შიო III-მ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღასრულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ
21 ივნისს, სულთმოფენობიდან მესამე კვირას, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
პატრიარქთან ერთად მსახურებაში მონაწილეობდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურებას მრავალი მორწმუნე ესწრებოდა.
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა მართლმადიდებელი ქურთი და იეზიდი ერების წარმომადგენლები, რომლებიც ამ დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი პატრიარქმა მრევლს ვრცელი ქადაგებით მიმართა და დღევანდელი სახარებისეული საკითხავის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქადაგების დასაწყისში შიო III-მ გაიხსენა სახარებისეული ეპიზოდი, როდესაც უფალ იესო ქრისტეს უამრავი ადამიანი მიჰყვებოდა, ხოლო მან მთაზე ასვლის შემდეგ წარმოთქვა ქადაგება, რომელმაც კაცობრიობას სრულიად ახალი ხედვა მისცა სიკეთის, ცხოვრების მიზნისა და ადამიანური ღირებულებების შესახებ.
პატრიარქის თქმით, სწორედ ამ ქადაგებაში ამბობს უფალი სიტყვებს, რომლებიც დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ... პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ.“
„ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად სწორედ საპირისპიროდ ვიქცევით. პირველ რიგში ვეძებთ იმას, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა, ხოლო ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეს შემდეგ ვუტოვებთ ადგილს. უფალი კი გვეუბნება, რომ თუ პირველად ვეძიებთ სასუფეველს, დანარჩენი ყველაფერი თავად შეგვემატება. ღმერთს სურს, რომ ადამიანმა იცხოვროს, იმუშაოს, ჰქონდეს აუცილებელი პირობები, მაგრამ ამისთვის საჭიროა სწორი სულიერი ორიენტირები,“ — აღნიშნა პატრიარქმა.
მისი თქმით, სწორედ არასწორი პრიორიტეტები ხდება ხშირად ადამიანის სულიერი პრობლემებისა და ღმერთთან დაშორების მიზეზი.
„როდესაც ცხოვრების მთავარ მიზნად მხოლოდ ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვაქცევთ, ვცოდავთ და თანდათან ვშორდებით ღმერთს. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გვატყდება თავს განსაცდელები, რატომ ვგრძნობთ სულიერ სიცარიელეს, რატომ გვაკლია სიმშვიდე. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ცხოვრებას გადავხედოთ და დავფიქრდეთ, რამდენად სწორად გვაქვს დალაგებული ჩვენი პრიორიტეტები, ხშირად ვეძებთ გამართლებას და მიზეზებს სხვაგან,“ — ბრძანა მან.
პატრიარქმა განმარტა, რომ ქრისტიანული სწავლება არ გულისხმობს მატერიალური ცხოვრების უარყოფას. მისი თქმით, თავად წმინდა წერილი ასწავლის ადამიანს შრომას და პასუხისმგებლობას.
„უფალს არ უთქვამს, რომ საერთოდ არ ვიფიქროთ ყოველდღიურ საჭიროებებზე. წმინდა წერილში წერია: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“, ასევე ნათქვამია: „ვისაც შრომა არ უნდა, ნურც ჭამს“. ამიტომ ქრისტიანობა არ გვასწავლის უმოქმედობას. აქ მთავარი სიტყვაა — „პირველად“. სწორედ ამ სიტყვაშია მთელი აზრი. ჯერ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, შემდეგ კი დანარჩენი ყველაფერი,“ — აღნიშნა შიო III-მ.
პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ როდესაც ადამიანი მატერიალურ კეთილდღეობას ღვთის გარეშე ეძებს, ხშირად ვერც მისი ნაყოფით სარგებლობს.
„ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანი მთელი ძალით ისწრაფვის სიმდიდრის, წარმატებისა თუ კეთილდღეობისკენ, მაგრამ როდესაც ამას ღმერთის გარეშე აკეთებს, საბოლოოდ ვერ ირგებს ამ ყველაფერს. ხალხური გამოთქმაც არსებობს — „ყელში ეჩხირებაო“. ხოლო როდესაც ადამიანი პირველად ეძებს ღვთის სიმართლესა და სასუფეველს, მაშინ ღმერთი აძლევს ყველაფერს იმდენად და ისე, როგორც მისთვის სასარგებლოა. აძლევს საკვებს, სასმელს, ტანსაცმელს და სხვა აუცილებელ სიკეთეებს იმ ზომით, რაც საკმარისია და რაც მის სულს არ დააზიანებს,“ — განაცხადა მან.
ქადაგებისას უწმინდესმა მრევლს რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა და თავადვე გასცა პასუხი:
„რა უფრო მნიშვნელოვანია — საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა უფრო მნიშვნელოვანია — ცივილიზაცია, კულტურა, ადამიანური მიღწევები თუ ღვთის სიმართლე? კვლავაც ღვთის სიმართლე. ყველაფერი, რასაც ადამიანი ქმნის, ფასეულია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საღვთო ჭეშმარიტებას ეფუძნება.“
მისი თქმით, როდესაც ადამიანი სწორად აწყობს საკუთარ ცხოვრებას და პირველ ადგილზე ღმერთს აყენებს, მაშინ ყველა სხვა ღირებულებაც ნამდვილ მნიშვნელობას იძენს.
„თუ ასე ვიცხოვრებთ, ღმერთი ყველაფერს მოგვცემს. ამ დროს მატერიალურ სიკეთეებსაც სრულიად სხვა აზრი ექნება, ისინი აღარ გახდება ჩვენი ბატონი, არამედ ჩვენი ცხოვრების საშუალება იქნება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოიპოვებს მშვიდობას, სიმართლესა და სიხარულს სულიწმინდაში.“
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და მოუწოდა, საკუთარი გულის სიღრმეში ეძიონ ღვთის სასუფეველი.
„შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება. ხოლო სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ აუცილებლად არის სიხარული სულიწმინდაში. სწორედ ეს სამი — მშვიდობა, სიმართლე და სიხარული — არის სასუფეველი ღვთისა, რომლის ძიებასაც გვასწავლის უფალი.
სასუფეველი ღვთისა მხოლოდ გარეთ არ არის — ის პირველ რიგში ჩვენს გულებშია. ღმერთმა მოგვცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსნი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა უფალ იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით,“ — ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III_მ.
ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაში ჩართული პირები დააჯილდოვეს
წაიკითხეთ ასევე
ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.
შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.
ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს
მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
მისმა დიდი ხნის ნანატრი ვიზიტი და საპროტესტო აქციები, რომელმაც ბართლომეოსის თავდაპირველი პროგრამა შეცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წიგნების სერიის რედაქტორები მიიღო
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთის წინამძღვართან ერთად არ იმსახურებს
მსოფლიო პატრიარქი სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ჩატარებულ წირვას სტუმრის სტატუსით დაესწრება.