პეტრე და პავლე - ორი განსხვავებული კლდე ეკლესიის საძირკველში
წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე. ფოტო: svt-iov.ru
თავისი ეკლესიის საძირკველში უფალმა ჩადო ორი სრულიად განსხვავებული კლდე. ისინი უფლის მადლმა გააერთიანა, ღრმა მორჩილებამ და ამ მადლის მისაღებად საკუთარი უღირსობის შეგრძნებამ. სწორედ ამაშია მოციქულთა სიდიადე და სილამაზე.
პავლე მოციქული
სავლე იყო განათლებული ღვთისმეტყველი, იმ დროისთვის მაღალი სოციალური სტატუსით. მეტიც, მას მამისგან რომის მოქალაქეობა ერგო, რაც მის მდგომარეობას საზოგადოებაში მეტად ავტორიტეტულს ხდიდა. გარდა ამისა, სავლე იყო იუდაიზმის რადიკალური მიმდევარი და მზად იყო გამოეყენებინა ნებისმიერი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნიდა მის რელიგიურ ტრადიციას. სავლეს ბევრი მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ აეწყო თავისი კარიერა და ეცხოვრა, როგორც ამბობენ, არხეინად. მაგრამ ყველაფერი ეს მან მან ჩათვალა ნაგავად, ანუ როგორც ბერძნულ ტექსტშია - skybalon (ნეხვი, ნარჩენები), რაც სინოდალურ თარგმანში გადმოცემულია მოკრძალებულად - „тщета“ (ამაოება).
გამოცხადებამ, რომელიც სავლეს ჰქონდა დამასკოს გზაზე, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.ჩვენთვის წარმოუდგენელია ის სიღრმისეული გადატრიალება, რაც მასში მოხდა. მომავალში ის ციტირებს ქრისტეს სიტყვებს და ისე საუბრობს მასზე, თითქოს თავად იყო მაცხოვრის გვერდით მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყოველ წამს. ქრისტესთვის მსხვერპლშეწირვის არსში წვდომის მისტიკურ-საღვთისმეტყველო გააზრება მიეცა მას, როგორც სულიწმინდის უდიდესი მადლი.
როგორ ხედავდა პავლე საკუთარ თავს ამ შეუფასებელი მადლის მიღებისას? ის ხედავდა სავლეს, რომელმაც პირველმოწამე სტეფანეს მკვლელობას დაუჭირა მხარი. ის ხედავდა საკუთარ თავს მუქარით აღვსებულს უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, რომელსაც მათი სისხლი სწყუროდა. იმ უდიდესმა კონტრასტმა, თუ ვინ გახდა პავლე და ვინ იყო სავლე, ის იმდენად დაამდაბლა, რომ უპირველესი მოციქული თავს თვლიდა მოციქულთა შორის უმცირესად, რომელიც მოციქულად წოდების ღირსიც არ იყო. მაგრამ მას ასევე ესმოდა, რომ ის გარკვეული ილუსტრაცია გახდა, რომლითაც ღმერთმა აჩვენა, რომ არ არსებობს ისეთი უფსკრული, საიდანაც მას არ შეეძლოს ადამიანის ამოყვანა.
არა გამალიელის ფერხთით მიღებულმა განათლებამ, არა წიგნიერებამ და ერუდიციამ გახადეს პავლე უპირველეს მოციქულად, არამედ უდიდესმა მორჩილებამ და ღვთის მადლმა.
დუმილის ღვთისმეტყველება
პავლე მოციქულის ეპისტოლეების გაგება არა მარტო ჩვენთვის, არამე მისი თანამედროვეებისთვისაც რთული იყო. ხშირად ისინი უსისტემოდ შედგენილები გვეჩვენება, უფრო ჩანაწერების, ესკიზების, მონახაზების სახით დაუსრულებელ საღვთისმეტყველო ტილოზე. იქნებ მოციქული მართლაც ელოდა, როგორც ის თავის ეპისტოლეებში წერს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა უახლოეს დროს მოხდება და ამიტომ არ ზრუნავდა სახარებისეული გამოცხადების სისტემატიზირებაზე.
