ნათესავი ესე არა-რაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა

ცოდვით შეპყრობილს მხოლოდ ლოცვა უშველის. ილუსტრაცია: მჟკ

მატერიალისტურ ეპოქაში, სადაც მეცნიერული პროგრესი ხშირად უარყოფს ყველაფერ  იმას, რაც თვალისთვის უხილავია, ადამიანის სულიერი სამყარო მაინც რჩება უდიდესი მისტიკური ბრძოლის ველად. ქრისტიანული ანთროპოლოგია და დოგმატიკა ერთხმად აღიარებს, რომ ადამიანის სული და სხეული შეიძლება გახდეს როგორც სულიწმინდის ტაძარი, ისე - არაწმინდა ძალთა თავდასხმის ობიექტი. მართლ-მადიდებლური ეკლესიის პრაქტიკაში არსებობს განსაკუთრებული საიდუმლო მღვდელმსახურება, რომელსაც  „კვეთებულის ლოცვა“ (ლოცვა სავედრებელი სნეულ-თათვის და სულთაგან არაწმიდათა კუეთებულთა ზედა) ეწოდება. ეს არის სულიერი ბრძოლის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის გათავისუფლებას ბოროტ ძალებთა უშუალო ბატონობისაგან.

ტერმინი „კვეთებული“, საიდანაც ამ მსახურების სახელწოდება მომდინარეობს, მომდინარეობს ძველი ქართული ზმნიდან „ეკვეთა“, რაც გაგებულ უნდა იქნეს, როგორც -  „შეებრძოლა“, „თავს დაესხა“ (სამხედრო ტერმინოლოგიით). იგი ასევე შესაძლოა ატარებდეს „დაკვეთებულის“ „დანარცხებულის“ შინაარსსაც. ბუნებრივია, ეს ტერმინები შემთხვევითი არ არის. ისინი მიუთითებენ ბოროტი სულის  მძიმე, ფიზიკურ და ფსიქიკურ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს საკუთარ ნებაზე კონტროლს.

წმინდა წერილი და წმინდა მამები ერთმანეთისგან მკაცრად მიჯნავენ ფსიქიკურ დაავადებებსა და რეალურ ეშმაკეულ მდგომარეობას, თუმცა ზოგჯერ სიმპტომატიკა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ნამდვილი ეშმაკეულობის დროს ადამიანში ვლინდება თვისებები, რომლებიც აღემატება ადამიანურ ბუნებრივ შესაძლებლობებს. მაგალითად, ზებუნებრივი, ფიზიკური ძალა (როდესაც ერთ ადამიანს რამდენიმე მამაკაციც კი ვერ აკავებს); უცხო ენებზე საუბარი, რომლებიც ადამიანს არასოდეს უსწავლია; ფარული ცოდვებისა და მომავლის წინასწარმეტყველება (დემონური შთაგონებით); უდიდესი აგრესია და შიში სიწმინდეების (ჯვარი, ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი, წმინდა ნაწილები) მიმართ და სხვა ბევრი ინდივიდუალური გამოვლინებანი.

წმინდა მამათა სწავლებით, ეშმაკი ადამიანში იჭრება მაშინ, როდესაც პიროვნება საკუთარი ნებით (მძიმე და მოუნანიებელი ცოდვებით) განაგდებს ღვთის მადლს და ბოროტ ძალას „კარს უღებს“. წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით: „ეშმაკი ვერ ბედავს ადამიანს მიუახლოვდეს და თავს დაესხას, თუკი მას საღვთო მადლის საფარველი იცავს. მაგრამ, როგორც კი ადამიანი განეშორება ღმერთს და მცნებებს დაარღვევს, ის დაუცველი რჩება და მტერი მას მყისიერად იმორჩილებს, როგორც მგელი - მწყემსისგან მიტოვებულ ცხვარს.

