ვინ იყო შალვა ახალციხელი?

30 ივნისი 11:08
243
გარნისის ბრძოლა 1225 — ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. გარნისის ბრძოლა 1225 — ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის.

შალვა ახალციხელი ვაჟკაცურად, ზვარაკად შეეწირა სამშობლოსა და ქრისტეს სარწმუნიებას.

                                                                 

შავლეგ შენი შავი ჩოხა, 

შავლეგო;

სისხლში გაგიხამებია, 

შავლეგო;

ყაწიმები გიხდებოდა, 

შავლეგო;

მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, 

შავლეგო;

მაშველი არ გჭირდებოდა, 

შავლეგო;

შავლეგ, შენი შავი ჩოხა, 

შავლეგო.

შალვა ახალციხელი (გ. 1226) — XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ივნისი, ახალი სტილით – 30 ივნისი. თამარ მეფის ვეზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ – მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი, ჯავახეთის მონაპირე, თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების — ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი. შამქორის ბრძოლაში (1195) ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ამ ომის მსვლელობას ეხება განძანის წარწერა, რომელშიც შალვა ახალციხელის შესახებ ვკითხულობთ:

„ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან... რომელმან ძალითა ლომითისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი“

შალვა ახალციხელი სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში (XIII საუკუნის დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში (1203) შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. ბასიანის ომის შემდეგ შალვა ახალციხელი მანდატურთუხუცესი გახდა და ეს თანამდებობა მას 1225 წლამდე ეპყრა. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრეთ საქართველოში). გარნისის ბრძოლაში (1225) ივანე ახალციხელთან ერთად სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს.

ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. გარნისის კლდეებში თავშეფარებულ ივანეს მაღალი კლდიდან მოწყვეტილი ქვა დაეცა და იქვე გარდაიცვალა. შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა. ჯალალედინმა ტყვისათვის შეუსაბამო პატივი მიაგო მას, განზრახული ჰქონდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი გამოყენება „ახოვნებასა“ და „წყობათა შინა სიქველის გამო“, მაგრამ ერთი წლის შემდეგ „ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო“ სიკვდილით დასაჯა. ჰყავდა ვაჟი ფარადავლა.

შამქორის ბრძოლა 1195 წელი

ვინ იყო შალვა ახალციხელი? - სურათი 1

შამქორის ბრძოლა

აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.

ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. დავით სოსლანის სარდლობით მოქმედი არმია შამქორის სიახლოვეს 1 ივნისის, ხუთშაბათ დღეს, მივიდა. ქართველთა არმიამ შეტევა რამდენიმე რაზმად დაიწყო. მათ შორის პირველი დარტყმა მტერზე ყივჩაღთა სამხედრო ძალამ მიიტანა. აბუ ბაქარის არმიას ეკვეთა ზაქარია ვარამის ძის სამხედრო რაზმიც. ბრძოლა გაჭინაურდა. ქართველთა და ყივჩაღთა ძალა აშკარად მაშველ ძალას საჭიროებდა, როდესაც მათ დასახმარებლად ზაქარია და ივანე მხარგრძელთა ლაშქარი მოვიდა, ხოლო ბოლო ჟამს სამხედრო შეტაკების ბედი დავით სოსლანის მეთაურობით მოქმედი ცენტრალური სამხედრო ძალის გამოჩენამ გადაწყვიტა. ბრძოლაში მოპოვებული დიდი ალიფის გარდა ქართველებს ხელში ჩაუვარდათ ხალიფას დროშა, რომელიც მან აბუბაქარს გამოუგზავნა. დავით სოსლანმა ჩაიბარა რამდენიმე ქალაქის კლიტენი ანუ მიიღო მათი მმართველობის უფლება და წარმატებით შეძლო თავისი ახალი ვასალის ამირ-მირმანის განძის ამირას ტახტზე აღდგენა.

აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა. შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველებმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი, რომელშიც თითქოს შუა აზიიდან და ინდოეთიდან მოსული ჯარიც კი იყო. სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში მაშინ არ იყო შესაფერისი სიტუაცია კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ქართველებს საქმე ჰქონდათ ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის სამხედრო ძალასთან, რომელსაც შესაძლოა, მეზობელი ამირები მიეშველნენ თავიანთი რაზმებით.

