მიტროპოლიტ შიოს ქადაგება დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო. ფოტო: ღია წყარო

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო. ფოტო: ღია წყარო

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას. ჩვენ ვფიქრობთ წმინდა გიორგიზე, როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის დიდ მცველსა და მფარველზე. მის შესახებ ბევრი რამ საიდუმლოებით არის მოცული, ამიტომ რთულია, სრულად აღვიქვათ მისი ცხოვრება.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან იყო ბრძოლა ურჩხულთან. არავინ იცის, რა იყო ეს ურჩხული, რა მხეცი იყო, მაგრამ, ცხადია, ეს იყო ბოროტების გამოვლინება, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ადამიანებს, ავნებდა ყველას, ვინც მას შეხვდებოდა. და აი, წმინდა გიორგიმ ეს ბოროტება დაამარცხა.

ეს სიუჟეტი ხშირად გამოისახება იკონოგრაფიაში; მათ შორის, მოიაზრება, როგორც სიკეთის, სიწმინდის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა გიორგი გახდა მორწმუნე მხედრების, ჯარისკაცების, მეომრების მფარველი.

ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ფიცს დებენ, ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ღვთის წინაშეც, რომ იქნებიან სიკეთის დამცველები, სამშობლოს დამცველები და შეებრძოლებიან ბოროტებას. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ქართული მხედრობის მისიაც სწორედ ეს იყო: ჩვენი ხალხის დაცვა, სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა.

ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად ებრძოდნენ მტერს, იგერიებდნენ მტრების შემოსევებს, რომლებიც ემუქრებოდნენ საქართველოს და ჩვენს ეკლესიას განადგურებით. ამ ბრძოლებში ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ, მაგრამ როცა ვერ იმარჯვებდნენ, მაშინაც ახერხებდნენ გადარჩენას. ამას მივაწერთ არა მხოლოდ ჩვენი მეფეების, მხედართმთავრების, თავდადებული ხალხის სიბრძნესა და წარმატებებს, არამედ, პირველ ყოვლისა, მივაწერთ ღვთის შეწევნას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას.

თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა, გვახსოვდეს მადლიერებით და ვაფასებდეთ, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ. თუნდაც, გავიხსენოთ XX საუკუნე, ათეისტური ხელისუფლების პერიოდი, რასაც მოჰყვა სასტიკი დევნა, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი, ტაძრების ნგრევა, სიწმინდეების შეურაცხყოფა და ა. შ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, შეგვეწიოს წმინდა გიორგი, რომ ჩვენი ისტორიიდან გამოვიტანოთ მართებული დასკვნები და ვისწავლოთ გაკვეთილები, რომლებსაც გვაძლევს ისტორია. უპირველესი, უმთავრესი გაკვეთილი არის ის, რომ დღეს ცოცხლები ვართ, რომ დღემდე მოვედით და ვიცოცხლებთ მანამ, სანამ გვექნება რწმენა, ქრისტეს ეკლესიის ერთგულება და სანამ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მოვაწყობთ ღმერთის მიერ მოცემული კანონებით.

დღეს აღვნიშნავთ კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას. 21 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 23 ნოემბერს იკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეს დიდებული საკათედრო ტაძარი, სადაც ვიმყოფებით.

მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით, გულითადად მივულოცო გიორგობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევა მან ინება სწორედ გიორგობა დღეს.

მადლობა ვუთხრათ მის უწმინდესობას და უნეტარესობას მისი დიდი მამობრივი ღვაწლისთვის, სიყვარულისთვის; წმინდა გიორგი ყოფილიყოს მისი შემწე და მისი ლოცვით, უფალმა მიმადლოს მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.

დღეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კვეკვესკირებს, ლუკავებს და წიფურიებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და წმინდა გიორგი იყოს თქვენი გვარების და ოჯახების შემწე. ამინ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიო: ჯვრის ძალა და სიყვარულის გზაზე ყოფნა.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.