საეკლესიო მამათა მოძღვრებით, დემონური შეპყრობილობა არის სხეულებრივი და არა სულიერი საბოლოო წარწყმედა. ბოროტ სულს შეუძლია დაიპყროს ადამიანის ნერვული სისტემა და კუნთები, მაგრამ მას არ შეუძლია აიძულოს ადამიანის თავისუფალი ნება, შეიყვაროს ბოროტება, თუ თავად ადამიანს არ სურს ეს. ღირსი კასიანე რომაელის სწავლებით: „ჩვენ არ უნდა გვწამდეს, რომ დემონები ფლობენ იმ ადამიანთა სულებს, რომელთაც ისინი შეიპყრობენ. ისინი (დემონები) მხოლოდ სხეულებს ეუფლებიან, ან უფრო ზუსტად, იმ წევრებს, რომლებშიც გონების ძალა იმყოფება (ნერვულ სისტემას, ტვინს). ისინი არ აზიანებენ თავად სულს, პირიქით, სული ხშირად უფრო სუფთავდება ამ გამოცდით.“ იმავე მამის აზრით: „ბევრად უფრო მძიმეა ის ფარული შეპყრობილობა, როდესაც ადამიანები დემონების ნებას ნებაყოფლობით ემორჩილებიან და მათი ვნებებით არიან დასნეულებულნი. სხეულებრივად შეპყრობილები დემონის მიერ დროებით იტანჯებიან ამ წუთისოფელში, ხოლო ისინი, ვინც სულიერად არიან შეპყრობილნი (ცოდვით), საუკუნო ტანჯვისთვის იწირებიან.“

საოცარია ღვთის განგებულება! ბოროტ ძალას მიუხედავად ხორცზე (მატერიაზე) ბატონობისა, არ აქვს ხელმწიფება შეეხოს ადამიანის უმთავრეს ღირსებას - თავისუფალ ნებას. ღირსი ანტონი დიდი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნდა ბოროტ  სულთა წინააღმდეგ ბრძოლისა, ბრძანებს: „დემონებს არანაირი ძალა არ გააჩნიათ. მათ რომ ძალა ჰქონოდათ, არ დასჭირდებოდათ ჩვენებათა და ფანტაზიათა შექმნა. მათ მხოლოდ ჩვენი შეშინება შეუძლიათ. ჩვენი ნება კი თავისუფალია და თუკი ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სარწმუნოებაში, ისინი უძლურნი არიან.“ იგივე აზრს იმეორებს ღირსი მაქსიმე აღმსარებელიც. წმინდა მამის სწავლებით: „დემონებს შეუძლიათ აღძრან ჩვენს სხეულში ვნებები, აურიონ სისხლი და ნერვები, რათა გონება დააბნიონ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ აიძულონ ნება. ნება მხოლოდ თავად ადამიანს ეკუთვნის და მისი წარწყმედა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა გონება ნებაყოფლობით დაეთანხმება ბოროტ გულისთქმას.“

ეკლესიას ამ უმძიმესი სულიერი მდგომარეობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რა თქმა უნდა, გააჩნია ბერკეტი - ლოცვა.  ბოროტ სულთა განდევნის (ეგზორციზმის)  პრაქტიკა სათავეს თავად მაცხოვრის, იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულებიდან იღებს. სახარებაში არაერთგზის ვკითხულობთ, თუ როგორ განდევნიდა ქრისტე დემონებს ერთი სიტყვით. ეს ძალაუფლება მან თავის მოციქულებსაც გადასცა: „უძლურთა განჰკურნებდით, მკვდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განწმედდით, ეშმაკთა განასხემდით...“ (მთ. 10:8).

ადრერისტიანულ ეპოქაში (I-III) ეგზორცისტი არ იყო აუცილებლად სამღვდელო ხარისხში მყოფი პირი. ეს იყო განსაკუთრებული ნიჭი, რომელსაც სულიწმინდა ინდივიდუალურად ანიჭებდა გამორჩეულ ქრისტიანებს მათი წმინდა ცხოვრების წესის გამო. მოგვიანებით, როდესაც ეკლესიის სტრუქტურა ჩამოყალიბდა, ეს ფუნქცია საეკლესიო იერარქიას გადაეცა.

