ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე
იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ძმებ კარბელაშვილებს (პოლიევქტოსს, ვასილს, პეტრეს, სტეფანეს და ანდრიას). XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული ასიმილატორული პოლიტიკისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების მძიმე პერიოდში, კარბელაშვილების ოჯახმა იკისრა უდიდესი ეროვნული და სულიერი მისია - ქართული ტრადიციული სამხმიანი საეკლესიო გალობის გადარჩენა, სისტემატიზაცია და შთამომავლობისთვის გადაცემა.
იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას. საეკლესიო მსახურებიდან იდევნებოდა ქართული ენა და საუკუნოვანი სამხმიანი გალობა, რომელსაც რუსული ერთხმიანი ან ევროპული სტილის გალობა ენაცვლებოდა. ამ ვითარებაში, კარბელაშვილების ოჯახი გახდა ქართლ-კახური გალობის ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი ციტადელი.
წმინდა აღმსარებელი სტეფანე (ვასილი) კარბელაშვილი დაიბადა 1858 წლის 1 იანვარს, გორის რაიონ სოფელ ჭალაში. მისი მამა, მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი, ამავე სოფლის მოძღვარი ყოფილა. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი იზრდებოდა: ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი, ვასილი და პეტრე.
პირველდაწყებითი განათლების შემდეგ, ვასილი გორის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგაც, სწავლა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა.
სემინარიაში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა ვასილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას იწყებს. მას საქმიანი ურთიერთობები აქვს იმდროინდელ გამოჩენილ მოღვაწეებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია - ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი, ივანე მაჩაბელი და სხვები. ვასილი თანამშრომლობდა ცნობილ პერიოდულ გამოცემებთან - „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „ივერია“, სადაც ფსევდონიმებით აქვეყნებდა სხვადასხვა სახის პუბლიკაციებს. ამავე წლებში ახალგაზრდა სემინარიელი დაინტერესდა მუსიკითაც და სურვილი გამოხატა ესწავლა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, რათა სამომავლოდ აქ მიღებული ცოდნა უძველესი ქართლ-კახური სიმღერა-გალობის საფუძვლიანად შესწავლასა და გავრცელებაში დახმარებოდა.
წმინდანის საზოგადო მოღვაწეობის თვალსაჩინო მაგალითია თანამშრომლობა 1879 წელს შექმნილ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“, რომელთან ერთადაც არაერთ მნიშვნელოვან წამოწყებაში მიიღო მონაწილეობა.
მას შემდეგ, რაც ვასილმა სემინარია დაამთავრა მუშაობა თბილისის ქალთა ეპარქალურ სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლად. სწორედ ამ პერიოდში დაოჯახდა იგი ცნობილი საეკლესიო მოღვაწის და ავტოკეფალიისთვის მებრძოლის - დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძის დაზე - მარიამზე, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა.
1883 წლის 9 ოქტომბერს წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძემ ვასილი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 16 ოქტომბერს კი მაშინდელმა ეგზარქოსმა პავლემ მღვდლად დაასხა ხელი. მამა ვასილის მღვდლობის პირველი ნაბიჯები უკავშირდება ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიას, სადაც იგი კურთხევის შემდეგ მღვდელმსახურად დაინიშნა.
ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მამა ვასილი ეგზარქოსის განკარგულებით თბილისის მიხეილის საავადმყოფოს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. აქ იგი ღვთისმსახურებას საზოგადოებრივ საქმიანობასაც უთავსებდა და არაერთი კეთილი საქმით გამოირჩა.
1890 წელს მამა ვასილი რამდენიმე თვით ისევ წმინდა ბარბარეს ტაძარს უბრუნდება, ამჯერად როგორც წინამძღვარი. ამ უმოკლეს დროში მან ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარა, მომლოცველებისთვის ააშენა მოსასვენებელი სახლი, ტაძართან ორმოცი ბავშვისთვის საეკლესიო-სამრევლო სკოლა გახსნა. იგი იმდენად იყო მოწადინებული, რომ საკუთარი ბინიდან ორი ოთახი გამოყო და თავის მეუღლესთან ერთად ახალგაზრდებს ყველა საგანს უსასყიდლოდ უკითხავდა.
1891 წლიდან იგი ისევ წმინდა მიქაელის ტაძარში გადაჰყავთ. როგორც ჩანს თავდადებულ სასულიერო პირს აგზავნიდნენ იქ, სადაც განსაკუთრებით სჭირდებოდათ მისი ძალისხმევა და თავდადებული ხასიათი.
წმინდა აღმსარებელი აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, იგი თავს არ ზოგავდა ქართული ენის გავრცელება-გამტკიცების საქმეში, ამის გამო მას ხშირად ჰქონდა დაპირისპირება მაშინდელ რუს ჩინოვნიკებთან. სწორედ ასეთი დაპირისპირებები დამთავრდა იმით, რომ მღვდელი ვასილი 1903 წლის თებერვალში შორეულ შემახას რეგიონში გადაასახლეს, სადაც მისი მოკვლაც კი სცადეს. გადასახლებიდან დაბრუნებული აღმსარებელი 1904-1905 წლებში გორში მოღვაწეობს, ხოლო 1905 წლიდან თბილისის სამების ტაძარში განაწესეს.