მაგრამ იქნებ საქმე სულ სხვა რამეში მდგომარეობს. ის, რისი გაგებაც გონებით შეუძლებელია, გულით შეიგრძნობა, სულიერი ცხოვრების პრაქტიკით.
ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას ღმერთის შესახებ საუბრისკენ კი არ მივყავართ, არამედ - დუმილამდე ღვთის წინაშე. ის, ვინც იმეცნებს ღმერთს - დუმს. ვინც ლოცულობს, მისთვის უმჯობესია ღმერთს სიჩუმეში უსმინოს და არა ისაუბროს მასზე.
“სიტყვა - აწმყოს იარაღია, ხოლო დუმილი - მომავალი ცხოვრების საიდუმლო,“ - გვმოძღვრავს ისააკ ასური. ჩვენი ენა მუნჯია, მასში არ არის სიტყვები, რომლებსაც ძალუძს ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების გადმოცემა. ჩვენი ეგრეთ წოდებული ღვთისმეტყველების ცოდნა მხოლოდ ტერიტორიის აღმნიშვნელი რუკაა და არა თავად ტერიტორია. კი, ის მნიშვნელოვანია, როგორც მნიშვნელოვანია ჯოხი ბრმა ადამიანისთვის: ის საშუალებას იძლევა, რომ არ დაეცე და არ გადაუხვიო გზას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჯოხის საშუალებით უსინათლო ადამიანი ხედავს სამყაროს. ის მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლაში ეხმარება მას.
„მართლმადიდებლურ ინტერნეტში“ გამრავლდა „მოლაპარაკე თავები“, რომლებიც პასუხობენ ყველა კითხვას და „ყოლიფერი“ იციან ღმერთის შესახებ - ეს კი წიგნიერი ღვთისმეტყველების დეგრადაციის პირდაპირი ნიშანია. ის რომ მართლა ვითარდებოდეს, სარგებელი მოჰქონდეს, მაშინ ჩვენში უფრო მეტი მდუმარე იქნებოდა, იმიტომ რომ მათ ლოცვით გაიგეს გემო მდუმარებისა და უაზრობისა. და არ იქნებოდა ამდენი ადამიანი, ვინც უსასრულოდ ლაპარაკობს ღმერთზე, თუმცა არ იცნობს მას და არ იქნებოდა ამდენი მსმენელი, ვისაც შეუძლია უსასრულოდ დიდხანს უსმინოს ამ მოლაყბეებს.
პეტრე მოციქული
პეტრე მოციქული ნაკლებად ჰგავდა პავლეს. ის უბრალო მეთევზე იყო. ალბათ მან წერა-კითხვაც კი არ იცოდა. უბრალო და უწიგნური ადამიანი იყო. თუმცა, როგორც ჩანს მისი ქადაგებებიდან სამოციქულო წიგნში და მისი ეპისტოლეებიდან, რომლებსაც იწერდნენ, პავლე მოციქული თავისუფლად ფლობდა ზეპირ მეტყველებას და მას დამაჯერებელი საუბარი შეეძლო. პეტრეს ჰყავდა ცოლი, ხოლო ევსევი კესარიელი აღნიშნავს, რომ მას შვილებიც ჰყავდა.
პეტრეს ჰქონდა იმპულსური ხასიათი, მწვავე და ემოციური. ის მართლაც არ დაფიქრდებოდა და სიცოცხლეს შესწირავდა ქრისტეს, ამის საჭიროება რომ ყოფილიყო.
მაგრამ უფალმა გეთსიმანიის ბაღში მას ხმლის ქარქაშში ჩაგება უბრძანა, ხოლო ამის შემდეგ პეტრემ სხვა მოწაფეებთან ერთად ღამის წყვდიადში გაუჩინარება ამჯობინა.
