მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნეტარ ანდრიას მოიხსენიებს

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი. ფოტო: tsmindanebi
15 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ნეტარ ანდრიას, ქრისტესთვის სალოსს.
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი სლავი იყო. ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა. ნეტარს უყვარდა ქრისტე, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, ხშირად ლოცულობდა და სულის ცხონებაზე ფიქრობდა. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდათა ცხოვრებებს და ბოლოს მათი მიბაძვის სურვილით აღენთო. ერთხელ სიზმრისეული ჩვენებით ანდრიამ იხილა ორი ლაშქარი: ერთი - ნათელმოსილი ჭაბუკებისა, მეორე კი - კუპრივით შავი, საზარელი ეშმაკებისა. უფლის ანგელოზმა, რომელსაც ხელში საკვირველი გვირგვინები ეპყრა, წმიდანს უთხრა: „ეს გვირგვინები ამსოფლიური სამკაული კი არა, ზეციური საუნჯეა. უფალი მათ შავბნელი მხედრობის დამთრგუნველებს ანიჭებს“, შემდეგ კი უბრძანა: „შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში“.
ამ დღიდან მოყოლებული ანდრიამ შეშლილივით ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში. ღამით ლოცვად დამდგარი სალოსი უფალს ავედრებდა საკუთარ თავს, თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ასე განვლო მრავალმა წელმა. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის თავის რჩეულს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის მადლი გარდამოუვლინა. ამ დროს ქალაქში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარებას შეეპყრო. იგი ბაზრის მახლობლად დამკვიდრებულიყო იმ იმედით, რომ სავაჭროდ გამოსული სულიერი შვილები მასთან ხელცარიელები არ მოვიდოდნენ. ღმერთმა ქრისტესთვის სულელს გაუცხადა ამ მამის ჭეშმარიტი სახე: დაანახა საზარელი გველი, რომელიც მას ყელზე შემოხვეოდა. მწუხარებით შეპყრობილი წმიდანი მცირე ხნის შემდეგ მდაბლად მიეახლა ბერს, სიყვარულით ამხილა და უთხრა: „შენს სულს სერაფიმივით ფრთები ჰქონდა - ბოროტს რად მოაკვეცინე, ანგელოზის ხატი გემოსა, რად მიემსგავსე ეშმაკს, რისთვის აგროვებ საგანძურს, განა მასთან დაიმარხები? სულიერი შვილებისგან დაუცხრომლად რომ კრებ ვერცხლს და ხარობ, თავზე მათ ცოდვებს იგროვებ. ასეთი მძიმე ტვირთით როგორ წარსდგები ქრისტეს წინაშე? დაურიგე შენი საუნჯე გლახაკებს, ობლებს, ქვრივებსა და მწირებს, თორემ დაიღუპები. ხედავ დემონს?“ ამ სიტყვებზე ბერს სულიერი თვალები აეხილა და დაინახა ოთახის კუთხეში მდგარი მხეცისმაგვარი შავი გოლიათი, კბილებს რომ აღრჭენდა. ბერი შიშისაგან ათრთოლდა და ძლივსღა ამოთქვა: ამიერიდან მხოლოდ უფლის მცნებებით ვიცხოვრებო. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღმოსავლეთით ელვა გაიკლაკნა, ბოროტი სული გაქრა და ბერს მომღიმარე ანგელოზი მიეახლა. წმიდანმა პირუთვნელი მხილებით კიდევ მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული იხსნა დაღუპვისაგან.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღირსი შეიქნა საკუთარი თვალებით ეხილა ღვთისმშობელი, რომელმაც თავისი თავსაბური გადააფარა იქ შემოკრებილ მლოცველებს (იხ. 1 ოქტომბრის საკითხავი). უფლის რჩეული 936 წელს გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნება
წაიკითხეთ ასევე
ბოდბის მონასტერში ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელი“ ზუსტი ასლი დაბრძანდა
ათონის მთის ქილანდარის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი ბოდბეში 14 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე
,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''
პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''
მიტროპოლიტ როსტისლავის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ეპისკოპოსმა გაიხსენა, რომ წმინდა ნინომ და წმინდა ლუდმილამ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენს ორივე ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
დეკანოზი სპირიდონი: ,,სვეტიცხოველი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე''
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხლობას აღნიშნავს.