საფრანგეთის ქალაქებში ღვთისმსახურბები აღევლინა
4–6 სექტემბერს რენესა და ანჟეში, საღამოს ღვთისმსახურება და საღვთო ლიტურგიები აღესრულა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის, ლოცვა-კურთხევით, 4–6 სექტემბერს ქალაქ რენესა და ქალაქ ანჟეში საღამოს ღვთისმსახურება და საღვთო ლიტურგიები აღესრულა. ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებდა.
ეს დღეები განსაკუთრებული მადლითა და სულიერი სიხარულით აღივსო მთ. ანგელოზ გაბრიელისა და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოებისთვის. მრევლი ერთსულოვნად შეიკრიბა უფლის ტაძრებში, რათა საერთო ლოცვითა და ქრისტესმიერი სიყვარულით განემტკიცებინა სულიერი ერთობა.
ღვთისმსახურებათა დასრულების შემდეგ მრევლის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოძღვართან პირადი სულიერი საუბრისა და აღსარებისათვის.
აღნიშნული შეხვედრები მორწმუნეთათვის განსაკუთრებული სიხარულისა და მადლიერების მიზეზი გახდა. დღეები კი საერთო ლოცვით, ურთიერთსიყვარულითა და ეკლესიური ერთობის განცდით დასრულდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნანტში წმინდა შუშანიკის სახელობის სამრევლოში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.