წმინდა დიდმოწამე გიორგი ქართულ ტრადიციაში

წმინდა გიორგი

ქრისტიანული თვალთახედვით, „დიდმოწამეობა“ ეს არის განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც ეკლესიის მიერ იმ წმინდანებს მიენიჭებათ, რომელთაც სარწმუნოებისთვის არა მხოლოდ სიცოცხლე გასწირეს, არამედ გაუძლეს არაადამიანურ, ხანგრძლივ და მრავალგვარ სატანჯველს. ეს ტერმინი ყველა მოწამის მიმართ არ გამოიყენება. დიდმოწამეებად იწოდებიან ის წმინდანები, რომელთა წამებაც ხშირად რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდებოდა. ისინი გადიოდნენ ე. წ. „მრავალვნებას“ - მათ სხეულს სხვადასხვა იარაღითა და მეთოდით აწამებდნენ, რათა საბოლოოდ მათგან ქრისტეს უარყოფა მოესმინათ, თუმცა ისინი ბოლომდე ურყევად რჩებოდნენ.

ბევრი დიდმოწამე ქრისტიანობის დევნის პერიოდში (ძირითადად III-IV საუკუნეებში) მაღალ სახელმწიფოებრივ ან სამხედრო თანამდებობას იკავებდა. მათ ჰქონდათ ყველაფერი - დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება, მაგრამ ქრისტეს სარწმუნოებისთვის ამ ყველაფერზე უარი თქვეს.

ერთ-ერთი ასეთი და შეიძლება ითქვას ყველაზე ცნობილი დიდმოწამეა  - წმინდა გიორგი, წარმოშობით კაბადოკიელი, რომელმაც დიოკლეტიანეს მმართველობის დროს უდიდეს სამხედრო წარმატებას მიაღწია და მხედართმთავრის მაღალი წოდების ღირსი შეიქმნა. იგი ყველაზე წარმატებულ პიროვნებად ითვლებოდა, რომელსაც მის მიმართ იმპერატორის კეთილგანწყობაც უმაგრებდა ზურგს. თუმცა, ყოველგვარ დიდებასა და პატივს, რომელიც მას ჰქონდა, ქრისტეს სიყვარული და მისდამი ერთგულება ამჯობინა. სხვადასხვა გადმოცემით, წმინდა გიორგის რამდენიმე წელი აწამებდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში, მან გაუძლო ბორბალზე წამებას, გახურებულ კირის ორმოში ჩაგდებას, ლურსმნებიან ფეხსაცმელს, შხამს და სხვადასხვა სახის სატანჯველს. ხოლო საბოლოოდ, ქრისტეს ერთგულ, გაუტეხელ მოწამეს, თავი მოკვეთეს 303 წლის 23 აპრილს (ახ. სტ. 6 მაისს).

წმინდა დიდმოწამე, ან როგორც მას უწოდებენ მთავარმოწამე გიორგი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებით განდიდებულია.

იგი ჩვენი რწმენის, კულტურისა და თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია და მიიჩნევა საქართველოს მფარველად, მხედართმთავრად და ერის სულიერ წინამძღოლად. ქართულ ტრადიციაში მისი კულტი იმდენად ძლიერია, რომ ხალხური რწმენით, საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე 365 ტაძარი აიგო - წლის ყოველი დღეს მისი ხსენების აღსანიშნავად.

საქართველოს ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ოფიციალურად წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 23 ნოემბერს, დიდმოწამის ბორბალზე წამების დღეს და 6 მაისს, წმინდანის თავის კვეთის დღეს. საგულისხმოა, რომ ბორბალზე წამების ხსენებას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს, როგორც წმინდანის მიერ გამოვლენილ უდიდეს სიმტკიცეს. ძნელი სათქმელია როდიდან იღებს სათავეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ვერსიით, იგი წმინდა ნინოს სახელს მიეწერება. ტრადიციულად დამკვიდრებული აზრის თანახმად, მოციქულთა სწორი და ქართველთა განმანათლებელი ენათესავებოდა დიდმოწამე გიორგის და როდესაც მან საქართველოში იქადაგა ქრისტე სარწმუნოება, ქართველებს მოუთხრო წმინდა გიორგის, როგორც ქრისტეს სარწმუნოებისთვის წამებული ერთგული მხედრის შესახებ. შესაბამისად, ქართველმა ადამიანმა, როგორც ბუნებით მებრძოლმა და ახლა უკვე ქრისტეს რჯულის მაღიარებელმა, შეიყვარა უძლეველი მხედარი და განსაკუთრებით განადიდა იგი. თუმცა, ეს მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციული შეხედულებაა.

