ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
ჯვართამაღლება. მჟკ
მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარი აღარ აღიქმება როგორც უბრალო დასჯის იარაღი, რომელზეც მაცხოვარი აწამეს, არამედ წარმოადგენს კაცობრიობის ხსნის, სიკვდილზე გამარჯვებისა და ღვთაებრივი სიყვარულის უზენაეს სიმბოლოს. ჯვრის თაყვანისცემის ფენომენი, განსაკუთრებით ჯვართამაღლების დღესასწაულის კონტექსტში იკვეთება და საცნაურდება.
ერთი შეხედვით, ჯვრის თაყვანისცემა შეიცავს პარადოქსს:
რატომ უნდა სცემდეს ადამიანი თაყვანს საგნებსა თუ იარაღს, რომელზედაც ვნებულ იქნა და ეწამა იესო ქრისტე?
რომაულ სამყაროში ჯვარცმა ითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო და სასტიკ სასჯელად, რომელიც განკუთვნილი იყო მონების, აჯანყებულებისა და მძიმე დამნაშავეთათვის. წმინდა პავლე მოციქული პირდაპირ აღნიშნავს ამ თეოლოგიურ წინააღმდეგობრიობას: „ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცუმულსა: ჰურიათა სამე საცდურ და წარმართთა სისულელე“ (1 კორინთ. 1:23). მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ჯვრის გარდასახვა "სამარცხვინო იარაღიდან" "ცხოველს-მყოფელ" სიმბოლოდ განაპირობა იესო ქრისტეს განკაცებამ, ჯვარცმამ და აღდგომამ. მაცხოვარმა თავისი უცოდველი სხეულისა და სისხლის შეხებით ჯვარი განწმინდა. იგი გახდა სიკვდილის დამთრგუნველი იარაღი. ჯვარი განიხილება როგორც ახალი აღთქმის საკურთხეველი, სადაც შეიწირა უზენაესი მსხვერპლი მთელი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად. სწორედ ამიტომ, მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, ჯვარს თაყვანს ვცემთ არა როგორც დამოუკიდებელ ღვთაებას, არამედ მასზე ჯვარცმული მაცხოვრის გამო, რადგან ჯვარზე გადადის ის პატივი, რომელიც მისზე ვნებულ უფალს ეკუთვნის.
პირველი საუკუნეებიდანვე ქრისტიანებში გავრცელებული იყო სხეულზე ჯვრის გამოსახვის ტრადიცია. II საუკუნის აპოლოგეტი ტერტულიანე წერს, რომ ქრისტიანები ყოველდღიური საქმიანობისას - სიარულისას, ჩაცმისას, ჭამისას თუ ლოცვისას - შუბლზე ჯვარს ისახავდნენ. ეს იყო ქრისტესადმი კუთვნილების, რწმენის აღსარებისა და სულიერი დაცვის სიმბოლო. რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის პერიოდში (I–III ს. ს.) ჯვრის პირდაპირი გამოსახვა საფრთხის შემცველი იყო, რადგან რომაელებისთვის ჯვარი სამარცხვინო სიკვდილით დასჯის იარაღად ითვლებოდა. ამიტომ ქრისტიანები ჯვარს სიმბოლურად გამოსახავდნენ კატაკომბებში და საყოფაცხოვრებო ნივთებზეც კი. ადრეულ ქრისტიანულ საზოგადოებებში ლოცვისას ხელების ჯვრისებრ გაშლა (ორანტას პოზა) ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რაც უშუალოდ მაცხოვრის ჯვარცმას განასახიერებდა.
ჯვრის თაყვანისცემა ქრისტიანულ ტრადიციაში, გარდა მტკიცედ ჩამოყალიბებული დოგმატური სწავლებისა და ისტორიული რეალობისა, დაკავშირებულია ჯვართამაღლების დღესასწაულთანაც. ჯვართამაღლება მიეკუთვნება მართლმადიდებელი ეკლესიის 12 უდიდეს (საუფლო) დღესასწაულს და აღინიშნება 14 (27) სექტემბერს. ამ დღესასწაულის ჩამოყალიბება უკავშირდება ორ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას: 326 წელს, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედის, წმინდა ელენე დედოფლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, იერუსალიმში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები გოლგოთის მიდამოებში. წარმართული ტაძრის დემონტაჟის შემდეგ აღმოაჩინეს სამი ჯვარი. იმის დასადგენად, თუ რომელი იყო ქრისტეს ჯვარი, იერუსალიმის პატრიარქ მაკარის ლოცვით ჯვრები თანმიმდევრობით შეახეს მძიმედ დაავადებულ ქალს (სხვა გადმოცემით - მიცვალებულს). მესამე ჯვრის შეხებისას სნეული განიკურნა (ან მიცვალებული აღდგა), რამაც დაადასტურა ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალა. ხალხის სიმრავლის გამო ყველას არ შეეძლო წმინდა ჯვრის დანახვა და ამბორი, რის გამოც პატრიარქმა მაკარიმ ჯვარი მაღალ ადგილას აღმართა (აამაღლა), ხოლო შეკრებილი მრევლი მუხლმოდრეკითა და ღაღადით („უფალო, შეგვიწყალენ“) სცემდა თაყვანს მას.