ბასიანის ბრძოლა 1202 წელი

ვინ იყო შალვა ახალციხელი? - სურათი 2

ბასიანის ბრძოლა

 საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქალაქ არზრუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს. სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხს მიმართეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზე „აფხაზნი და იმერელნი“ იდგნენ, მარცხენაზე — „ამერელნი და ჰერნ-კახნი“, ცენტრში — 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და „სხვათა თორელთა“. წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.

ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნ ად-დინმა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როდესაც რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და „ზარგახდილნი“ (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.

ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში.

გარნისის ბრძოლა 1225 წელი

ვინ იყო შალვა ახალციხელი? - სურათი 3

გარნისის ბრძოლა

ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალადედინის მოწოდებას — დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალადედინი დაიძრა საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა ლაშქარი, რომლის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი ივანე I მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში მიეგება.

რუსუდანის ბრძანებით, ქვეყნის ყველა კუთხეში ჯარის შესაკრებად გაიგზავნა მალემსრბოლი. ამ პერიოდში საქართველოს შეეძლო გამოეყვანა 80-90 ათასი მეომარი, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველებს გარკვეული რესურსი დაუტოვებიათ და 60-70 ათასამდე მეომარი გამოუყვანიათ.

ჯალალედინის არმია გაცილებით მრავალრიცხვოვანი იყო. ჟამთააღმწერლის თქმით, ხვარაზმშაჰს 140 ათასი მეომარი დაუძრავს საქართველოს წინააღმდეგ. სომეხი მემატიანეების თქმით, მუსლიმური კოალიცია 200 ათას მეომარს ითვლიდა. რამდენად შეეძლო ხვარაზმიდან დევნილ შაჰს თუნდაც 140 ათასიანი არმიის მობილიზება საკამათოა, თუმცა ის აკონტროლებად ირანის მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთანავე საქართველოს წინააღმდეგ ჯალალედინის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მონაწილეობდნენ ერაყის მუსლიმებიც.

ქართველთა ავანგარდს შეადგენდა მესხთა ლაშქარი თორელების, შალვა და ივანე ახალციხელების მეთაურობით. საქართველოს ლაშქარი გორაკზე იყო განლაგებული, მტრის ჯარს კი დაბლობი ეკავა.

ჯალალედინის ცენტრს მხედრობა ქმნიდა, მარცხენა ფრთას სულთნის ძმა ღიას ედ–დინი სარდლობდა. მარჯვენა ფლანგზე ჯალალედინმა მშვილდოსნები განალაგა.

ბრძოლა დაიწყო მტრის მარცხენა ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე. გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა, რომელშიც მალე მტრის მთავარი ძალებიც ჩაებნენ. ამასობაში ივანე და შალვამ ქართველთა არმიის სარდალს ივანე ათაბაგს რამდენიმეჯერ გაუგზავნეს შუამავალი, რათა ქართული არმიის ძირითადი ძალები მტრის წინააღმდეგ დაეძრა, მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. გარნისის მაღლობზე საქართველოს არმიის სამხედრო ძალები გაუნძრევლად იდგნენ. ძირითადი ძალების დახმარებას მოკლებული ქართველთა მცირერიცხოვანი ავანგარდი იძულებული გახდა უკან დაეხია. შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.

გარნისთან დამარცხების მიზეზი იყო სამეფო ხელისუფლების დასუსტება და დიდმოხელე ფეოდალთა შორის შურისა და მტრობის გაძლიერება. ამ მარცხით დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დაცემა.

ჯალალედინმა დვინი აიღო და თბილისისაკენ დაიძრა. ამ დროს მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს დატყვევებული შალვა ახალციხელი, რომელიც მტრის ბანაკიდან წერილებს აგზავნიდა და ქართველებს მტრის გეგმებს ატყობინებდა. რუსუდანმა დედაქალაქი მიატოვა და ქუთაისში გადავიდა. თბილისის დაცვა კი ბოცო და მემნა ბოცოსძეებს დაავალა. 1226 წელს შინაგამცემლობის შედეგად ჯალალედინმა თბილისიც აიღო, რომელიც გამარჯვებულმა მეომრება ააოხრეს. ამავე პერიოდში აწამეს 100 ათასი მოწამეც.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