ღირსი სერაფიმე ვირიცელი

3 აპრილი 08:39
126
ღირსი სერაფიმე ვირიცელი. ფოტო: ღია წყარო ღირსი სერაფიმე ვირიცელი. ფოტო: ღია წყარო

3 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი სერაფიმე ვირიცელის ხსენებას აღასულებს. 

1866 წელს იაროსლავის მაზრაში, გლეხ ნიკოლოზ და ქიონია მურავეევების ოჯახში, დაიბადა ვაჟი ვასილი. ბიჭი ათი წლისა იყო, მამა ჭლექით რომ მოუკვდა. კეთილმა მეზობელმა ობოლი პეტერბურგში წაიყვანა და სავაჭრო დუქანში მოაწყო სამუშაოდ. აქ ბევრი მისი თანამემამულე მუშაობდა და საქმე აწყობილი ჰქონდათ. ბიჭის გულში ერთი ოცნება კიაფობდა - როგორმე მონასტერში წასულიყო. სცადა კიდეც ბედი, უფროსს დაეთხოვა და წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში წავიდა. წინამძღვარი არ დახვდა და ცნობილ სქემმონაზონთან მივიდა სასაუბროდ. ღირსმა მამამ დაარიგა: - დარჩი სოფელში, შექმენი კარგი ქრისტიანული ოჯახი, აღზარდე შვილები და ამის შემდეგღა მიუძღვენით შენ და შენმა მეუღლემ თავი უფალსო. თავმდაბალმა და მორჩილმა ბიჭმა ბერის პასუხი ღვთის პასუხად მიიღო და მუშაობა გააგრძელა. მარტოდმარტომ შეისწავლა წერა-კითხვა, ნიჭიერ ყმაწვილს ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. 16 წლისა უმცროს მოურავად დანიშნეს, ერთი წლის შემდეგ უფროს მოურავად, ეს კი ბატონის მოადგილეობას ნიშნავდა. ვასილი მთელ ხელფასს სოფელში დედას უგზავნიდა.

მის მომავალ მეუღლეს სიყრმიდანვე მონაზვნობა სურდა. ერთხელ ნათესავებმა ივერიის დედათა მონასტერში, ღირს პელაგიასთან წაიყვანეს. წმინდა დედამ ოლღას ურჩია, გათხოვდი და მხოლოდ შემდგომ წადი მონასტერში მეუღლესათან ერთადო. ქალიშვილიც დაემორჩილა ღვთის ნებას და 1890 წელს ცოლად გაჰყვა ვასილი მურავეევს. ბატონმა ვასილის საკმაოდ დიდი ფული მისცა კერძო საქმიანობის დასაწყებად. მან ბეწვეულის დამზადებას მიჰყო ხელი. ვაჭრობა კარგად წაუვიდა, მისი ნაწარმი მრავალ ევროპულ  ქალაქში იყიდებოდა. უკვე მილიონერი გახდა, მაგრამ არ დავიწყებია ბერის კურთხევა. უამრავ სიკეთეს აკეთებდა, მოწყალებას გასცემდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა. შემოსავლის დიდ ნაწილს ეკლესია-მონასტრებს სწირავდა.

მურავეევის ოჯახს ჯერ ვაჟი შეეძინა, შემდეგ - ქალიშვილი, რომელიც წლისთავზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და-ძმასავით ცხოვრობდა. სულიერად ოჯახს წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი განამხნევებდა. კომერციული საქმეების გამო ვასილი ხშირად მოგზაურობდა უცხოეთში. ამბობენ, საზღვარგარეთ უკანასკნელად ყოფნისას ათონის მთა მოილოცა და იქ გაუჩნდა მძაფრი სურვილი ბერული ცხოვრებისაო. ამ სოფლის სამუდამოდ დატოვებაში ერთი შემთხვევა დაეხმარა: უცხოეთიდან დაბრუნებული ეტლით შინ მიდიოდა. ზამთარი იდგა. ერთგან ქვაფენილზე ჩამომჯდარი ჩამოძონძილი გლეხი დაინახა, რომელიც გაიძახოდა: „არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებს“. ვასილიმ გამოჰკითხა. თურმე საცოდავს სოფელში ტიფით დაავადებული მამა, ცოლი და შვიდი შვილი ელოდებოდა. მეზობლები მათ შიშით ვერ ეკარებოდნენ. მამამ ურჩია: ცხენი გაყიდე და ძროხა იყიდე, იქნებ ამით როგორმე გავიტანოთ თავიო. კაცს ცხენი გაეყიდა, მაგრამ ფული ავაზაკებს წაერთმიათ. შინ ხელცარიელ დაბრუნებას ქუჩაში შიმშილით სიკვდილი მირჩევნიაო, უფიქრია... ვასილიმ გლეხი ბაზარში წაიყვანა, უყიდა ორი ცხენი, ურემი, დატვირთა პროდუქტებით, უკან ძროხაც გამოაბა, დასვა ურემზე და ხელში აღვირი მისცა. საცოდავი კაცი თვალებს არ უჯერებდა და საჩუქარზე უარს ამბობდა. ვასილიმ უთხრა: - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთს სურსო.

