გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის სამონასტრო კომპლექსი. ფოტო: საზუ

გელათის სამონასტრო კომპლექსი. ფოტო: საზუ

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.

კომიტეტის შეფასებით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გელათის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ არაერთი დეზინფორმაციული ინფორმაცია გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეული ჯგუფების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები გელათის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ პროცესს აზიანებს.

კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის დროებითი გადახურვის საკითხზე. მათი განმარტებით, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

კომიტეტის ცნობით, ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 საპროექტო წინადადებიდან და იტალიური ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ერთი პროექტიდან, განხორციელებისთვის შეირჩა სტრუქტურა, რომელიც ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობით შემუშავდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კომიტეტის განმარტებით, ტაძრის გადახურვისთვის გამოყენებული მასალა არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო „ცელოფანს“. საუბარია PVC ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქსოვილზე, რომელიც სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში, შესაბამის საწარმოში, სამი თვის განმავლობაში იქსოვებოდა და, კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ დროებითი გადახურვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ტაძრის არსებული უხარისხო გადახურვების მოხსნა და სველი ინერტული მასალის ეტაპობრივი ამოღება.

ფრესკების მდგომარეობა:

განცხადებაში ასევე უარყოფილია ინფორმაცია, თითქოს გელათის ტაძრის ინტერიერში ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებით, ტაძარში ყველა კრიტიკული კერა სტაბილიზებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეგმური და ეტაპობრივი საკონსერვაციო სამუშაოები.

კომიტეტი ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ წერილს, რომლის ავტორიც საკუთარ თავს „გელათის სტიქაროსანს“ უწოდებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული პირი გელათის მონასტრის სტიქაროსანი ან იქ მსახური სასულიერო პირების მრევლის წარმომადგენელი არ არის და წერილში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

### სადრენაჟე სისტემის საკითხი

კომიტეტი განმარტავს გელათის ისტორიული სადრენაჟე სისტემის საკითხსაც.

განცხადების მიხედვით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ეპოქაში მოწყობილმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება 1510 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შედეგად სისტემამ ფუნქცია დაკარგა.

კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაც დასტურდება. მათი განმარტებით, სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში მიწით, ნაცრითა და ნახშირით იყო ამოვსებული.

მიკროკლიმატის კვლევა და პროფესორ დარიო კამუფოს ანგარიში:

განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გელათის ტაძრების მიკროკლიმატის კვლევასაც.

კომიტეტის ცნობით, კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სფეროში ერთ-ერთ აღიარებულ სპეციალისტად არის წარმოდგენილი.

კომიტეტი განმარტავს, რომ გელათის ტაძარში არსებული კლიმატოლოგიური პრობლემა დაკავშირებულია ტემპერატურის სეზონურ ცვლილებებთან.

განცხადების თანახმად, გაზაფხულზე გარე ტემპერატურის მატებისას ტაძრის დაახლოებით 170 სანტიმეტრი სისქის კედლები ზამთრის სიცივეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს. ამ დროს ტაძარში თბილი ჰაერის შესვლის შედეგად შესაძლოა წარმოიქმნას ტემპერატურული კონტრასტი, რაც იატაკისა და კედლების ქვედა ნაწილებში, დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიმაღლემდე, ტენის კონდენსაციას იწვევს.

კომიტეტის განმარტებით, პროფესორ კამუფოს მიერ იატაკის ნელ-ნელა შეთბობა ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად არის დასახელებული, თუმცა ეს ამ ეტაპზე მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა და მის განხორციელებამდე დამატებითი დეტალური კვლევა და დამუშავებაა საჭირო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ტექნოლოგიური მიდგომები ევროპის ისტორიულ ტაძრებში ტემპერატურული ცვლილებებით გამოწვეული კონდენსაციის პრევენციის მიზნით გამოიყენება.

### „Pilot restoration“ — საპილოტე და არა ექსპერიმენტული რესტავრაცია

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გამოეხმაურა იტალიურ ინსტიტუტთან — Opificio delle Pietre Dure_თან გაფორმებულ მემორანდუმზეც გავრცელებულ კრიტიკას.

კომიტეტის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, თითქოს გელათში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად მიიწვიეს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე, ანუ საცდელ რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს.

კომიტეტის განმარტებით, კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს მიღებული პროფესიული პრაქტიკაა — მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე საკონსერვაციო ხსნარები და მეთოდები მცირე და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება. დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში კი შესაძლებელია სრულმასშტაბიანი სამუშაოების დაწყება.

გელათის მოზაიკის მდგომარეობა:

კომიტეტი ასევე საუბრობს გელათის უნიკალური მოზაიკის მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ საკითხისადმი არსებული ყურადღება ახალი არ არის.

განცხადებაში მოყვანილია 1989 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რესტავრატორი კარლო ბაკურაძე წერდა, რომ გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკის დაახლოებით 85 პროცენტი საფუძველს იყო მოშორებული.

კომიტეტის განცხადებით, 1990 წლიდან გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის შექმნამდე მოზაიკის მდგომარეობის სისტემური შესწავლა სათანადოდ არ განხორციელებულა.

განცხადების თანახმად, კარლო ბაკურაძის 1980-იანი წლების შეფასებებსა და რობერტო ნარდის თანამედროვე ანგარიშს შორის მოზაიკის დაზიანებების სიმძიმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თანხვედრა იკვეთება.

კომიტეტი ასევე აკრიტიკებს იმ ადამიანების შეფასებებს, რომლებიც საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე საუბრობენ და განცხადებაში პარალელს ავლებს ბაგრატის ტაძარში არსებული წყლის ჩადინების პრობლემასთან.

კომიტეტი კრიტიკოსებს პროფესიული ეთიკის დაცვისკენ მოუწოდებს:

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გელათში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესის რეპუტაციული დაზიანებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობებისგან.

„გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან“ — აღნიშნულია განცხადებაში.

კომიტეტი აცხადებს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესი მასშტაბით, სამეცნიერო კვლევების სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უპრეცედენტოა.

კომიტეტის საბოლოო შეფასებით, გელათში მიმდინარე სამუშაოები საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკისა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

„საზოგადოების მართებულად ინფორმირებულობისთვის კი, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს“, — ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.