სურამისა და ხაშურის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
სურამისა და ხაშურის ეპარქიამ მრევლისა და საზოგადოების მიმართ გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რა შემთხვევაშია საჭირო აწ განსვენებული მღვდელმსახურების — მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ აღსრულებული ნათლობის წესის სრულყოფა.
ეპარქიის ცნობით, დამატებითი განმარტების საჭიროება წლების განმავლობაში მორწმუნეთა მხრიდან შემოსულმა შეკითხვებმა განაპირობა. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საუბარი არ შეეხება ხელმეორედ მონათვლას.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ იგულისხმება ხელმეორედ მონათვლა, რაც მართლმადიდებლური სწავლებით მკაცრად იკრძალება და დაუშვებელია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ეპარქიის განმარტებით, საკითხი ეხება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც საბჭოთა პერიოდის სირთულეებისა და შემდგომში მოძღვრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ნათლობის წესი არასრულად შესრულდა. კერძოდ, თუ ლოცვა არასრულად იყო წაკითხული, ხდება მისი სრულყოფილად წაკითხვა, ხოლო თუ წყალში შთაფლვის ნაცვლად მხოლოდ წყლის მისხურება განხორციელდა — ნაკურთხ წყალში განბანვა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული მიდგომა ახალი არ არის. შესაბამისი გადაწყვეტილება ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან კონსულტაციისა და მისი ლოცვა-კურთხევის საფუძველზე იქნა მიღებული. ეპარქიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასულიერო პირები თითოეულ ასეთ შემთხვევას განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ეპარქიამ პატივისცემით გაიხსენა მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის ღვაწლი და აღნიშნა, რომ მათ უმძიმეს პირობებში, კომუნისტური რეჟიმის დროს უწევდათ მსახურება, როდესაც ეკლესიური ცხოვრება და საიდუმლოებათა აღსრულება იდევნებოდა.
„მათი ხსოვნისა და ამაგისადმი პატივისცემა უცვლელია, მარადჟამს ვმადლობთ მათ ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
ეპარქიის განცხადებით, განმარტების მიზანია, მრევლს ჰქონდეს ამომწურავი და სწორი ინფორმაცია, თავიდან იქნეს აცილებული გაურკვევლობა და ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებულ საკითხებს სათანადო კრძალვითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 13 წელი შესრულდა.
წაიკითხეთ ასევე
ცხოველმყოფელი სვეტი
საუფლო კვართი და სვეტიცხოველი: ქართული ქრისტიანული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის სულიერი საყრდენი.
„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“
სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.
ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში
საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია
ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.