37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
37 წელი გავიდა საბჭოთა არმიის სამხედროების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.დარბევის ოპერაციის ხელმძღვანელი იყო რუსი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მომიტინგეებს მიმართა, დალოცა ისინი და სთხოვა დაშლილიყვნენ და ტაძარში წასულიყვნენ. თავისუფლების ჟინით ანთებული მომიტინგეები არ დაშლილან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმში იწყება ფეხბანვის რიტუალი.