13 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოწამე გრიგოლს მოიხსენიებს

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 ოქტომბერს მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსის, სომხეთის განმანათლებლის, ხსენებას აღნიშნავს. წმინდანის ცხოვრება სარწმუნოების ერთგულების, მოთმინებისა და მოციქულებრივი მსახურების მაგალითია. წმინდა გრიგოლი 257 წელს დაიბადა და პართთა სამეფო გვარს, არშაკუნიანებს, ეკუთვნოდა. ბავშვობაში ოჯახს მოწყვეტილი მომავალი მღვდელმთავარი კაბადოკიის კესარიაში აღიზარდა, სადაც ქრისტიანულ სარწმუნოებას ეზიარა.
მოგვიანებით იგი დაქორწინდა და ორი ვაჟი შეეძინა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდა. წმინდანი სომხეთის მეფის, თრდატის, სამსახურში ჩადგა და მას ერთგულად ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, მეფე მის ქრისტიანულ აღმსარებლობას ვერ ეგუებოდა და ქრისტეს უარყოფას მოითხოვდა. გრიგოლმა სარწმუნოების დათმობაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკი წამება დაითმინა და საპყრობილეში აღმოჩნდა. წმინდანის ცხოვრების თანახმად, თრდატის ბრძანებით იგი ქვეწარმავლებით სავსე ბნელ ჯურღმულში ჩააგდეს, სადაც თოთხმეტი წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას ერთი კეთილმსახური ქალი პურით ფარულად ამარაგებდა. მძიმე განსაცდელის მიუხედავად, წმინდა გრიგოლი ლოცვასა და ღვთის სასოებაში მტკიცედ რჩებოდა. მისი გათავისუფლება მეფე თრდატისა და სამეფო კარის მძიმე განსაცდელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, მეფის დას, კუსაროდუხტს, სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ მათ დახმარებას გრიგოლი შეძლებდა. ჯურღმულიდან ამოყვანილმა წმინდანმა თავდაპირველად რიფსიმეს, გაიანესა და მათთან ერთად წამებულ ქალწულთა წმინდა ნაწილები მოიძია და პატივით დაკრძალა. შემდეგ კი მისი ლოცვითა და წმინდა მოწამეთა მეოხებით სინანულში ჩავარდნილი მეფე და მისი კარისკაცები განიკურნენ.
ამ მოვლენების შემდეგ წმინდა გრიგოლმა სომხეთში ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგება განაგრძო. ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდგომ მან მონათლა თრდატი, მისი სახლეულობა და მრავალი ადამიანი. ეკლესიების მშენებლობით, ქადაგებითა და სამწყსოზე ზრუნვით წმინდანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სომხეთის ეკლესიის მოწყობასა და განმტკიცებაში, რის გამოც მას სომხეთის განმანათლებელი ეწოდა.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმინდა გრიგოლი უდაბნოში განმარტოვდა და მოღვაწეობა ლოცვითა და მარხვით განაგრძო. საეკლესიო მსახურება მისმა ძემ, ეპისკოპოსმა აროსტაკემ, გააგრძელა, რომელიც 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა. წმინდა გრიგოლმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენების დღეს ეკლესია პატივს მიაგებს მღვდელმთავარს, რომელმაც უმძიმესი განსაცდელების მიუხედავად შეინარჩუნა ქრისტეს ერთგულება და მრავალი ადამიანი აზიარა ქრისტიანულ სარწმუნოებას.
ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნება
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.
მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა
შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.
ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.