს მაქსიმეს დაპატიმრება. წმინდანს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს იგი თრაკიაში გადაასახლეს, მოგვიანებით კი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაიყვანეს.

ღირსი მაქსიმე საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, რის შემდეგაც ისინი დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ აღესრულა სასწაული — მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ.

წმიდა მაქსიმემ წინასწარ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. გადმოცემის თანახმად, მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი დაკრძალულია ქალაქ ცაგერში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.