წმინდა კვირიკე და ივლიტა - ქრისტეს ერთგული დედა-შვილი

წმინდა კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძარი სვანეთში. ფოტო: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში თავდადებისა და მოწამეობის უამრავი მაგალითი არსებობს, თუმცა წმინდა კვირიკესა და ივლიტას ისტორია განსაკუთრებული სევდითა და, ამავდროულად, უდიდესი სულიერი სიმტკიცით გამოირჩევა. IV საუკუნეში, რომის იმპერიაში ქრისტიანთა სასტიკი დევნისას, სამი წლის ბავშვმა და მისმა დედამ საკუთარი სიცოცხლით დაამტკიცეს რწმენის უძლეველობა და მომავალ თაობებს სულიერი გმირობის უდიდესი მემკვიდრეობა უანდერძეს.

წმინდა ივლიტა მცირე აზიის ქალაქ იკონიის მკვიდრი, წარჩინებული და მდიდარი ქრისტიანი ქალი იყო. როდესაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ქრისტიანების მასობრივი და დაუნდობელი დევნა დაიწყო, ივლიტამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიწიერ კეთილდღეობაზე, რათა უმთავრესი სულიერი საუნჯე - სარწმუნოება შეენარჩუნებინა. მან მიატოვა მთელი თავისი ქონება და მცირეწლოვან ვაჟთან, კვირიკესთან ერთად, ჯერ ქალაქ სელევკიაში, შემდეგ კი ტარსუსში გაიქცა. თუმცა, განსაცდელმა მათ ტარსუსშიც ჩააკითხა. დედა-შვილი ამოიცნეს და ქალაქის მმართველს, სისასტიკით ცნობილ ალექსანდრეს წარუდგინეს. ივლიტამ მმართველის წინაშე უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და კატეგორიული უარი თქვა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. განრისხებულმა მმართველმა მისი სასტიკად წამება ბრძანა.

სანამ დედას აწამებდნენ, პატარა კვირიკე მმართველს კალთაში ეჯდა. ბავშვი გამუდმებით ტიროდა და სატანჯველად განწირული დედისკენ იწევდა. ალექსანდრე ცდილობდა მის დამშვიდებას, მოფერებასა და ყურადღების გადატანას, თუმცა 3 წლის კვირიკემ მოულოდნელი სითამამით შესძახა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ და მმართველს სახეზე დაკაწრა. ამ სიტყვებმა და ბავშვის ქმედებამ ალექსანდრე წყობიდან გამოიყვანა - მან პატარა კვირიკე მაღალი ქვის კიბიდან გადააგდო. ბავშვი კიბეზე თავის დარტყმის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა და იქცა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მოწამედ.

შვილის ტრაგიკული სიკვდილის ხილვისას ივლიტას არ უტირია. პირიქით, მან მადლობა შესწირა უფალს, რომ კვირიკემ მასზე ადრე დაიმსახურა მოწამეობრივი გვირგვინი და სასუფეველი დაიმკვიდრა. ამის შემდეგ, დაახლოებით 304 წელს, სასტიკი წამების შემდგომ, თავად ივლიტასაც თავი მოკვეთეს.

სრულიად საქრისტიანოში ამ წმინდანების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ისტორიულად არსებობდა. მართლმადიდებელი ეკლესია მათ ხსენებას 28 ივლისს (საეკლესიო სტილით 15 ივლისს) აღნიშნავს, რასაც ხალხში „კვირიკობას“ უწოდებენ. ტრადიციულად, წმინდა კვირიკე და ივლიტა ოჯახის სიმტკიცის, დედა-შვილობისა და მცირეწლოვანი ბავშვების მფარველებად მიიჩნევიან და მათ ავადმყოფი ბავშვების გამოსაჯანმრთელებლად ევედრებიან.

ამ დიდი წმინდანების თაყვანისცემის გამორჩეული და უნიკალური ტრადიცია სვანეთშია შემორჩენილი. სოფელ კალაში, მაღალ მთაზე, მდებარეობს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის XI საუკუნის ტაძარი, რომელსაც სვანები „ლაგურკას“ უწოდებენ. ლაგურკა სვანეთის უმთავრესი სალოცავია და ერთგვარ სულიერ ცენტრს წარმოადგენს. კვირიკობის დღესასწაულზე აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება, რათა წმინდანებს ოჯახის მშვიდობა და ბავშვების კეთილდღეობა შესთხოვონ.

