ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი „ვენახი“ თურქეთში ოფიციალურად დაფუძნდა
სტამბოლში შექმნილი ასოციაცია მიზნად ისახავს ქართული დიასპორის გაერთიანებას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურად დაფუძნდა ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი „ვენახი“ (VENAKHİ – Gürcü Tinsellik ve Kültür Merkez Derneği), რომელიც რეგისტრირებულია ასოციაციის სახით და მოქმედებს წესდებაზე, წევრობაზე დაფუძნებულ სტრუქტურასა და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებზე.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სტამბოლის ედირნექაფის წმიდა გიორგი კაბადოკიელის სახელობის ქართულ სამრევლოსთან და მისი მთავარი მიზანია თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანება, ურთიერთმხარდაჭერის გაძლიერება და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის შექმნა.
„ვენახის“ საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული იდენტობის, ენისა და რწმენის შენარჩუნება და განმტკიცება. ცენტრი ხელს შეუწყობს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დღესასწაულების პოპულარიზაციას, ასევე ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე რეალობასთან შერწყმასა და ადგილობრივ კულტურასთან თანაცხოვრებით გამდიდრებას.
ცენტრი „ვენახი“ მიზნად ისახავს, რომ ქართული სულიერება, კულტურა და ტრადიციები იქცეს გამაერთიანებელ ძალად, რომელიც გააძლიერებს დიასპორის თვითმყოფადობას და ქართულ კულტურას ღირსეულად წარმოაჩენს თურქეთის საზოგადოებრივ სივრცეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უკრაინის სოფელ გრიშინოში, უმე-ის წინამძღვარი დაბომბვის შედეგად დაიღუპა.