დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდა
შეხვედრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების დაცვა, რელიგიური თავისუფლება და წმინდა მიწაზე ღვთისმსახურების შეუფერხებელი უზრუნველყოფა იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III მიიღო. დაახლოებით 40-წუთიანი შეხვედრის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების უსაფრთხოება, რელიგიური თავისუფლების დაცვა და წმინდა მიწაზე ღვთისმსახურების თავისუფალი განხორციელება იყო.
შეხვედრა რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე გაიმართა, როდესაც ლიბანის, სირიისა და წმინდა მიწის ქრისტიანული თემები სხვადასხვა გამოწვევისა და უსაფრთხოების რისკის წინაშე დგანან.
პატრიარქმა თეოფილე III-მ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობის გამო და აღნიშნა, რომ მათი დაცვა მხოლოდ რელიგიური საკითხი არ არის, არამედ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანაარსებობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული თემები ბოლო წლებში არასტაბილურობის, მზარდი მუქარებისა და ზეწოლის მძიმე რეალობის წინაშე დგანან. ისინი ითხოვენ შესაძლებლობას, უსაფრთხოდ იცხოვრონ, შეინარჩუნონ საკუთარი რწმენა და ისარგებლონ ღვთისმსახურების თავისუფლებით“, — აღნიშნულია იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებაში.
შეხვედრის ფარგლებში პატრიარქმა თეოფილე III-მ დონალდ ტრამპს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო — უფლის საფლავის ჯვაროსანთა ორდენის „დიდი ჯვაროსნის“ წოდება მიანიჭა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა პატრიარქსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობის გაგრძელებაა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს იყო 2017 წელს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში გამართული შეხვედრის გაგრძელება.
იერუსალიმის ბერძნულ-მართლმადიდებლური საპატრიარქო მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ინსტიტუტად მიიჩნევა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წმინდა მიწაზე არსებული ქრისტიანული სიწმინდეების, მათ შორის იერუსალიმის აღდგომის ტაძრისა და ბეთლემის შობის ტაძრის დაცვასა და მოვლაში. პატრიარქი თეოფილე III საპატრიარქო ტახტს 2005 წლიდან იკავებს და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და საეკლესიო მნიშვნელობის ღონისძიებებში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, მიტროპოლიტი ტიქიკოსი პაფოსის ეპარქიის შენობიდან გამოასახლეს.