მიტროპოლიტი ანდრია: „ნებისმიერ ეტაპზე არ დაკარგოთ ქრისტესკენ მისწრაფება“
მიტროპოლიტმა ანდრიამ თომა მოციქულის მაგალითზე რწმენის, სინანულისა და განკითხვის საფრთხის შესახებ იქადაგა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა.
„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ მოვლენას, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთად შეკრებილ მოციქულებს გამოეცხადა. პირველ შეხვედრას წმინდა მოციქული თომა არ ესწრებოდა და ეს, როგორც წმინდა წერილის განმარტებლები ბრძანებენ, განგებულებითი იყო,“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, თომა მოციქულის სიტყვები არ უნდა აღვიქვათ, როგორც ურწმუნოება.
„თომას ეჭვი ქრისტეს მიმართ არ ჰქონია. მისი ეჭვი იყო მოწაფეების სიტყვის მიმართ. ეს არ არის ურწმუნოების სიტყვა, ეს არის გულდაწყვეტილი ადამიანის სიტყვა, რომელსაც მისთვის საყვარელ და სანუკვარ ადამიანთან შეხვედრა ვერ მოესწრო. ამიტომაც თქვა, რომ ვიდრე თავად არ იხილავდა, ვერ დაიჯერებდა,“ – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მიტროპოლიტის თქმით, როდესაც ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს და თომას საკუთარი ჭრილობების ხილვისკენ მოუწოდა, მოციქულს შეხებაც კი აღარ დასჭირვებია.
„თომა მოციქულს აღარ დასჭირვებია მტკიცებულება. მან იმწამსვე აღიარა ქრისტე და თქვა: 'უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!' სწორედ ეს არის მისი რწმენის სიძლიერე,“ – აღნიშნა მან.
ქადაგებისას მეუფე ანდრიამ ყურადღება გაამახვილა იმ განსხვავებაზე, რომელიც გულწრფელ სულიერ ძიებასა და ცინიზმითა და განკითხვით გამოწვეულ ეჭვს შორის არსებობს.
„უნდა განვასხვავოთ თომა მოციქულის მდგომარეობა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყველაფერს ეჭვითა და განკითხვით უყურებენ. თომას გულში ქრისტეს სიყვარული იყო, ხოლო სულიერი გაცივების დროს ადამიანი ყველაფერში მხოლოდ ნაკლის დანახვას იწყებს,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, ეკლესიურ ცხოვრებაში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, თითქოს ყველაფერს მხოლოდ კრიტიკული თვალით უნდა შეხედონ.
„ასეთი დამოკიდებულების უკან ხშირად ადამიანის სისუსტე დგას. თავიდან ეს შეიძლება მხოლოდ განკითხვა იყოს, მაგრამ თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ბოროტი სული ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. იგი ადამიანს უსიყვარულობასა და განკითხვაში ამყოფებს, რადგან თავად არის ტყუილის მამა,“ – აღნიშნა მეუფემ.
მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ თომა მოციქულის „ურწმუნოდ“ მოხსენიება არასწორია.
„ჩვენ ზოგჯერ ძალიან იოლად ვამბობთ – 'ურწმუნო თომა'. მინდა გითხრათ, რომ თომა არ იყო ურწმუნო. იგი იყო ქრისტეს ერთგული მოწაფე, რომელიც მზად იყო, უფალთან ერთად სიკვდილამდეც კი წასულიყო. სწორედ ამიტომ არ უნდა შევაფასოთ მისი სიტყვები ზედაპირულად,“ – განაცხადა მან.
ქადაგებისას მეუფე ანდრიამ პეტრე მოციქულისა და იუდა ისკარიოტელის მაგალითებიც შეადარა.
„პეტრემ ქრისტე უარყო, მაგრამ სინანული აირჩია და ქრისტეს დაუბრუნდა. იუდამ კი სასოწარკვეთილება აირჩია. სწორედ სინანული განასხვავებს ადამიანს სულიერი დაღუპვისგან. როდესაც ადამიანი ქრისტესთან ბრუნდება, უფალი ყოველთვის პატიობს და აძლევს ძალას, თავიდან დაიწყოს,“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ქადაგების დასასრულს მეუფე ანდრიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე არ დაკარგონ ქრისტესკენ მისწრაფება.
„ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება იყოს ეჭვის, სულიერი გაცივებისა და სისუსტის პერიოდები, მაგრამ თუ ჩვენს გულში ქრისტესთან ყოფნის სურვილი ღვივის, ქრისტე ყოველთვის მზად არის, რომ მიგვიღოს. ის გვიღებს ჩვენი უძლურებისა და სისუსტეების მიუხედავად, გვაძლიერებს და ცხოვნების გზაზე გვამტკიცებს. ამიტომ ყოველთვის გულში და ჩვენს აზრებში ვიქონიოთ ქრისტე და მისკენ მისწრაფება,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დალოცა.