თსუ-ში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
მინისტრმა გივი მიქანაძემ დიდი მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრა და მისი მემკვიდრეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი სახელმწიფოს შენებას, რომელიც საკუთარ უნიკალურ კულტურასა და ისტორიაზე დაყრდნობით მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მსოფლიო ცივილიზაციაში.
„ივანე ჯავახიშვილი იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი და სანიმუშო მოქალაქე, რომელიც აქტიურად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მისმა დაუღალავმა შრომამ შექმნა საფუძველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებისა და მეცნიერების განვითარებისათვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო, საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე დავით გურგენიძე და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები, რომლებმაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში უახლესი კვლევები წარმოადგინეს.
კონფერენციის დაწყებამდე გივი მიქანაძემ და დამსწრეებმა ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს, ასევე გაიხსნა მისი ბიუსტი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი გაიმართა ფილმის – „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება.
იუბილეს ფარგლებში თსუ-ის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში მოეწყო მეცნიერის მემორიალური ნივთების, ხელნაწერებისა და წიგნების გამოფენა, წარმოდგენილი იყო მისი თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი და დაჯილდოვდნენ კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ღონისძიებები გაგრძელდება და მოიცავს ივანე ჯავახიშვილის მონეტის, საფოსტო მარკის პრეზენტაციასა და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია ქვაბტახევის მონასტერში წამებულებს მოიხსენებს.