დღეს არსებული „კვეთებულის ლოცვების“ მსახურება და მასში შემავალი ტექსტები   IV საუკუნის დიდი მამების მიერ არის შედგენილი. მათ შორის უმთავრესია წმინდა ბასილი დიდის და წმინდა იოანე ოქროპირის ლოცვები. ეს ტექსტები გამოირჩევა საოცარი ლიტურგიკული და თეოლოგიური სიღრმით. მღვდელი ლოცვისას არ მიმართავს მაგიურ ფორმულებს, არამედ ქრისტეს სახელით, სულიწმიდის ძალითა და წმინდა მამების მოხმობით უბრძანებს ბოროტ სულს, დატოვოს ღვთის ქმნილება. ტექსტებში დეტალურად არის ჩამოთვლილი ეშმაკის ყველა დაცემა და ქრისტეს გამარჯვება მასზე, რაც სულიერ სამყაროში ბოროტი სულისთვის უდიდესი ტანჯვის მიზეზი ხდება. ლოცვათა საერთო შინაარსი ამგვარია: „ღმერთო, საუკუნეთაო, რომელმან იხსენე ტყუეობისაგან ეშმაკისა ნათესავი კაცთა, იხსენ მონაჲცა ესე შენი ყოვლისავე საეშმაკოჲსა საქმისაგან არაწმიდათა სულთასა, და უბრძანე ბოროტთა და არაწმიდათა ეშმაკთა განშორებაჲ მონისა ამის შენისაგან...“

მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს უმკაცრესი კანონი: არავის აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით წაიკითხოს „კვეთებულის ლოცვები“. ამ წესის დარღვევა ადამიანს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ სულიერი კანონზომიერების საუკეთესო ილუსტრაციაა ახალ აღთქმაში, „საქმე მოციქულთაში“ (19:13-16) აღწერილი სკევას შვილების ისტორია. იუდეველმა მღვდელმთავარმა სკევამ და მისმა შვიდმა ვაჟმა ნახეს, თუ როგორ გენდევნიდა პავლე მოციქული ეშმაკებს იესო ქრისტეს სახელით. მათ ჩათვალეს, რომ სიტყვა - „იესო“ იყო ერთგვარი მაგიური შელოცვა, რომელსაც ავტომატური ძალა ჰქონდა და სცადეს ერთი ეშმაკეული კაცის განკურნება და თქვეს:  „გაფუცებთ თქვენ იესოს, რომელსა პავლე ქადაგებს.“ ბოროტი სულის პასუხი იყო საზარელი და „სამართლიანი“: „იესოს ვიცნობ და პავლეც ვიცი, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?!“. ამის შემდეგ ეშმაკეული კაცი ზეადამიანური ძალით დაესხა თავს შვიდივე ძმას, სძლია მათ, ტანსაცმელი შემოაძარცვა და დასისხლიანებულები გამოყარა სახლიდან.

ეს ისტორია ცხადყოფს, რომ ბოროტ სულთა წინააღმდეგ ხელმწიფება აქვს მას, ვინც საკუთარი წმინდა ცხოვრების წყალობით მოიპოვა ღვთისგან მათზე ძალაუფლება. დემონებმა კარგად იციან, ვის აქვს რეალური ღვთიური ავტორიტეტი და ვინ მოქმედებს ამპარტავნებითა და თვითნებობით. ღირსი იოანე რომაელი შენიშნავს: „ვინც საკუთარ თავზე იღებს ეშმაკთა განდევნას წმინდა ცხოვრებისა და ღვთიური ნიჭის გარეშე, ის ამპარტავნების სენითაა შეპყრობილი. ასეთ ადამიანებს დემონები ხშირად არათუ არ ემორჩილებიან, არამედ სასტიკად დასცინიან და სულიერად თუ ფიზიკურად ღუპავენ, რადგან მათ არ გააჩნიათ სიმდაბლის ფარი“.

ამგვარად, საეკლესიო სწავლება ბოროტ სულთაგან შეპყრობილთა შესახებ ეფუძნება სახარებისეულ სწავლებას: „ნათესავი ესე არა-რაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა  და მარხვითა“ (მთ. 17:22)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.

რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?