614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ აიღო იერუსალიმი, გაძარცვა წმინდა ადგილები და ცხოველსმყოფელი ჯვარი ტყვედ წაიღო. 628 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ (ირაკლი) დაამარცხა სპარსელები, დაიბრუნა წმინდა ჯვარი და 631 წელს იგი საზეიმოდ დააბრუნა იერუსალიმში. გადმოცემის თანახმად, სამეფო სამოსში გამოწყობილ ჰერაკლეს უჭირდა ჯვრის გაზიდვა გოლგოთაზე, სანამ იერუსალიმის პატრიარქ ზაქარიას რჩევით არ გაიხადა ძვირფასი სამოსი და გლახაკის სამოსით, ფეხშიშველმა არ გაიარა ეს გზა.
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ჯვარს რამდენიმე ფუნდამენტური განზომილება გააჩნია: 1. ჯვრის ოთხი მკლავი სიმბოლურად განასახიერებს სამყაროს ოთხ მხარეს (ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) და მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტეს მსხვერპლი ვრცელდება მთელ სამყაროზე, კოსმოსსა და დროსა თუ სივრცეზე. 2. წმინდა მამათა მოძღვრებით, ჯვარმა გააუქმა პირველქმნილი ცოდვის შედეგები. თუ ცოდვა და სიკვდილი სამყაროში შემოვიდა ხის ნაყოფის ჭამით (ცნობადის ხე), კაცობრიობის გამოხსნა და საუკუნო სიცოცხლე კვლავ ხით - ჯვრის ხით დამყარდა. 3. ჯვარი არ არის მხოლოდ გარეგანი სიმბოლო, არამედ შინაგანი მდგომარეობა. ქრისტეს სიტყვები - „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავის თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარ. 8:34) - გულისხმობს ვნებებთან ბრძოლას, თავმდაბლობასა და მოყვასისათვის თავგანწირვას.
ჯვრის ცხოველსმყოფელობითი მნიშვნელობის შესახებ უაღრესად საყურადღებოდა წმინდა მამათა და მსოფლიო მოძღვართა სწავლებანი. წმინდა იოანე ოქროპირის მოძღვრებით: „ჯვარი - ეს არის ცოდვილთა გამართლება, ტყვეთა გამოხსნა, სიკვდილის დათრგუნვა, ეშმაკის დაცემა, მტრის იარაღის გაუქმება და მთელი სოფლის ხსნა, არაფერი ისე არ აღავსებს სულს სიხარულითა და სასოებით, როგორც ჯვარზე ფიქრი და მისი ჭვრეტა. ჯვარმა შეარიგა ღმერთთან ადამიანები, დედამიწა ცად აქცია, ბოროტი სულები განდევნა და კაცობრიობა უმეცრებისგან იხსნა.“ წმინდა ბასილი დიდის შეგონებით: „ჯვარი არის მორწმუნეთა ძალა, ეკლესიის ზღუდე, მტრის დამარცხება და ქრისტიანთა დიდება. იგი არის გზა, რომელიც კაცს მიწისგან ცად აღამაღლებს.“
ამგვარად, ბოროტი ძალის მთავარი ჩანაფიქრი იყო, რომ ჯვარი - იმ დროისთვის სამარცხვინო, საშინელი და წყევლის იარაღი - ქრისტეს მოძღვრების საბოლოო კრახად და სირცხვილად ექცია. ქრისტიანებმა არათუ შეარცხვინეს ან შეიძულეს ეს „იარაღი“, არამედ მასში ქრისტეს უსაზღვრო სიყვარული, თავმდაბლობა და სიკვდილზე საბოლოო გამარჯვება დაინახეს. ამიტომაც არის, რომ ქრისტიანულ ტრადიციაში ჯვარი მიიჩნევა ეშმაკისთვის ყველაზე საზარელ და შიშისმომგვრელ ნიშნად - ის მას ყოველთვის ახსენებს მის უდიდეს და საბოლოო მარცხს.
ჯვრის დიდებისმეტყველება ყველაზე მეტად სადღესასწაულო „განმანათლებელში“ ჩანს: „ჯვარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო, ჯვარო შუენიერებაო ეკლესიათაო, ჯვარო სიმტკიცეო მეფეთაო, ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო, ჯვარო დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო“.
წაიკითხეთ ასევე
ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში
მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა
პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.