მამა ვასილი გადასახლების და მრავალი ტანჯვის მიუხედავად არ წყვეტდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლას. იგი აწარმოებდა როგორც ლეგალურ, ისე იატაკქვეშა საქმიანობას. 1917 წლის 12 მარტს, როცა ავტოკეფალიის აღდგენა გამოცხადდა, იგი, როგორც ერთ-ერთი ცნობილი ავტოკეფალისტი აირჩიეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის შემადგენლობაში.
1919 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ვასილი სტეფანეს სახელით მონაზვნად აღკვეცეს და ბოდბელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
მღვდელმთავრობაშიც არ შეუწყვეტია წმინდანს აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა. 1928 წლის 24 მარტს წმინდა აღმსარებელი სტეფანე ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს, მალევე იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საერთოდ გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან. 1934 წლიდან იგი მცირე ხნით კარის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრადაც დაინიშნა, თუმცა ვერც იქ განაგრძო მსახურება.
მრავალი ტანჯვის მიუხედავად წმინდა მამას არასოდეს შეუწყვეტია ღვთისა და ერის სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ მას კომუნისტებმა ორი შვილი დაუხვრიტეს, მაინც ვერ ათქმევინეს უარი საკუთარ პრინციპებზე. საბოლოოდ, იგი 1936 წლის 1 აპრილს პენსიაზე მყოფი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე უცნობია თუ სად არის წმინდა მამის სამუდამო განსასვენებელი. არსებობს ვარაუდი, რომ წმინდა აღმსარებელი კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა, სხვა ვერსიით, ის შესაძლოა ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ტაძრის მიმდებარედ განისვენებდეს.
დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს. ოჯახში მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ, სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა და 1875 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა, ავადმყოფობის გამო სემინარიაში მხოლოდ ორი წელი ისწავლა. 1876 წელს მას გურჯაანის სახალხო სასწავლებელში აგზავნიან მასწავლებლად. აქ იგი დაქორწინდება თამარ ნაროშვილზე.
პოლიევქტოსი სხვადასხვა დროს ასწავლიდა საეკლესიო გალობას თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასულიერო სასწავლებელში. 1883 წლის 30 აგვისტოს მას დიაკვნად აკურთხებენ, ხოლო ამავე წლის 5 სექტემბერს მღვდლად იქნება ხელდასხმული.
1885-86 წლებში მამა პოლიევქტოსი ჯერ საგარეჯოს წმინდა სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესიის, ხოლო შემდეგ, გურჯაანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. 1898 წელს წმინდა აღმსარებელი თბილისში, ანჩისხატის ტაძარში გადმოიყვანეს. უდიდესი დამსახურება მიუძღვის მამა პოლიევქტოსს ანჩისხატის ძველისძველი ტაძრის წინაშე - მის დროს შეკეთდა და გარემონტდა ეკლესია, კანკელი, განახლდა ხატები, ღვთისმსახურებისას გახშირდა ქართული გალობა... ათი წელი იმსახურა ანჩისხატში წმინდა მამამ და 1908 წელს ეგზარქოსის ბრძანებით, რომელსაც როგორც ჩანს არ სიამოვნებდა მამა პოლიევქტოსის ასეთი აქტიურობა, იგი გადაიყვანეს მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
წმინდა პოლიევქტოსი, თავის ძმასთან წმინდა სტეფანე აღმსარებელთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. იგი საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაშიც შედიოდა. მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის დამყარებისა, რომელსაც სამღვდელოების მიმართ საშინელი წნეხი და დევნა-შევიწროება ახლდა, წმინდა მამას აზრადაც არ მოსვლია შეეწყვიტა მსახურება. პირიქით, იგი დაუღალავად აგრძელებდა მოღვაწეობას და აქტიურად იბრძოდა ხალხში ეკლესიური ცნობიერების შენარჩუნებისთვის. მას გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტია ღვთისმსახურება. წმინდა პოლიევქტოსი არის მრავალი ღირებული წიგნის, წერილის და პუბლიკაციის ავტორი.
სიცოცხლის ბოლო წლები წმინდა აღმსარებელმა გურჯაანში, მშობლიურ სახლში გაატარა და 1936 წელს გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად გურჯაანის საერო სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 2009 წელს ტაძრის ეზოში გადაასვენეს.
მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი დაიბადა 1836 წელს. იგი ძმებს შორის უფროსი გახლდათ. მან პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1859 წელს წარმატებით დაასრულა და იმავე წელს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ, 1860 წელს ფილიმონს მღვდლად დაასხეს ხელი.
