საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგება ილია II-ის პანაშვიდის შემდეგ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

ილიაობის დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მრევლს ვრცელი ქადაგებით მიმართა.

ქადაგების დასაწყისში პატრიარქმა ილიაობის დღესასწაული მიულოცა სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს და აღნიშნა, რომ ეს დღე წლების განმავლობაში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნებოდა, რადგან ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თან ერთად აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას და ულოცავდა მას ანგელოზის დღეს.

მისი თქმით, წელს ეკლესია კვლავ შეიკრიბა, რათა ილია II-ის საფლავთან კიდევ ერთხელ გამოეხატა მისდამი სიყვარული, მადლიერება და პატივი, ასევე გაეხსენებინა მისი განუზომელი ღვაწლი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე.

ქადაგების მთავარი ნაწილი დღევანდელ სახარებისეულ საკითხავს დაეთმო. უწმინდესმა შიო III-მ გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქარიშხლიან ზღვაზე მიდიოდა მოციქულებთან, ხოლო პეტრე მოციქულმა რწმენით გადადგა ნაბიჯი მისკენ, თუმცა შიშის გამო ჩაძირვა დაიწყო. პატრიარქმა განმარტა, რომ ეს სახარებისეული ამბავი თითოეული ადამიანის ცხოვრების სიმბოლოა.

„ჩვენს ცხოვრებაშიც ხშირად დგება ქარიშხლები, რომლებიც გვაშინებს და გვაბრკოლებს. ასეთ დროს არ უნდა დავეჭვდეთ, არამედ პეტრეს მსგავსად უნდა შევღაღადოთ უფალს – „მიხსენ მე, უფალო!“ – რადგან უფალი ყოველთვის გვიწვდის ხელს და არ გვტოვებს განსაცდელში,“ – აღნიშნა უწმინდესმა.

შიო III-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქრისტე არის ის კლდე, რომელზეც უნდა აშენდეს ადამიანის ცხოვრება. მისი თქმით, მხოლოდ ამ საფუძველზე დამყარებული ცხოვრება გაუძლებს ცხოვრებისეულ ქარიშხლებს.

ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობაზე საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მტკიცე რწმენამ განსაზღვრა მისი მრავალწლიანი მსახურება.

„მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II უდრეკი იყო რწმენაში. უფლის სწავლებაზე, ეკლესიის კლდეზე ჰქონდა დაფუძნებული თავისი ცხოვრება. თვითონაც კლდესავით მტკიცე იყო რწმენაში, ეკლესიურ ცხოვრებასა და ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში. მიუხედავად იმ მძიმე განსაცდელებისა და ისტორიული ქარიშხლებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებას ახლდა, ვერაფერმა ვერ შეარყია მისი რწმენა, სასოება და მოშურნეობა. ამავე დროს მან შეძლო საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის დიდი სულიერი აღმშენებლობის წარმართვა,“ – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული ილია II-ის მიმართ ნათლად გამოჩნდა მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, როდესაც საზოგადოებამ ერთიანობითა და მადლიერებით მიაგო პატივი მის ღვაწლს.

ქადაგების დასასრულს შიო III-მ მორწმუნეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ილიაობის დღესასწაული და უფალს შესთხოვა, წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ლოცვით, აცხოვნოს ილია II-ის სული, დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.

პატრიარქმა ასევე გაიხსენა იმ დღეს დაკრძალული საზოგადო მოღვაწე გურამ ქაშაკაშვილი, მას გამორჩეული მამულიშვილი უწოდა, მისი სული დალოცა და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. შიო III-მ აღნიშნა, რომ გურამ ქაშაკაშვილი პირადად იცნობდა, არაერთხელ გამოუხატავდა სიყვარულსა და თანადგომას და ამისთვის მადლიერებით გაიხსენა მისი სახელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამების საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.