ამ კითხვაზე პასუხის საძიებლად, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ძველ ქართულ ლიტურგიკული ძეგლებში დაცული მონაცემები. მაგალითად, „უძველეს იადგარში“, რომელიც V-VIII საუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკას ასახავს, მოხსენებულია შემდეგი: „თთუესა ნოემბერსა წმიდისა გეორგისი“. მაშასადამე, 3 ნოემბერს იხსენიებოდა წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომელსაც ვრცელი საკითხავები ეთმობა ამ უმნიშვნელოვანეს კრებულში. ასევე საგულისხმოა, იოანე-ზოსიმეს კალენდარი, რომელიც ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უძვირფასესი საგანძურია. მასში ვკითხულობთ: „გიორგი წმიდისა ეკლესიასა სატფური რამლასა შინა ლუდასა“. აქ მეტად დაზუზტებულია, თუ რას გულისხმობს უძველეს იადგარში ნახსენები 3 ნომებრის დღესასწაული. როგორც ჩანს, მოიაზრება პალესტინაში, ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის ტაძრის განახლების დღესასწაული. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ეკლესიაშია წმინდა დიდმოწამის საფლავი და აქვე აღესრულება სასწაულები.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, სადაც წმინდა გიორგის დღესასწაულის შესახებ უწყებას ვხვდებით არის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარი. ძველი სტილით 10 ნოემბრის (ახ. სტ. 23 ნოემბერი) მითითებაში ვკითხულობთ: „წმიდისა მოწამისა გიორგის ურმის თუალსა შესვლაჲ, რაჟამს დაჰკრეს იგი ურმისთუალსა“. აქ კი, სულ სხვა, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვან მითითებასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დროს (XI ს.) ბორბალზე წამების ხსენება სწორედ ჩვენთვის კარგად ნაცნობ დღეს 10/23 ნოემბერს აღინიშნებოდა.

მაშასადამე, ისტორიულად იკვეთება წმინდა დიდმოწამე გიორგისთან დაკავშირებული სამი კალენდარული თარიღი: 23 აპრილი/6 მაისი - მისი აღსრულების დღე; 10/23 ნოემბერი - ბორბალზე წამების დღე და 3/16 ნოემბერი - მისი სახელობის ტაძრის განახლების დღესასწაული.

წმინდა გიორგი მხოლოდ ლიტურგიკულ ტრადიციაში როდი გვხვდება. ის აქტიურად იხსენიება ქართულ ფოლკლორსა და მითოლოგიაში. ცნობილია „თეთრი გიორგის“ სახე, როგორც თეთრ რაშზე ამხედრებული მეომრისა, რომელიც მუდამ იცავს და ეხმარება ქართულ ჯარს. იგი დროთა განმავლობაში იქცა ბოროტებაზე (გველეშაპზე) გამარჯვების ალეგორიად, რაც ქართული სულის სიმტკიცესთან გაიგივდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხშირად აღნიშნავდა: „წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას... ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი“. უწმინდესი ხშირად ამხნევებდა ქართველ ხალხს სწორედ იმ სიტყვებით, რომელიც წმინდა გიორგის ჩაესმა წამების ჟამს: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენ თანა ვარ“, ხოლო ცნობილმა ქართველმა ჰიმნოგრაფმა იოანე მინჩხმა საოცარი საგალობელი სტროფი უძღვნა დიდმოწამე გიორგის: „აღიხილნა წმიდამან თუალნი ზეცად და ესრეთ ხმა-ყო: რომელი-ეგე ხარ შემწე შენთა მორწმუნეთაჲ, მომხედენ მონასა შენსა, ღმერთო ჩემო და შემეწიე, რაჲთა არა ვიძლიო ბოროტისაგან. და ესმა დაუსაბამოჲსაგან: გეორგი, მე მარადის შენ თანა და შენ ჩემ თანა უკუნისამდე“.

და ბოლოს, წმინდა გიორგისადმი ქართველი ადამიანის ასეთი გამორჩეული, სიყვარული რამდენიმე სიღრმისეულ მიზეზს ეფუძნება.

ეს არ არის მხოლოდ რელიგიური თაყვანისცემა, ეს არის სულიერი, ისტორიული და ნაციონალური კავშირი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. ქართველი ხალხი წმინდა გიორგის ცხოვრებაში საკუთარ ისტორიას ხედავს. როგორც მან გაუძლო მრავალწლიან ვნებას და არ უარყო რწმენა, ისე საქართველო, საუკუნეების მანძილზე იმპერიების გარემოცვაში, მუდმივ „ბორბალზე წამებას“ გადიოდა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად.

წმინდა გიორგი არის იმედის სიმბოლო, რომ ტანჯვას ყოველთვის გარდაუვალი გამარჯვება მოსდევს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.

რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?