შემდეგ კი მოხდა ის, რაც ჩვენი აზრით ქრისტეს მიერ საკმაოდ უცნაურად იყო შეფასებული. შეიძლება მოღალატე უწოდო მზვერავს, რომელიც ჩუმად იპარება მტრის ბანაკში და სხვებისთვის „თავისიანად“ წარადგენს თავს? ის იმალება და ყველა შემხვედრს ეუბნება: „არა, მე არ ვარ მასთან, ვინც შეიპყარით, მე თქვენთან ვარ, თქვენიანი ვარ“. პეტრეს ზრახვები ნათელია - მას სურს დაზვეროს, რა ხდება მისი მეგობრისა და მოძღვრის თავს, იქნებ კიდევ შესაძლებელი იყოს შველა? მაგრამ, აი, სამჯერ იყივლა მამალმა და პეტრეს ახსენდება ქრისტეს სიტყვები, რომელიც აფრთხილებდა, რომ ის უარყოფს თავის მოძღვარს. პეტრეს ესმის - მან უარყო ის და არაერთხელ. უღალატა. ამის გამო მის სულში გაჩნდა რაღაც ბზარი, ის გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა.
„ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები“ - ამბობს უფალი ესაია წინასწარმეტყველის მიერ (ეს. 55:8). იმას, რაც ჩვენ მართებულად მიგვაჩნია, ღმერთი სხვა შეფასებას აძლევს.
პეტრეს მიერ ქრისტეს უარყოფა ჩვენთვის წარმოადგენს იმის საბაბს, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე დავფიქრდეთ. გამოდის, რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვჩუმდებით იქ, სადაც უნდა ვთქვათ, ღალატია? ყოველთვის, როდესაც ვთვლით, რომ არ უნდა გამოვჩნდეთ და ხალხში შევერიოთ, უცხოებისთვის შინაური გავხდეთ - ესეც ღალატია? ყოველთვის, როდესაც ვთვლით, რომ „არ ღირს“, „ნუ გავამწვავებთ“, არ ვიმჩნევთ ან ვცხოვრობთ ჩვეულებრივად, როგორც სხვები - ესეც ღალატია? თუ ასეა, მაშინ უნდა ვიტიროთ უფრო მეტად და ხშირად, ვიდრე ტიროდა პეტრე.
გიყვარვარ მე?
პეტრეს სინანულმა და მორჩილებამ, რაც მის მიერ უარყოფას მოყვა, ღვთის მადლით ის უპირველეს მოციქულად აქცია. თავისი აღდგომის შემდეგ ქრისტე სამ კითხვას უსვამს პეტრეს. ის ორჯერ ეკითხება მას: „სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ მე (აგაპას მე)?“ - იხმარება ზმნა, რომელიც აღნიშნავს უმაღლესი დონის სიყვარულს. პეტრე თავისი დაცემის მერე ვერასდროს ვერ ბედავდა პრეტენზია ჰქონოდა ასეთ სიმაღლეზე, ის პასუხობს: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ (ფილოსე)“ - იხმარება სიტყვა, რომელიც გულითად, მეგობრულ გრძნობას გამოხატავს.
და მხოლოდ მესამედ უფალი, რომელმაც თავი დაიმდაბლა მწუხარე მოწაფის დონემდე, პეტრეს სიტყვებით ეკითხება მას: „სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? (ფილეის მე)?“. და მესამედ პასუხობს პეტრე: „უფალო, შენ ყველაფერი იცი; იცი, რომ მიყვარხარ (ფილო სე)“.
„აძოვე ჩემი ცხვრები“, - ეუბნება მას მაცხოვარი. სწორედ ასეთი - მწუხარე, მორჩილი, მაგრამ გულწრფელი და გულითადი სიყვარული აძლევს მღვდელს უფლებას და გამბედაობას ემსახუროს ღმერთს არა როგორც დაქირავებულმა, არამედ როგორც კეთილმა მწყემსმა, რომელიც მზად არის სული შესწიროს თავის სამწყსოს.
პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე
პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.
ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე
იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.
თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?
ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.
მრისხანების დამღუპველი ვნება
მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.
მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე
მართალი ანას პიროვნება წარმოადგენს საზღვარს ძველსა და ახალ აღთქმას შორის. იგი არის სიმბოლო საუკუნოვანი მოთმინებისა, გულმხურვალე ლოცვისა და უსაზღვრო სასოებისა.
საეკლესიო ტრადიცია გარდაცვლილი ადამიანის ტაძარში დასვენების შესახებ
თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკლესიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ აქტუ-ალობას იძენს დაკრძალვისწინა რიტუალის ორგანიზება, კერძოდ - მიცვალებულის ტაძარში დასვენების პრაქტიკა.