თუ ღმერთმა ისედაც იცის ჩემი ჩადენილი ცოდვები, რა საჭიროა აღსარება?
ილუსტრაცია - თუ სხეულებრივ ავადმყოფობას ექიმი სჭირდება, სულიერ დაავადებას სულიერი მკურნალობა ესაჭიროება: მჟკ
აღსარება (ბერძნულად „მეტანოია“, რაც გონების, აზროვნების შეცვლას ნიშნავს) ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. ის არ არის უბრალოდ საკუთარი შეცდომების ჩამოთვლა; ეს არის სულიერი განბანვის, შინაგანი ტრანსფორმაციისა და შემოქმედთან დაკარგული კავშირის აღდგენის პროცესი. აღსარების საიდუმლო ადამიანების მიერ მოგონილი პრაქტიკა არ არის - იგი უშუალოდ მაცხოვარმა, იესო ქრისტემ დააწესა. სახარების მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვარი გამოეცხადა თავის მოციქულებს, შეჰბერა მათ სული და უთხრა: „მიიღეთ სულიწმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (ინ. 20:22-23). ამ ქმედებით მაცხოვარმა მოციქულებს მიანიჭა ცოდვათა მიტევებისა და შეკვრის ძალაუფლება. მოგვიანებით, ეს მადლი და ძალმოსილება ხელდასხმის გზით გადაეცათ ეპისკოპოსებს, ხოლო მათგან - მღვდლებს. შესაბამისად, მღვდელი აღსარებისას მოქმედებს არა საკუთარი, არამედ საღმრთო მადლით.
ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში აღსარებას ხშირად საჯარო ხასიათი ჰქონდა. მორწმუნეები თავიანთ მძიმე ცოდვებს მთელი თემის წინაშე ინანიებდნენ, რაც დიდ სულიერ ძალასა და თავმდაბლობას მოითხოვდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, მორწმუნეთა რიცხვის ზრდისა და გარკვეული სირთულეების (მაგალითად, ცოდვის გამჟღავნებით გამოწვეული უხერხულობის) გამო, ეკლესიამ აღსარების ფორმა შეცვალა და იგი ფარული გახადა. დღეს ეს პროცესი ინდივიდუალურია და სრულდება მხოლოდ ღვთისა და მღვდლის (როგორც მოწმის) წინაშე, ხოლო აღსარების საიდუმლოს გაუთქმელობა სასულიერო პირისთვის უმკაცრესი კანონით კონტროლდება.
ქრისტიანული სწავლებით, ცოდვა იურიდიული დანაშაული კი არა, სულიერი დაავადებაა, რომელიც ადამიანს აშორებს სიცოცხლის წყაროს - ღმერთს.
თუ სხეულებრივ ავადმყოფობას ექიმი სჭირდება, სულიერ დაავადებას სულიერი მკურნალობა ესაჭიროება. ეკლესიის მამები აღსარებას „მეორე ნათლობას“ (ცრემლით ნათლობას) უწოდებენ. ნათლობისას ადამიანი თავისუფლდება პირველქმნილი და მანამდე ჩადენილი ცოდვებისგან, თუმცა ცხოვრების განმავლობაში მისი სული კვლავ იბღალება. აღსარება სწორედ ის საშუალებაა, რომელიც მორწმუნეს უბრუნებს ნათლობისას მინიჭებულ პირვანდელ სისპეტაკეს.
ქრისტიანთა შორის, რომელთაც უჭირს მოძღვრის წინაშე საკუთარი ცოდვების გაჟღავნება, ხშირად ისმის კითხვა: „თუკი ღმერთისთვის (როგორც ყოვლისმცოდნისთვის) ისედაც ცხადია ჩემი ცოდვები, რაღა საჭიროა მათი ხმამაღლა გაჟღერება მღვდლის წინაშე?“ პასუხი კითხვაზე ცალსახაა: დიახ, ღმერთმა ყველაფერი იცის. მან ჩვენს დაბადებამდეც იცის, რა შეცდომებს დავუშვებთ, მაგრამ ღმერთი პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ ნებას. უფალი ძალით არავის კურნავს. მას სურს, რომ ადამიანმა თავად დაინახოს საკუთარი დაცემა, თავად შეიძულოს ცოდვა და ნებაყოფლობით ითხოვოს შეწევნა. სანამ ავადმყოფი ექიმთან არ მივა და არ ეტყვის: „მე მტკივა, გთხოვ, დამეხმარე“, ექიმი მკურნალობას ვერ დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზუსტად ხედავდეს დიაგნოზს. აღსარების არსი სწორედ იმაშია, რომ იგი არ არის მხოლოდ მოძღვრის წინაშე შენს მიერ ჩადენილი ცოდვის აღიარება, ის არ არის ღმერთის ინფორმირებულობა, არამედ ბევრად მეტია, ის არის საკუთარი დაცემული მდგომარეობის გაცნობიერება და სურვილი, რომ სინანულის გზით ღმერთმა პირვანდელი, განწმედილი მდგომარეობა გიბოძოს. ეს არის აღსარების ონტოლოგიური არსი, რომელიც ხშირად იკარგება, როდესაც ადამიანები პროცესს მხოლოდ იურიდიულ ან მორალურ ჭრილში უყურებენ. ცოდვა ქრისტიანობაში ხომ წესის დარღვევაზე მეტად ადამიანის ბუნების დაზიანებაა - იმ ხატებისა და მსგავსების დაბინდვა, რითაც ის შეიქმნა.
