გიორგი მიქაუტაძემ მადრიდში საქველმოქმედო შეხვედრა გამართა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით გამართულ ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა საქართველოში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდება.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე იყო.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი თანამემამულეებს შეხვდა და მის მიერ ხელმოწერილი მაისურების საშუალებით საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ავტოგრაფიანი მაისურების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად გადაირიცხება საქართველოში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.
აღსანიშნავია, რომ ეს გიორგის უკვე მეორე მსგავსი საქველმოქმედო შეხვედრაა პარიზის შემდეგ. როგორც თავად აღნიშნა, მომავალში ანალოგიური ღონისძიების გამართვას ბარსელონაშიც გეგმავს.
ღონისძიების ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს გიორგი მიქაუტაძეს კეთილი საქმის მხარდაჭერისთვის, არქიმანდრიტ პიროს (გოცირიძეს) იდეისა და ორგანიზებისთვის, საქართველოს საელჩოს მაისურების საქართველოდან ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც საქველმოქმედო ინიციატივაში მონაწილეობა მიიღო.
ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება სპორტსმენმა საკუთარი პოპულარობა და შესაძლებლობები საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების მხარდასაჭერად გამოიყენოს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პრაღაში წმინდა გაბრიელისა და ღვთისმშობლის წილხვედრობის ხატები წმინდა ნაწილებთან ერთად ჩამოაბრძანეს.