მცხეთის ჯვრის დღესასწაულზე მონასტერს უამრავი მომლოცველი და ტურისტი ეწვია
3 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავს — ისტორიულ სავანეში მომლოცველთა და უცხოელი ვიზიტორების ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება.
მცხეთის ჯვრის მონასტერში, რომელიც ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, დღესასწაულთან დაკავშირებით განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. მონასტერს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მორწმუნეები, ასევე მრავალი უცხოელი ტურისტი სტუმრობს.
მომლოცველები ტაძარში ლოცვებს აღავლენენ და მცხეთის ჯვრის დღესასწაულს აღნიშნავენ, ხოლო უცხოელი ვიზიტორები აღფრთოვანებას ვერ მალავენ მონასტრის არქიტექტურით, ისტორიული მნიშვნელობითა და იმ უნიკალური ხედებით, რომლებიც მცხეთისა და მტკვარ-არაგვის შესართავისკენ იშლება.
ჯვრის მონასტერი VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. საუკუნეების განმავლობაში იგი ქართველთა სულიერებისა და ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ რჩება.
დღესასწაულთან დაკავშირებით მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურებაც აღევლინა, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად მრავალი მორწმუნე მონაწილეობდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ლომისობის დღესასწაულია.