როდესაც ადამიანი ცოდვას მხოლოდ გონებაში ინანიებს, ხშირად ხდება საკუთარი თავის მართლება, სინდისის ხმის ჩახშობა ან დანაშაულის შემსუბუქება. ხმამაღლა თქმა კი ადამიანს აიძულებს, პირისპირ დაუდგეს თავის შეცდომას. ცოდვის სხვა ადამიანის (მოძღვრის) წინაშე ხმამაღლა აღიარება მოითხოვს უდიდეს თავმდაბლობას. ეს არის დარტყმა ადამიანურ ეგოზე, სიამაყესა და პატივმოყვარეობაზე. სანამ ადამიანი საკუთარ სირცხვილს არ სძლევს, მანამ ნამდვილი განკურნება ვერ იწყება. ვინაიდან ცოდვა სნეულებაა, ყველა სნეულებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მოძღვარი, როგორც სულიერი მკურნალი, აღსარების მოსმენის შემდეგ მორწმუნეს აძლევს კონკრეტულ სულიერ რჩევებს, დარიგებებს ან უნიშნავს ეპიტიმიას, რაც სასჯელი კი არ არის, არამედ წამალია სულის განსაკურნებლად.
მორწმუნეთა მხრიდან დასმული ეს კითხვა, არ არის მხოლოდ თანამედროვე „დილემა“, კაცთა მოდგმას მუდამ აწუხებდა მსგავსი შეკითხვები, შესაბამისად ეკლესიასაც ყოველთვის გააჩნდა მყარი პოზიცია. აი, რას ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი: „ცოდვების აღიარება აუცილებელია მათ წინაშე, ვისაც ღვთის საიდუმლოთა განგებულება აქვს მინდობილი. ჩვენ ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც სხეულის სნეულებათა დროს: როგორც ადამიანები არ უმალავენ თავიანთ ფიზიკურ სნეულებებს მკურნალებს, არამედ აჩვენებენ მათ, რათა წამალი მიიღონ, ასევე ცოდვებიც უნდა გაცხადდეს მათ წინაშე, ვისაც სულის მკურნალობის მადლი აქვს ბოძებული.“ იგივე აზრს ავითარებს წმინდა იოანე ოქროპირიც. ოქრომესიტყვე მღვდელმთავრის სწავლებით: „ღმერთმა უწყის შენი ცოდვები მანამ, სანამ მათ ჩაიდენდი, მაგრამ ის შენგან ითხოვს აღიარებას არა იმიტომ, რომ თავად გაიგოს რაიმე, არამედ იმიტომ, რომ შენ ისწავლო შენი ცოდვის გააზრება. მას სურს, რომ შენ თავად დაგმო შენი შეცდომები, რათა ამ აღიარებით მოიპოვო სიმდაბლე. ნუ გრცხვენია აღსარების, რადგან სირცხვილი ცოდვის ჩადენისას არის საჭირო და არა მისი განკურნებისას.“ საგულისხმოა ღირსი ეფრემ ასურის შეგონებაც, რომელიც ბრძანებს: „ნუ გრცხვენია აღიარო შენი ცოდვები, რათა არ მოგიხდეს მათი აღიარება საშინელ სამსჯავროზე, მთელი სამყაროს, ანგელოზთა და კაცთა წინაშე.“
აღსარება შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი თავის შეცნობის უდიდეს ნიჭად. საეკლესიო სწავლებით საკუთარი თავის შეცნობა და სინანული (აღსარება) ერთმანეთთან უწყვეტ კავშირშია. ადამიანი, რომელიც შორს არის აღსარების საიდუმლოსგან, ხშირად საკუთარ თავს ილუზიაში ხედავს - თვლის, რომ „ცუდი არავისთვის არაფერი ჩაუდენია“ ან „სხვებზე უკეთესია“. ნამდვილი სინანული კი არის ნიჭი, რომელიც ადამიანს აძლევს სულიერ სინათლეს, რათა ჩაიხედოს საკუთარ სულში და დაინახოს ის ფარული მანკიერებები (ამპარტავნება, შური, განკითხვა), რომლებსაც მანამდე ვერ ამჩნევდა. ღირსი ისააკ ასური ბრძანებს: „ვინც ღირსი გახდა საკუთარი ცოდვების დანახვისა, იგი იმაზე დიდია, ვინც თავისი ლოცვით მკვდრებს აღადგენს. ვინც ღირსი გახდა საკუთარი თავის შეცნობისა, იგი მასზე დიდია, ვინც ანგელოზთა ხილვის ღირსი შეიქნა.“
ამგვარად, აღსარება არის არა ფორმალური სასამართლო, არამედ ღვთიური სიყვარულის გამოვლინება და სულის განმაკურნებელი, სადაც ადამიანი თავისუფალი ნებით, სიამაყის დაძლევითა და უდიდესი თავმდაბლობით ხმამაღლა აღიარებს საკუთარ სნეულებებს მოძღვრის წინაშე; ამ საიდუმლოებრივი აქტის დროს ადამიანური სინანული და საღმრთო მადლი ერთმანეთს ხვდება, რათა სულიდან ამოიძირკვოს ცოდვა, განიკურნოს ადამიანის დაზიანებული ბუნება და მორწმუნეს მიენიჭოს სულიერი განახლებისა და შემოქმედთან დაკარგული კავშირის აღდგენის სიხარული.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა
პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.
რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?
სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?