საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო lll. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო lll. ფოტო: ირაკლი ტყემალაძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლინა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სიტყვა სვეტიცხოვლობას, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე:

,,თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
თქვენო უნეტარესობავ, პრეშოვის მთავარეპისკოპოსო, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტო როსტისლავ,
ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო,
ღირსნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო,
ძვირფასო სტუმრებო!
ამ თემაზე პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''
გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – სვეტიცხოვლობას, წმინდა საუფლო კვართის ხსენებას და წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენებას.
„ესე არს დღე უფლისა, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“ (ფს. 117, 24), – ამბობს წმინდა წინასწარმეტყველი დავითი.
დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს!
დღეს განსაკუთრებულად ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; რა იყო და არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა?!
უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“. საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა, დაცემისა თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან; და უფალიც თავისი მადლითა და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღვრობდა ამ გზაზე.
ღვთის განგებულებით, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიისა და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულებისა – ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა.
ამ სამოციქულო გზისა და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთასწორმა ქალწულმა ნინომ, როცა IV საუკუნეში ღვთის განგებულებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით „ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას“ – თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა, რასაც მოჰყვა V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. სიმბოლურია, რომ ეს დიდი კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში.
III საუკუნის დიდი მოღვაწის, მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელის სწავლებით, საუფლო კვართი არის სიმბოლო ღვთისგან მომდინარე ერთობისა, რომლის დარღვევაც კვართის მფლობელს არ შეუძლია. „ქრისტეს შესამოსლის ფლობა, – წერს იგი, – არ ძალუძს იმას, ვინც არღვევს და განყოფს ქრისტეს ეკლესიას“. განურღვეველი კვართი, ასევე, ერთიანი ეკლესიის სიმბოლოა და, შესაბამისად, ეკლესიის თავისა, ანუ თვით უფალ იესო ქრისტესი.
ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ კვართის ფლობა არის უფლის დიდი ლოცვა-კურთხევა, რომელიც ნიშნავს ღვთისგან დადგენილ სამოღვაწეო დანიშნულებას, კვართისმცველობას, რაც ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვას და მისი დაცვისთვის თავდადებას გულისხმობს. კვართის ფლობა ნიშნავს სულიერ ახოვანებას, მზაობას ჭეშმარიტების მიღებისა და დაცვისთვის, რომელიც ესოდენ ძალუმად გამოავლინა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველმა ხალხმა.
სვეტიცხოვლის აღმართვა ახალი ცნობიერების დამკვიდრების, სულიერი ეპოქის საწყისად იქცა ჩვენთვის. ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტის სასწაულით გამოვლინდა ღვთის განგებულება და ძალა, მადლი და უსაზღვრო წყალობა ქართველ ერზე. სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობისა და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად.
სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა: უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლო, და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი – ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული.
ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე): „საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება ... ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება... და დღემდე გვიპატრონა“.
ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს.
უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა!
ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულითა და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისათვის.
სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ვართ: ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც – ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
დღეს ასევე აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედა ღვთისა გვიცავს ყოველგვარი უბედურებისა და ცხოვრებისეული ქარიშხლისგან. ამიტომ მწუხარებისა თუ განსაცდელის ჟამს მას უნდა ვთხოვოთ მფარველობა და იგი აუცილებლად შეგვეწევა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ როსტისლავის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე.

პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

,,ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო.''

მიტროპოლიტ როსტისლავის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ეპისკოპოსმა გაიხსენა, რომ წმინდა ნინომ და წმინდა ლუდმილამ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენს ორივე ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

დეკანოზი სპირიდონი: ,,სვეტიცხოველი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე''

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხლობას აღნიშნავს. 

სურამისა და ხაშურის ეპარქიის წარმომადგენელმა ნათლობის საკითხზე განმარტება გაავრცელა

მამა დავით კაბერაშვილმა მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ შესრულებული ნათლობის წესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი მოძღვრების ღვაწლისადმი პატივისცემა გამოხატა და მრევლს უმაღლესი საეკლესიო იერარქიის გადაწყვეტილების დალოდებისკენ მოუწოდა.

პაპ ლეო XIV-ს ჩაუტარდა ფილტვის ოპერაცია

ვატიკანმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებით და გართულებების გარეშე ჩატარდა. 71 წლის პაპი გონს მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში დაბრუნდა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო

ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლენს.