საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგება ილიაობის დღესასწაულზე

საქართველოს პატრიარქი შიო მესამე სამებაში მრევლს ქადაგებით მიმართავს. ფოტო: მჟკ

ილიაობის დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მან ილია II-ის ცხოვრების, მოღვაწეობისა და სულიერი სიმტკიცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მაგალითი დღევანდელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ქადაგების დასაწყისში პატრიარქმა ილოცვა და დამსწრეებს ილიაობის დღესასწაული მიულოცა. მან გაიხსენა, რომ ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებული იყო საქართველოს ეკლესიისთვის, რადგან მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ამ დღეს იკრიბებოდა ეკლესია, წმინდა ლიტურგიას ილია II-სთან ერთად აღასრულებდა და მის ანგელოზის დღეს აღნიშნავდა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წელს მორწმუნეები კვლავ შეიკრიბნენ ჯერ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, შემდეგ კი სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია II-ის საფლავთან, რათა მისდამი სიყვარული, მადლიერება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოეხატათ.

შიო III-მ ქადაგება დღევანდელი სახარების განმარტებით გააგრძელა. მან გაიხსენა უფალ იესო ქრისტეს ზღვაზე სვლის ეპიზოდი, როდესაც ქარიშხალში მყოფ მოციქულებს უფალი გამოეცხადა, ხოლო პეტრე მოციქული მისი მოწოდებით წყალზე გავიდა, თუმცა ძლიერი ქარისა და ტალღების დანახვისას შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო.

პატრიარქის თქმით, ეს სახარებისეული ეპიზოდი თითოეული ადამიანის ცხოვრებას ასახავს.

მისი განმარტებით, ცხოვრების გზაზე ხშირად დგება ისეთი განსაცდელები, როდესაც ადამიანს ყველაფერი ერყევა, თუმცა სწორედ ამ დროს უნდა მიმართოს უფალს რწმენით და არ დაეჭვდეს მის შეწევნაში.

„თუ პეტრეს მსგავსად ვიტყვით – „თუ ეს შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც შენკენ წამოვიდე“, მაშინ ქარიშხლის აღარ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ყოველ ქარიშხალში იმყოფება იესო ქრისტე და სწორედ ის გვეუბნება: „ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ“. ხოლო თუ შიშის გამო დავიწყებთ ჩაძირვას, პეტრეს მსგავსად უნდა შევღაღადოთ: „მიხსენ მე, უფალო!“ – და უფალი აუცილებლად გამოგვიწვდის ხელს,“ – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ადამიანის ყველაზე დიდი საფრთხე მაშინ დგება, როდესაც იგი ღვთის მოქმედებას უარყოფს და საკუთარი ძალების იმედად რჩება.

„თუ თვითდაჯერებულობითა და სიჯიუტით ვიტყვით, რომ ეს მოჩვენებაა, როგორც ეს არაერთ ადამიანს ემართება, მაშინ ჩვენი დაღუპვა უკვე გარდაუვალი ხდება. ამიტომ უფალი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების საფუძველი, ჩვენი კლდე, რომელზეც მთელი ცხოვრება აშენდება,“ – განაცხადა შიო III-მ.

ქადაგების მთავარი ნაწილი პატრიარქმა ილია II-ის ხსოვნას მიუძღვნა. მისი თქმით, ილია II სწორედ იმ ადამიანის მაგალითი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება ქრისტეს ეკლესიაზე, რწმენასა და ღვთის სასოებაზე ააგო.

„რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი მისი უწმინდესობის საფლავთან? იმიტომ, რომ ბევრი სხვა სათნოებისა და ღირსების გარდა, ერთ-ერთი მთავარი, რაც მას გამოარჩევდა, იყო ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია უდრეკი იყო რწმენაში და უფლის სწავლებაზე. ეკლესიის კლდეზე ჰქონდა დაფუძნებული თავისი ცხოვრება. თვითონაც კლდესავით მტკიცე იყო როგორც რწმენაში, ისე ეკლესიურ ცხოვრებასა და ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში,“ – აღნიშნა პატრიარქმა.

შიო III-მ გაიხსენა ის ურთულესი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ილია II საქართველოს ეკლესიას წინამძღვრობდა. მისი თქმით, ამ ათწლეულებში ქვეყანამ და ეკლესიამ არაერთი მძიმე განსაცდელი, ომი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისი გამოიარა, თუმცა პატრიარქი ილია II ყოველთვის ურყევი რჩებოდა.

„რამდენი ქარიშხალი დატრიალდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკლესიის თავს იმ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც მისი უწმინდესობა მართავდა ეკლესიას. ამაზე დიდი განსაცდელები ისტორიაში ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ვერაფერმა ვერ შეარყია მისი რწმენა, მისი მოშურნეობა, მისი იმედი და სასოება ღვთისადმი. სწორედ ამ რწმენით მან შეძლო ეკლესიისა და ქვეყნის მასშტაბური აღმშენებლობის წარმართვა,“ – განაცხადა მან.

პატრიარქმა განსაკუთრებული მადლიერებით ისაუბრა ილია II-ის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ეს სიყვარული და მადლიერება განსაკუთრებულად გამოხატა მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა მადლობა გადავუხადოთ მას, ქედი მოვიხაროთ მისი უდიდესი ღვაწლის წინაშე და უფალს შევევედროთ მისი სულის განსვენებისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისთვის,“ – აღნიშნა შიო III-მ.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს ილიაობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის მეოხებით საქართველოს დალოცვა, გაძლიერება, გამთლიანება და გადარჩენა შესთხოვა უფალს.

სიტყვის ბოლოს შიო III-მ ასევე პატივი მიაგო იმ დღეს დაკრძალულ ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, გურამ ქაშაკაშვილს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ პირადად იცნობდა მას, როგორც გამორჩეულ მამულიშვილსა და ღირსეულ ადამიანს, რომელმაც არაერთხელ გამოხატა მის მიმართ სიყვარული და თანადგომა. მან გურამ ქაშაკაშვილის სულისათვის ილოცა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და უფალს მისი ცათა სასუფეველში დამკვიდრება შესთხოვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგება ილია II-ის პანაშვიდის შემდეგ.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.