საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან მერვე კვირას

27 ივლისი 15:45
279
საქართველოს პატრიარქი შიო მესამე საქართველოს პატრიარქი შიო მესამე

პატრიარქმა მორწმუნეებს რწმენის, ღვთის ლოცვა-კურთხევისა და უფლისადმი ნდობის მნიშვნელობაზე მიმართა.

სულთმოფენობიდან მერვე კვირას, მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა. ქადაგების მთავარი თემა იყო სახარებაში აღწერილი უფალ იესო ქრისტეს მიერ ხუთი ათასი ადამიანის სასწაულებრივი დაპურება, რომლის მაგალითზეც პატრიარქმა რწმენის ძალასა და ღვთის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს წაკითხული სახარება გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ღვთის ლოცვა-კურთხევასა და რწმენას. მოციქულებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ხუთი პურითა და ორი თევზით შეიძლებოდა ათასობით ადამიანის დაპურება, მაგრამ უფალმა მათ საკუთარი თვალით დაანახვა, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე, წარმატება და ნაყოფი.“

პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღევანდელი სახარება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას გვახსენებს – ღმერთი არასოდეს უგულებელყოფს ადამიანის მცირედ შესაძლებლობას, შრომასა და შესაწირავს.

„არასოდეს უნდა დავბრკოლდეთ იმის გამო, რომ ჩვენი შესაძლებლობები მცირე გვგონია. იქნება ეს ჩვენი შრომა, ღვაწლი, ნიჭი თუ შესაძლებლობა, თუ მას უფალს რწმენითა და სიყვარულით შევწირავთ, ის აუცილებლად გაამრავლებს, როგორც ხუთი პური და ორი თევზი გაამრავლა და ათასობით ადამიანი დააპურა.“

ქადაგებისას შიო III-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რწმენის ძალაზე და მორწმუნეებს მოუწოდა, არასოდეს დაკარგონ ღვთისადმი ნდობა.

„ჩვენთვის რწმენა არის ის ძალა და საყრდენი, რომელიც ყოველ განსაცდელში გაგვამხნევებს. მაცხოვარი ამბობდა: „თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ“. ეს ნიშნავს, რომ როგორი რწმენაც გვაქვს, ღვთის წყალობაც ამის შესაბამისად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ მინდა, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს.“

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მოციქულების სიტყვებიც გაიხსენა – „გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოება“ – და აღნიშნა, რომ სწორედ ეს უნდა იყოს ყოველი ქრისტიანის ყოველდღიური ლოცვა.

„ჩვენც უნდა ვთხოვოთ უფალს, გაგვიძლიეროს და გაგვიმრავლოს რწმენა, რათა მისი მადლით, მთავარანგელოზ გაბრიელისა და ყოველთა უხორცოთა ძალთა მეოხებით, გავხდეთ ნამდვილი და გულწრფელი ქრისტიანები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. დღეს განსაკუთრებულად ვლოცავ მეფარიშვილებისა და ბაჯაძეების გვარებს. ღმერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გიმრავლოთ რწმენა, სიხარული და ბარაქა თქვენს ოჯახებში.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაზიანებულია შლაგბაუმი და ჭიშკარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