მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია: „ქართული მიწა მხოლოდ საკუთრება არაა
ეპარქია ქვეყანაში არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ პროცესებზე სულიერ, ეროვნულ და დემოგრაფიულ საფრთხეებზე და მოუწოდებს ხელისუფლებასა და საზოგადოებას პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებზე.
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა ქვეყანაში არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ აღნიშნულ მოვლენებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის, არამედ — „ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა საფუძველი“.
ეპარქიის თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიწა მხოლოდ სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში განსაზღვრული ტერიტორია კი არა, მადლით განმსჭვალული წმინდა სივრცეა, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სიფრთხილე სჭირდება.
„ქართული მიწა წინაპართა სისხლით მორწყული სიწმინდეა. სადაც რწმენისათვის დაიღვარა სისხლი, იქ მიწა უბრალო მიწა აღარ არის — მას ღმერთის მოქმედება ახლავს,“ — აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.
საკითხი, მათი თქმით, ვერ შეფასდება მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი ჭრილით, რადგან მას მოიცავს სულიერი, საზოგადოებრივი და დემოგრაფიული მნიშვნელობაც.
„სამშობლოს მიწის განკარგვა უნდა იყოს მოზომილი და ისეთი გადაწყვეტილებებით გაჯერებული, რომელიც ქვეყნის ერთობასა და უსაფრთხოებას შეუნარჩუნებს სიმტკიცეს,“ — წერია განცხადებაში.
ეპარქია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიზანი მტრობის გაღვივება ან უცხოელთა მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნა არ არის.
„ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშვიდობასა და სიყვარულს, თუმცა მშვიდობა არ გამორიცხავს სიმართლის თქმას. თუ ჩვენს მიწასა და თვითმყოფადობას არ დავიცავთ, ღმერთი მოგვაკლებს მშვიდობას და კურთხევას,“ — აცხადებენ ისინი.
მესიჯის დასასრულს ეპარქია ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მოუწოდებს სიღრმისეულ სიფრთხილესა და ერთობას:
„ვდგავართ ისტორიული და სულიერი არჩევანის წინაშე. ეს განსაზღვრავს, დარჩება საქართველო მადლით დაფარული ქვეყანა, თუ დაკარგავს თავის სიწმინდეს.
ღმერთმა მოგვცეს გონიერება, სიმტკიცე და სიყვარულით ერთობა,“ — აცხადებს ეპარქია.
მოგვიანებით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის Facebook-გვერდზე ამავე პოსტს ემატება სიტყვები:
„სამშობლოს ვინც დაიცავს, იმას უფალი დაიფარავს.“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტები ილარიონი და ეფრემი პოდგორიცას საკათედრო ტაძარს ეწვივნენ.