წმინდა მოღვაწე იყო სანიმუშო მგალობელი და მქადაგებელი. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, საკუთარ სახლში სკოლა ჰქონდა გახსნილი და გლეხის ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას, ისტორია და ანგარიშს. მისი მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მამა ფილიმონით, როგორც ნიჭიერი, ქართული აზროვნებით და სულისკვეთებით აღსავსე ახალგაზრდით, წმინდა ილია მართალიც დაინტერესდა. წმინდა სტეფანე აღმსარებლის თქმით, ილია მამა ფილიმონით იმდენად მოხიბლულა, რომ „გლახის ნაამბობში“ მოძღვრის პროტოტიპად სწორედ მამა ფილიმონი შეურჩევია.
1869 წლიდან წმინდა ფილიმონი სამთავისის ისტორიულ ტაძარში გადაიყვანეს, სადაც მან ათი წელი იმსახურა ერთგულად. ეკლესიის ერთგული მღვდელმსახური არ მალავდა გულისტკივილს იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიის ეპარქიებიდან ბევრი, მათ შორის სამთავისის ეპარქია, რუსული მიზანმიმართული საეკლესიო პოლიტიკის შედეგად გაუქმდა. მან ეს 1867 წლის 30 ივნისს სამთავისში სტუმრად მისულ ეგზარქოს ევსევისაც განუცხადა ამბიონიდან.
მამა ფილიმონი განსაკუთრებული მქადაგებლური ნიჭით ყოველთვის სიმართლეს ემსახურებოდა. მისი ქადაგებების კრებულს, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული, რეკომენდაციას უწევდა თავად წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
წმინდა აღმსარებელი კიდევ მეტად შეეწეოდა ეკლესიას და სამშობლოს, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა, 1879 წელს, ახალგაზრდა, 43 წლისა გარდაიცვალა. მამა ფილიმონი სამთავისის ეკლესიის ეზოში განისვენებს.
მღვდელმოწამე ანდრია კარბელაშვილი დაიბადა 1851 წელს. ძმების მსგავსად, მანაც პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ანდრიამაც სასულიერო გზა აირჩია. 1888 წლიდან მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მსახურობდა. სიწმინდით, კეთილგონიერებით, სიყვარულით და სიკეთით გამოირჩეოდა ახალგაზრდა მოღვაწე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სტუმართმოყვარეობა, რომელსაც ყველას მიმართ ავლენდა მამა ანდრია.
1903 წლის 17 სექტემბერს იგი ქვემო ჭალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მამა ანდრიას სამღვდელო მსახურების დატოვება მოსთხოვეს, მაგრამ წმინდა მოღვაწე ვერ დაითანხმეს.
1924 წლის აგვისტოს ცნობილი აჯანყების გამო, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო. განსაკუთრებით ეს რეპრესიები გორის მაზრას შეეხო, სადაც მამა ანდრიას ძმა, მღვდელი პეტრე კარბელაშვილი მოღვაწეობდა. მამა ანდრიასთვის ცნობილი გახდა, რომ ჩეკისტებს მამა პეტრეც ჰყავდათ დაკავებული. უკვე ასაკში მყოფი მოღვაწე ჩავიდა თავისი ძმის დასახმარებლად და დაპატიმრებულებს გვერდიდან არ მოშორებია. როდესაც ისინი გორში გადაჰყავდათ საქმის გამოძიებისთვის, რეალურად კი მათი დახვრეტა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, მამა ანდრიაც მათთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც ტირიფონას ველს მიუახლოვდნენ, ჩეკისტებმა პატიმართა გაქცევის ინსცენირება მოაწყვეს და ამ მიზეზით ცეცხლი გახსნეს მათი მიმართულებით. ოცდაოთხი ადამიანი შეეწირა ბოლშევიკურ სისასტიკეს. მეორე დღეს გარდაცვლილთა ნათესავებმა ერთად მიაბარეს მიწას მოწამებრივად აღსრულებულთა ცხედრები.
მღვდელმოწამე პეტრე კარბელაშვილი დაიბადა 1860 წელს. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1878-89 წლებში სხვადასხვა ტაძრებში მსახურობდა მედავითნედ. ამავე დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა გალობას.
1900 წელს პეტრე ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა საკორინთლოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. მამა პეტრე 1900-1924 წლებში სხვადასხვა ტაძრებსა და სამრევლოებს წინამძღვრობდა. 1924 წლის სექტემბერში კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს და ძმასთან, მამა ანდრია კარბელაშვილთან ერთად ტირიფონას ველზე დახვრიტეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2011 წლის 20 დეკემბერს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე იმსჯელეს ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილების დამსახურების შესახებ. სინოდალური განჩინებით ისინი შეირაცხნენ წმინდანებად. ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება - აღმსარებელი, ხოლო დეკანოზ ანდრია და მღვდელ პეტრე კარბელაშვილებს - მღვდელმოწამე. ძმები კარბელაშვილების ღვაწლი სცილდება მხოლოდ მუსიკალურ ან ისტორიულ ჩარჩოებს. მათ შეძლეს ყველაზე კრიტიკულ ეპოქაში გადაერჩინათ ქართული სულისმეტყველების უმთავრესი გამოვლინება - ტრადიციული სამხმიანი საეკლესიო გალობა. დღეს, როდესაც ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ წმინდა ძმებ კარბელაშვილებს მიუძღვით.