მიტროპოლიტმა იოანემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დალოცა
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა პედაგოგობის მნიშვნელობაზე და მომავალი მასწავლებლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
10 ნოემბერს, ქუთაისში, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პირველკურსელები დალოცა.
მეუფემ სტუდენტებს მიმართა ქადაგებით, რომელშიც განათლებისა და აღზრდის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა:
„გილოცავთ ყველას, ვინც ღირსი გახდა სკოლის შემდეგ გაეგრძელებინა სწავლა უნივერსიტეტში. პედაგოგობა არის უდიდესი მეცნიერება. სკოლა არის საოცარი ინსტიტუტი, რომელშიც ბავშვი გადის სამი ასაკობრივ საფეხურს და თითოეულზე მისი ხასიათი იცვლება. დიდი პასუხისმგებლობაა პედაგოგისთვის გაითვალისწინოს ეს თავისებურებები,“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფე იოანემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღზრდის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს მოუწოდა, თავიანთ საქმიანობაში სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მიუდგნენ მომავალი თაობის ფორმირებას:
„ადამიანი მუდმივად ვითარდება და თქვენ შედგით ამ ერთ-ერთ საფეხურზე ფეხი. იტვირთეთ ეს დიდი პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს ბავშვის აღზრდას. კეთილი ადამიანის ხელში აღზრდილი ბავშვი კეთილ ნაყოფს გამოიღებს,“ – დასძინა მიტროპოლიტმა იოანემ.
ღონისძიება ახალგაზრდებისთვის სულიერი და პროფესიული გზის ერთგვარ დასაწყისად იქცა, სადაც მათ მღვდელმთავრისგან მიიღეს დალოცვა და წამახალისებელი სიტყვები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ იოანეს დაბადების დღე სხვადასხვა ეპარქიებმა მიულოცეს.