პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი. ფოტო: მჟკ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლინა.
მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა, მიძღვნილი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
,,მის უნეტარესობას შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამწირველს: მადლი და მშვიდობა იყოს თქვენზე ღვთისაგან.
ფანართან არსებული პატივსაცემი მართლმადიდებლობის ცენტრიდან ძმური სიყვარულით მივესალმებით თქვენს უნეტარესობასა და საქართველოს ეკლესიის სისავსეს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე იკრიბება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველსმყოფელ სვეტს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს, ღმრთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო.
ამ დღესასწაულის სათავეებთან დგას საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთასწორი წმინდა ნინო. კაპადოკიიდან მოსულმა წმინდა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება, როგორც სათაყვანებელი ნიში ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი უფლის ძალისა.
მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება ცხადდება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან.''
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა ყურადღება გაამახვილა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ურყევ თავდადებაზე.
,,საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავის ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა მოწმობითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.
ასევე, პატივისცემით მივესალმებით თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც საქართველოს სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ეძღვნება.
ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით გვავსებს. ისინი, ვინც ნათლისღებით იღებენ სარწმუნოებას, მოწოდებულნი არიან, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულონ იგი. ახალგაზრდები განმტკიცდებიან საღვთო სწავლებითა და იმ მოღვაწეთა მაგალითით, რომლებიც სახარების მიხედვით ცხოვრობენ. სიღარიბით, სნეულებითა თუ მარტოობით შეჭირვებული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში მაცხოვრის თანაგრძნობასა და შემწეობას საჭიროებენ. დაე, ამ საიუბილეო თარიღმა განუახლოს ყველას ამ მოწოდების ერთგულად აღსრულების გადაწყვეტილება და განამტკიცოს თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა.
თქვენო უნეტარესობავ, თქვენი ეკლესიის სიხარულს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იზიარებს. წმინდა წერილის სიტყვებით ვაღიარეთ, რომ: „ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება“ (ეფესელთა მიმართ 4:5). თითოეული ადგილობრივი ეკლესიის სხვადასხვა ნიჭი ამდიდრებს ჩვენს ერთობას ქრისტეს სხეულში. დაე, ამ დღესასწაულებმა კიდევ უფრო გააღრმავოს ჩვენს შორის არსებული კავშირები და განამტკიცოს ჩვენი მზადყოფნა ერთობლივი მსახურებისთვის, რათა ჩვენმა მოწმობამ წარმოაჩინოს მსოფლიოს წინაშე მაცხოვრის მიერ მონიჭებული შერიგება და იმედი.''
ასევე გაიხსენა: ,,მიმდინარე წლის მარტში ჩვენ თქვენს ეკლესიასთან ერთად ვიდექით თბილისში და ვწინამძღოლობდით ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის წესს. კვლავ ვლოცულობთ მისი სულის საუკუნო განსვენებისთვის. თქვენო უნეტარესობავ, თქვენი, როგორც პირველიერარქის მოღვაწეობის ამ დასაწყის ეტაპზე, გულითადად გისურვებთ სიბრძნესა და სიმტკიცეს იმ სამწყსოს წინამძღვრობისთვის, რომელიც თქვენს მზრუნველობას არის მინდობილი.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და საქართველოს ყველა წმინდანის მეოხებით, დაე, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაიცვას თქვენი უნეტარესობა და მთელი ქართველი ხალხი ჯანმრთელობითა და ერთსულოვნებით. ამ წმინდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შეკრებილი იერარქებისთვის, სამღვდელოებისთვის, მონაზვნებისა და მორწმუნეებისთვის გამოვითხოვთ უფლის უხვ მადლსა და კურთხევას.''
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს ადგილობრივი ეკლესიების სხვა წარმომადგენლებმაც.
,,დიდია დღეს ჩვენი სიხარულისა და მადლიერების მიზეზი! წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს.''
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ეპისკოპოსმა გაიხსენა, რომ წმინდა ნინომ და წმინდა ლუდმილამ ჩაუყარეს საფუძველი ჩვენს ორივე ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხლობას აღნიშნავს.
მამა დავით კაბერაშვილმა მამა ვახტანგისა და მამა მიქაელის მიერ შესრულებული ნათლობის წესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი მოძღვრების ღვაწლისადმი პატივისცემა გამოხატა და მრევლს უმაღლესი საეკლესიო იერარქიის გადაწყვეტილების დალოდებისკენ მოუწოდა.
ვატიკანმა განაცხადა, რომ ოპერაცია წარმატებით და გართულებების გარეშე ჩატარდა. 71 წლის პაპი გონს მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში დაბრუნდა.
ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად აღავლენს.