პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: საზუ
21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის წილხვედრია.
„საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა; ვადიდებთ, ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მას ამისთვის, რომ ინება, მისი წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი“, — განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ღვთისმშობლის მფარველობის არაერთი მაგალითი არსებობს და ეს მფარველობა დღესაც გრძელდება.
„დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ, ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი მაგალითია ჩვენს ისტორიაში და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს ასევე“, — აღნიშნა შიო III-მ.
ქადაგებისას პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა სულიერი სიხარულის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ქრისტიანმა საკუთარ თავში უნდა შეამოწმოს, რამდენად არის მისი სიხარული დაკავშირებული სულიერ და ქრისტიანულ ღირებულებებთან.
„როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ხოლმე ჩვენი თავი – რა გვიხარია, რა გვწყინს, ვხარობთ თუ არა ამ სულიერი სიხარულით“, — განაცხადა პატრიარქმა.
შიო III-მ ასევე ისაუბრა ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, სინანულისა და საკუთარი ცოდვების განცდის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი ცოდვების დანახვა და მათგან განკურნების სურვილია.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ცოდვების მიმართ გულგრილობა და სულიერი უგრძნობელობა მძიმე მდგომარეობაა და მრევლს მოუწოდა, ამ საკითხზე დაფიქრდნენ.
„თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ, ვიმეორებ, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ამ სულიერ სიხარულს, მაშინ გონს უნდა მოვიდეთ და გამოვსწორდეთ, ვევედროთ უფალს, ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობელობისგან“, — აღნიშნა მან.
ქადაგების მეორე ნაწილში პატრიარქმა აჭარის სულიერ და ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარა საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მხარეა, რადგან სწორედ აქედან უკავშირდება საქართველოს სახარების ქადაგების უძველესი ისტორია.
„აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი, კარიბჭე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები“, — განაცხადა შიო III-მ.
პატრიარქმა წმინდა მოციქულების — ანდრია პირველწოდებულის, სიმონ კანანელისა და მატათას საქართველოში მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ აჭარა მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებულად წმინდა მხარეა.
„აქ იქადაგეს წმინდა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა, მატათამ, რომლის საფლავიც, გადმოცემის მიხედვით, აქ, სულ ახლოს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამიტომ აჭარა ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებით წმინდა მხარეა“, — აღნიშნა პატრიარქმა.
შიო III-მ ასევე ისაუბრა იმ მძიმე ისტორიულ განსაცდელებზე, რომლებიც აჭარის მოსახლეობამ გამოიარა. მისი თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, აჭარის საქართველოსგან და ქრისტიანული სარწმუნოებისგან ჩამოშორებისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ქართული სული და სარწმუნოება შეინარჩუნა.
„მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს აჭარლებმა. მტერი მუდამ ცდილობდა, ჩამოეშორებინა აჭარა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის და სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც“, — განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აჭარაში აშკარად შეინიშნება უფლის, ქრისტესა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ დაბრუნების პროცესი.
„ჩვენ ვხედავთ, როგორი შემობრუნებაა უფლისკენ, ქრისტესკენ, ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, — აღნიშნა შიო III-მ.
პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობას აჭარაში. მან გაიხსენა, რომ ილია II დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმდროინდელ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას და აქტიურად მსახურობდა რეგიონის მოსახლეობაში.
„განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელიც დაახლოებით 7 წლის განმავლობაში იყო ამ ეპარქიის მღვდელმთავარი, მაშინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა. მან ფეხით შემოიარა თითქმის მთელი აჭარა, ხვდებოდა ხალხს, უქადაგებდა სარწმუნოებას და, შედეგად, დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა“, — განაცხადა პატრიარქმა.
შიო III-მ აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწყებული სულიერი აღმშენებლობის პროცესი დღესაც გრძელდება და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რა დიდი აღმშენებლობაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აქ მოღვაწეობის შემდეგ, როგორ გრძელდება ეს აღმშენებლობა, რამდენი ტაძარი და მონასტერი აშენდა, რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ, როგორი საგანმანათლებლო და სოციალური მუშაობა მიმდინარეობს! ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი“, — აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა მიტროპოლიტ დიმიტრის მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი 30-წლიანი მოღვაწეობა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.
„ძვირფასო მეუფე, თქვენ უკვე 30 წელია მოღვაწეობთ ასეთი დიდი რუდუნებით, დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დაწყებულ საქმეს აჭარაში. მინდა, პირადად ჩემი და ჩვენი სინოდის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ერთგული ღვაწლისა და მოშურნეობისთვის“, — მიმართა პატრიარქმა მიტროპოლიტ დიმიტრის.
შიო III-მ განსაკუთრებით გამოყო მიტროპოლიტ დიმიტრის საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობა. მისი თქმით, ეპარქიის ფარგლებში განხორციელებული სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს.
„იმ მოწყალების სავანეებში, სასწავლებლებში ჩვენი ახალგაზრდობა ეუფლება ძალიან ღირსეულ განათლებას, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მოხუცები იღებენ ნუგეშსა და დახმარებას. ეს არის თქვენი დიდი გული, ენერგიისა და მზრუნველობის შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის დიდი სიყვარულით“, — განაცხადა პატრიარქმა.
ქადაგებისას პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ამ საიუბილეო წელს პატრიარქის ვიზიტი და სადღესასწაულო მსახურება სწორედ აჭარაში შედგა.
„განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს შევიკრიბეთ აჭარაში, აჭარის გულში, საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა ჩვენთან, აქ მსახურებისა და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად“, — აღნიშნა შიო III-მ.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მიტროპოლიტ დიმიტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია უსახსოვრა, როგორც სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად.
„მინდა, გისახსოვროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს პანაღია, დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეოხი! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, — მიმართა პატრიარქმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს.
შიო III-მ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება და ლოცვა შეავედრა აჭარას, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, სამღვდელოებას, სამონაზვნო დასსა და მრევლს.
„დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“ — ამ სიტყვებით დაასრულა პატრიარქმა ქადაგება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი.
კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა
ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.
პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.
ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს
წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.