13 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მელანია რომაელს მოიხსენიებს
დიდგვაროვანი ქალწულის ცხოვრება, რომელმაც სიმდიდრე უარყო და მთელი არსებობა ქრისტესა და მოყვასის სამსახურს მიუძღვნა.
13 იანვარს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს მელანია რომაელს. წმინდანს, რომელმაც სიმდიდრითა და დიდგვაროვნებით სავსე ცხოვრება ქრისტეს სიყვარულისათვის უარყო. იგი დაიბადა რომში, გავლენიან და მდიდარ ოჯახში. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული მელანია მშობლების ნებით თოთხმეტი წლის ასაკში გათხოვდა დიდგვაროვან ჭაბუკ აპინიანეზე.
ქრისტიანული სათნოებების მაგალითით წმიდა მელანიამ მეუღლეც უფლის გზაზე დააყენა. მძიმე ოჯახური ტანჯვისა და შვილების დაკარგვის შემდეგ, ცოლ-ქმარმა აღთქმა დადო, რომ სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს უბიწოებასა და ღვთისმსახურებაში გაატარებდნენ. მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, მათ დატოვეს რომი და მთელი ქონება გლახაკებს, სნეულებსა და მონასტრებს შესწირეს.
მელანიასა და აპინიანეს შემოწირულობებით აშენდა მრავალი ტაძარი და საავადმყოფო, დახმარება გაეწია როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიებს. ისინი იხსნიდნენ ტყვეებს, უხვად ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს და საკუთარი ცხოვრებით მოწმობდნენ ქრისტიანული სიყვარულის ძალას.
შემდგომ წლებში წმიდა მელანია იერუსალიმში დამკვიდრდა, სადაც ელეონის მთაზე დააარსა ქალთა მონასტერი, რომელიც მალე ასობით მონაზონს გააერთიანებდა. თავმდაბლობის გამო მან უარი თქვა იღუმენობაზე და განმარტოებით ცხოვრობდა. მისი ძალისხმევით მონასტერში განთავსდა მრავალი წმიდა ნაწილი.
წმიდა აპინიანეს გარდაცვალების შემდეგ მელანიამ მრავალი წელი მარხვასა და ლოცვაში გაატარა. მოგვიანებით მან ასევე დააარსა მამათა მონასტერი იმ მთაზე, საიდანაც ქრისტე ამაღლდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი ადამიანი განამტკიცა მართლმადიდებელ სარწმუნოებაში და ერესისგან იხსნა.
ღირსი მელანია მშვიდობით მიიცვალა 439 წელს, წმიდა საიდუმლოთა ზიარების შემდეგ. მისი ცხოვრება დღემდე რჩება მაგალითად უანგარო მსახურებისა, სიმდაბლისა და ღრმა ქრისტიანული სიყვარულისა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო ლიტურგია აღავლინა გორში.