შინ დაბრუნებულმა ვასილიმ, სანამ მეუღლესთან შევიდოდა, დალაქი იხმო. მან სთხოვა ბატონს, სავარძელში ჩამჯდარიყო, ვასილი კი აღელვებული ბოლთას სცემდა და გაიძახოდა, - არა როგორც შენ გინდა, არამედ როგორც ღმერთი ინებებსო. უეცრად დალაქი მის წინაშე მუხლებზე დაემხო: - ბატონო, როგორ გაიგეთ ჩემი, ცოდვილის განზრახვაო. და აღიარა, რომ ვასილის მოკვლას და გაძარცვას უპირებდა. ვასილიმ მას ქალაქის დატოვება უბრძანა, თვითონ კი ქონების დიდი ნაწილი დაარიგა, ბევრი მონასტრებს შესწირა. ამგვარ ამბებსაც ჰყვებიან: ერთხელ ვასილის სახლში ქურდი შეიპარა. ძვირფასეული აკრიფა, ბოხჩაში გაახვია და ქუჩაში გამოსულს ყველაფერი ქუჩაში დაეფანტა. ამ დროს თავს ვასილი დაადგა და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, შეშინებულ ქურდს ძვირფასეული ხელახლა შეაკვრევინა და ზურგზეც წამოჰკიდა.

1920 წელს ვასილი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში აღიკვეცა ბერად ბარნაბას სახელით. ერთ წელიწადში მღველ-მონაზვნადაც აკურთხეს, ხოლო 1927 წელს დიდი სქემა შეიმოსა და მას წმინდა სერაფიმე საროველის პატივად მისი სახელი უწოდეს. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ის ყოველთვის გრძნობდა წმინდა სერაფიმეს თანადგომას, შეწევნას. დაიწყო ბერის ძნელი ცხოვრება. იმ სულიერი ორთაბრძოლის კვალი, რომელიც მამა სერაფიმეს დაცემულ ანგელოზებთან ჰქონდა, მის იმდროინდელ ფოტოსურათებს ეტყობა - მკაცრი გამომეტყველება, მადლი ღვთიური, რომლის წინაშე ეშმაკნი თრთოდნენ. აღსანიშნავია, რომ მამა სერაფიმესთან ერთად სენაკში ცხოვრობდა მამა გური (კომისაროვი), ერისკაცობაში მასავით მილიონერი. სოფლის მომძულებელ ღირს მამებს მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: მცირედი ცოდვითაც არ განერისხებინათ უფალი. მათი უაღრესი თავმდაბლობა მორჩილებსაც კი განაცვიფრებდა. იმ საშინელ დროს მამა სერაფიმე მშვიდი რჩებოდა, ღვთის ნებას მინდობილი ხალხს ანუგეშებდა, ცრემლს მოსწმენდდა. ერთხელ მასთან ხუტინის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში ალექსი I) მივიდა რჩევისთვის - მას საზღვარგარეთ გაპარვაში პირდებოდნენ დახმარებას. რუსეთს ვის უტოვებთ? - ჰკითხა წმინდა სერაფიმემ, - მეუფეო, ნურაფრის გეშინიათ. თქვენ რუსეთს სჭირდებით. თქვენ პატრიარქი იქნებით მთელი რუსეთისა და მას მართავთ 25 წელი. უწმინდესი პატრიარქის ტიხონის შემდეგ დიდხანს არ გვეყოლება პატრიარქი. მიტროპოლიტი სერგი მხოლოდ ერთი წელი იქნება რუსთა მწყემსმთავარი, მას შემდეგ თქვენ იქნებით ჩვენი პატრიარქი. იქნება საშინელი ომი. ის მიიყვანს ღმერთთან რუსეთის მცხოვრებთ. თუმცა კი ახლა ხურავენ ტაძრებს, მაგრამ დადგება დრო, თვითონვე გააღებენო.

1945 წელს მამა სერაფიმეს მორჩილი, მისი მეუღლეყოფილი დედა სერაფიმა გარდაიცვალა და ვირიცის ტაძრის ახლოს დაკრძალეს.

დადგა 1949 წელი. მამა სერაფიმე მძიმედ გახდა ავად, მთელი სამწყსო მისი განკურნებისთვის ლოცულობდა. მამა სერაფიმე მათ ამშვიდებდა: „ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ მომისმენს? ხელნი რომ აღვაპყრო მის მიმართ, უფალი მაშინვე განმკურნავს. მაგრამ არა როგორც მე მსურს - იყოს, მამაო, ნება შენი და არა ჩემი, ამიერიდან და უკუნისამდე. დაე ყველა ავადმყოფობა მეწვიოს, დაე იყოს ნება შენი!“ მამა სერაფიმე ძალზე დაუძლურდა, საწოლიდან ვეღარ დგებოდა. თორმეტი დღე და ღამე გამუდმებით ეძინა. როცა გაიღვიძა, თავის მორჩილს უთხრა: - მრავალი ქვეყანა მოვიარე, მაგრამ ჩვენს სამშობლოზე და რწმენაზე უკეთესი ვერ ვნახე. უთხარი ყველას, რომ არავინ უღალატოს მართლმადიდებლობასო. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. მამა ალექსი ყოველ ღამე აზიარებდა მოძღვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩაეძინა და მისვლა დააგვიანდა. მოძღვარმა უთხრა: - ნუ შეწუხდები, შვილო, მე უკვე ანგელოზებმა მაზიარესო.

წმინდა სერაფიმე ვირიცელი გარდაიცვალა 1949 წლის 3 აპრილს და დაკრძალეს ვირიცაში, მეუღლის სქემმონაზონ სერაფიმასა და სულიერი შვილთა გვერდით. წმინდა სერაფიმემ დაიბარა: - ვისაც ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავთან, როგორც ცოცხალს, მითხარით სათხოვარი და დაგეხმარებითო. და ასეც არის - წმინდა მამა სერაფიმე შეეწევა და იფარავს მთელ მართლმადიდებელ საქრისტიანოს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 1 აპრილს წმინდა მოწამე პანქარეს ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