შესაძლოა დაგვებადოს კითხვა - რატომ შეიყვარა ქართველმა ადამიანმა განსაკუთრებით წმინდა კვირიკე და ივლიტა? პასუხი ქართველი ხალხის ფსიქოლოგიაში, ისტორიულ გამოცდილებასა და კულტურულ ფასეულობებში უნდა ვეძებოთ. ქართულ კულტურასა და მენტალობაში დედის ფენომენს, დედაშვილურ კავშირსა და თავდადებას უმაღლესი, თითქმის საკრალური ადგილი უკავია. ივლიტას სახე - დედისა, რომელიც შვილს  უდიდესი ტკივილითა და ამავდროულად ღვთიური იმედით სწირავს - ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ქართული ცნობიერებისთვის. ქართველმა ქალმა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უწევდა შვილების ომში გასტუმრება ან მტრის შემოსევებისას მათი დაცვა, ივლიტაში საკუთარი თავი, საკუთარი ტკივილი და სულიერი სიძლიერე დაინახა. გარდა ამისა, საქართველოს ისტორია, ფაქტობრივად, ქრისტიანობისთვის დაუსრულებელი ბრძოლისა და მოწამეობის ისტორიაა. ჩვენი წინაპრებისთვის სარწმუნოების გამო დევნა, წამება და სიკვდილი მხოლოდ წიგნებში წაკითხული ამბავი არ ყოფილა — ეს მათი ყოველდღიური რეალობა იყო. როდესაც ქართველები კვირიკესა და ივლიტას ისტორიას ისმენდნენ, ისინი მასში საკუთარ ეროვნულ ბედს კითხულობდნენ. მტრის წინაშე უშიშრად მდგომი 3 წლის ბავშვი სიმბოლურად განასახიერებდა თავად საქართველოს - მცირერიცხოვან, დაუცველ, მაგრამ სულიერად უტეხ ქვეყანას, რომელსაც უზარმაზარი იმპერიები ვერაფერს აკლებდნენ.

წმინდა კვირიკესს და ივლიტას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საზოგადო წმინდანები. ვინაიდან ისინი ქრისტიანული ეკლესიის გაყოფამდე (სქიზმამდე) ეწამნენ, მათ პატივით იხსენიებს როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური ეკლესიები. მაგალითად, იტალიაში წმინდა კვირიკეს სან კვირიკო ეწოდება და მას უამრავი ქალაქის მფარველად მიიჩნევენ. ტოსკანის რეგიონში მდებარეობს ულამაზესი და ისტორიული ქალაქი სან კვირიკო დ'ორჩა (San Quirico d'Orcia), სადაც მათი სახელობის უძველესი ტაძარია. იტალიურ ტრადიციაშიც, ისევე როგორც ჩვენთან, წმინდა კვირიკე და ივლიტა ბავშვების, დედებისა და ოჯახის მფარველებად მიიჩნევიან. მათი ხსენების დღეს იტალიის არაერთ ქალაქში იმართება ადგილობრივი ფესტივალები, სადაც ქუჩაში გამოაქვთ წმინდანების რელიკვიები და ლოცულობენ ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ესპანეთში, განსაკუთრებით კატალონიის რეგიონში, წმინდა კვირიკეს სან კირზე ჰქვია. აქაც მრავალი დასახლებული პუნქტი და მუნიციპალიტეტი ატარებს მის სახელს. კატალონიურ ფოლკლორსა და ხალხურ ტრადიციებშიც ეს წმინდანები ბავშვთა კეთილდღეობასთან არიან დაკავშირებულნი.

საინტერესოა წმინდა კვირიკესა და ივლიტასთან დაკავშირებული იკონოგრაფიული თავისებურებანი. მართლმადიდებლურ ხატწერაში წმინდა კვირიკე, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 3 წლის იყო, არ იხატება ჩვეულებრივი, უსუსური ჩვილის სახით. ის გამოხატულია როგორც სრულფასოვანი, დამოუკიდებელი წმინდანი და მოწამე. მას, ისევე როგორც მის დედას, ხელში უჭირავს ჯვარი. ხშირად კვირიკეს აცვია ზრდასრული ადამიანის (ან რომაელი დიდგვაროვნის) ტრადიციული სამოსი. ეს ხატწერის ცნობილი ხერხია, რომელიც მიუთითებს არა ბავშვის ფიზიკურ ასაკზე, არამედ მის სულიერ სიმწიფესა და გმირობაზე. უფრო ხშირად მოწამე დედა-შვილს ერთად გამოსახავენ - ივლიტას კვირიკე მარცხენა ან მარჯვენა მკლავზე ჰყავს შესმული (ღვთისმშობლის ხატების მსგავსად). ეს ხაზს უსვამს მათ უახლოეს დედაშვილურ კავშირს. ზოგ ხატზე ისინი გვერდიგვერდ დგანან. კვირიკე დედას წელამდე სწვდება, მაგრამ ორივენი თანასწორი მოწამეების სტატუსით იყურებიან წინ. ორივეს სამოსში ხშირად ჭარბობს წითელი ფერი, რაც ქრისტესთვის დაღვრილ სისხლს განასახიერებს.

წმინდა კვირიკესა და ივლიტას ისტორია არ არის მხოლოდ შორეული წარსულის ტრაგიკული ეპიზოდი. ის არის მარადიული შეხსენება იმისა, თუ რამხელა ძალა აქვს ჭეშმარიტ რწმენას, რომელსაც ვერც მიწიერი კეთილდღეობის დაკარგვა, ვერც ფიზიკური ტკივილი და ვერც სიკვდილის შიში ვერ ამარცხებს. სამი წლის კვირიკესა და მისი გმირი დედის სახელები დღემდე მანათობელ ვარსკვლავებად რჩება ქრისტიანულ სამყაროში, როგორც სულიერი სიძლიერისა და თავდადების უკვდავი სიმბოლო.

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.

რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?