სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ვრცელი ქადაგება მიცვალებულთა ხსენების დღეს

22 აპრილი 10:30
216
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ფოტო: საზუ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. ფოტო: საზუ

მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა ქრისტეს აღდგომის სიხარულზე, მიცვალებულთა მოხსენიების ეკლესიურ ტრადიციაზე და პატრიარქ ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობაზე.

თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ვრცელი ქადაგებით მიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე, გარდაცვლილთა მოხსენიების ტრადიციასა და ლოცვის სულიერ არსზე.

ქადაგება დაიწყო ტრადიციული ლოცვითი მიმართვით და მორწმუნეთა შეკრების მიზნის განმარტებით:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ... დღეს შევიკრიბეთ, რომ მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები, ჩვენი ახლობლები და განსაკუთრებით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.“

მიტროპოლიტმა შიომ განმარტა, რომ ქრისტიანული სწავლებით სიკვდილი არ არის დასასრული და ადამიანი არ ქრება, არამედ გადადის მარადიულ ცხოვრებაში:
„უფალმა იესო ქრისტემ სადუკეველებს... უთხრა: „ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა.“ ჩვენ გვწამს, რომ სიკვდილის შედეგად ადამიანი არ ქრება, არამედ გადადის სხვა, მარადიულ სამყაროში...“

მისი თქმით, სწორედ ეს რწმენა არის საფუძველი იმისა, რომ ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მიცვალებულთა მოხსენიებას და მათთვის ლოცვას. მორწმუნეები არა მხოლოდ იხსენებენ გარდაცვლილებს, არამედ მათთან სულიერ კავშირსაც ინარჩუნებენ.

ქადაგებაში დეტალურად აიხსნა, რატომ იწყება მიცვალებულთა განსაკუთრებული მოხსენიება თომას კვირის სამშაბათიდან. მიტროპოლიტის თქმით, ბრწყინვალე შვიდეული მთლიანად აღდგომის სიხარულს ეძღვნება და ამ პერიოდში სამგლოვიარო ელემენტები არ შეინიშნება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ეკლესია „ჩქარობს“ მიცვალებულებს აუწყოს აღდგომის სიხარული:
„უკვე თომას კვირის მეორე დღიდანვე ეკლესია ჩქარობს, რომ მიცვალებულებს ახაროს ქრისტეს აღდგომის შესახებ... რადგან სწორედ ეს სიხარული ახარა უფალმა იესო ქრისტემ... როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და ახარა მიცვალებულებს გამოხსნა მათი სულებისა და სიკვდილის დამარცხება.“

მიტროპოლიტმა ასევე მოიხმო წმინდა მამათა სწავლება და განმარტებები, მათ შორის იოანე ოქროპირისა და ამბროსი მედიოლანელის, რომლებიც ხსნიან ამ დღის ეკლესიურ მნიშვნელობასა და ტრადიციის საფუძველს. აღინიშნა, რომ სწორედ ამ დღიდან მორწმუნეები ტრადიციულად გადიან სასაფლაოებზე, იხსენიებენ გარდაცვლილებს და მათთან ერთად ზეიმობენ აღდგომის სიხარულს.

ქადაგებაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას. მიტროპოლიტმა შიომ ხაზი გაუსვა მის სულიერ ღვაწლსა და იმ გამორჩეულ თვისებას, რომელიც მის დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა მიცვალებულთა მიმართ:
„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ... როგორი ცოცხალი დამოკიდებულება ჰქონდა და როგორ გვასწავლიდა ამ ყველაფერს ჩვენ.“

მისი თქმით, პატრიარქის ეს დამოკიდებულება მაგალითია მომავალი თაობებისთვისაც, თუ როგორ უნდა პატივი მიაგონ წინაპრებს, ეკლესიის მოღვაწეებსა და გარდაცვლილ ახლობლებს.

ქადაგებაში ასევე აღინიშნა, რომ ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, მიცვალებულთა მოხსენიებასთან ერთად გააძლიერონ ქველმოქმედება და მოწყალება, რაც ლოცვას უფრო სრულყოფილს ხდის და სულიერ მნიშვნელობას მატებს.

დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიცვალებულთათვის ლოცვა სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, არამედ თავად მლოცველთათვისაც:
„მიცვალებულებისთვის ლოცვა... ჩვენთვისაც სასარგებლოა... იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე... და უფრო მეტად გვინდება, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა.“

ქადაგება დასრულდა აღდგომის საზეიმო მიმართვითა და ლოცვით:
„ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კვირაცხოვლობას მიტროპოლიტმა იობმა ქარელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