პატრიარქ შიო III: „სიყვარულის და პატიების გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს“

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III. ფოტო: საზუ
სულთმოფენობიდან მეთვრამეტე კვირას, ჯვართამაღლების დღესასწაულის შემდგომ კვირას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა ყურადღება წმინდა სახარებაში წაკითხულ უფალ იესო ქრისტეს სწავლებაზე გაამახვილა, რომელიც ადამიანის მიერ მოყვასისადმი პატიებასა და შენდობას ეხება.
პატრიარქმა განმარტა მაცხოვრის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ ძმა შესცოდავს. მისი თქმით, ქრისტიანული სწავლება ადამიანს მოუწოდებს, თავდაპირველად პირისპირ, სიყვარულითა და სიმშვიდით ამხილოს შემცოდე, ხოლო თუ იგი არ შეისმენს, საკითხი სხვა ადამიანების თანდასწრებით და საბოლოოდ ეკლესიის წინაშე უნდა იქნეს განხილული.
„ჩვენთვის რას ნიშნავს ეს? გულში მტრობა კი არ უნდა გვქონდეს, ის მაინც ჩვენს მოყვასად რჩება; უნდა დავლოცოთ იგი, უნდა გვქონდეს ქრისტიანული განწყობა, ქრისტიანულად მოვეპყროთ, მაგრამ თუ არ ინანიებს, არ შეისმენს, მაშინ შეიძლება განვშორდეთ მას ან გარკვეული ზომები მივიღოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ, თუ რაიმე ბოროტებას აკეთებს ისეთს, რომელიც, მაგალითად, აზიანებს საერთო, საქვეყნო, საოჯახო ან საეკლესიო საქმეს“, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე ისაუბრა პეტრე მოციქულის შეკითხვაზე – რამდენჯერ უნდა აპატიოს ადამიანმა მოყვასს შეცოდება. მაცხოვრის პასუხის – „არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ – სამოცდაათჯერ შვიდგზის“ – განმარტებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ მონანულ ადამიანს ქრისტიანმა ყოველთვის უნდა მიუტევოს.
ქადაგების მთავარი ნაწილი უფალ იესო ქრისტეს მიერ მოთხრობილ იგავს უმოწყალო მოვალის შესახებ დაეთმო. პატრიარქმა განმარტა, რომ იგავში აღწერილი უზარმაზარი ვალი ადამიანის მიერ ღვთის წინაშე არსებული უსაზღვრო ვალის სიმბოლოს წარმოადგენს.
მისი თქმით, მეფემ მონას, რომელსაც ვალის გადახდა არ შეეძლო, გულმოწყალებით მთელი ვალი აპატია, თუმცა თავად ეს ადამიანი შემდგომში არ აღმოჩნდა მიმტევებელი იმ თავისი თანამოძმის მიმართ, რომელსაც შედარებით მცირე ვალი ჰქონდა.
„დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბევრ რამეზე. ხშირად ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე. ჩვენც გვიჩნდება ეს შეკითხვა, თუ რამდენჯერ ვაპატიოთ ჩვენს მოყვასს, ვინც შეგვცოდა, ვინც გვაწყენინა რამით, ვინც გვემტერება, მაგრამ სხვა შეკითხვას არ ვსვამთ: როდემდე უნდა მაპატიოს ღმერთმა? განა შვიდჯერ შევცოდე ღმერთს და ჩემს მოყვასს? როდემდე უნდა მქონდეს ღმერთის პატიების იმედი?“ – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანი ხშირად უფალს უსაზღვრო წყალობასა და პატიებას სთხოვს, თავად კი მოყვასის შენდობას ვერ ახერხებს. მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება სულიერ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან, სახარების სწავლების თანახმად, ადამიანი თავადვე აყენებს საკუთარ თავს ღვთისგან პატიების მიღების საფრთხის წინაშე.
პატრიარქ შიო III-ის განცხადებით, სიყვარული, პატიება და გულმოწყალება სამართლიანობისგან განუყოფელია.
„სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს“, – აღნიშნა მან.
ქადაგებისას უწმინდესმა ასევე ისაუბრა ადამიანის ღვთისა და მოყვასის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა, რომ ქრისტიანული რწმენა ადამიანს ეხმარება, გააცნობიეროს საკუთარი ვალდებულება როგორც ღვთის, ისე მოყვასის წინაშე.
პატრიარქმა ყურადღება ლოცვის ძალაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი ჩავარდნილი, გულწრფელ ლოცვას შეუძლია მისი მდგომარეობის შეცვლა.
უწმინდესმა წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებაც მოიხსენია და აღნიშნა, რომ უმოწყალო მონას უზარმაზარი ვალის გასასტუმრებლად არაფერი გააჩნდა, თუმცა ლოცვამ და ღვთის გულმოწყალებამ მას ვალისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.
„გულს ნუ გავიტეხთ ნურასდროს და ნუ დავიზარებთ ლოცვას, არამედ მთელი გულით უნდა წარმოვთქვათ ხოლმე ლოცვის ის სიტყვები, რომლებიც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უფალმა მოგვიტევოს „თანანადებნი ჩვენნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა იმ ადამიანთა გვარები მოიხსენია, რომელთათვისაც იმ დღეს ილოცა. ესენი არიან: მუჯირები, ბალაძეები, ირემაძეები, კუჭავები, ლეკიაშვილები, რუაძეები და ჩართოლანები.
პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს ღვთის კურთხევა, შენდობისა და სიყვარულის მადლი უსურვა.
„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ; შენდობის, სიყვარულის და ლოცვის ძალა და მადლი გიმრავლოთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გაიხარეთ!“ – მიმართა მრევლს უწმინდესმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, შიო III: რწმენით ნასაზრდოებმა ქართველმა შეძლო სარწმუნოების შენარჩუნება.
წაიკითხეთ ასევე
მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის რამდენიმე საერო პირი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
მიტროპოლიტმა იობმა ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა
4 ოქტომბერს, ბერმუხის წმინდა იოსებ კათალიკოსის სახელობის მამათა მონასტერში, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
პატრიარქ შიო III: „სიყვარულის და პატიების გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სულთმოფენობიდან მეთვრამეტე კვირას მორწმუნეებს პატიების, გულმოწყალებისა და ლოცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ბათუმის საკათედრო ტაძარში ახალი დიაკონი იკურთხა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წიგნისმკითხველ შოთა დარახველიძეს დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად შიო უწოდა.
ქალაქ რენეში საღვთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასასრულს დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლს ქრისტიანული სიყვარულის, ურთიერთმიტევებისა და თანადგომის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მიტროპოლიტმა გერასიმემ დრამატულ სტუდია „შთამომავლებს“ უმასპინძლა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა სტუდიის წევრები დალოცა და საქართველოსა და ზუგდიდის სახელის ღირსეულად წარმოჩენა უსურვა.