წმინდა დიდმოწამე ბარბარე — ზეციური სიბრძნის მიერ განსწავლული ქალწული და ქრისტესთვის წამებული

წმინდა ბარბარეს ხატი

IV საუკუნის დასაწყისი ქრისტიანული ეკლესიისათვის უმძიმესი განსაცდელის დრო იყო. რომის იმპერიაში, უსჯულო კეისარ მაქსიმიანე გალერუსის მმართველობისას (295 წლიდან კეისარი, 305–311 წლებში იმპერატორი), ქრისტიანთა დევნა უკიდურეს სისასტიკემდე მივიდა. ხელისუფლება ჯილდოს ჰპირდებოდა ყველას, ვინც ქრისტიანებს გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები, წამებები და სიკვდილით დასჯა. სწორედ ამ მძიმე ეპოქაში აღესრულა წმინდა დიდმოწამე ბარბარე — ქალწული, რომელმაც ღმრთის შემეცნება ადამიანური მოძღვრების გარეშე, თავად ზეციური მადლით ჰპოვა.

ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში (დღევანდელი სირიის ტერიტორია) ცხოვრობდა მდიდარი და წარჩინებული წარმართი კაცი — დიოსკორე. მას ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი ბარბარე, რომლის დედაც ადრე გარდაცვლილიყო. დიოსკორე უზომოდ უყვარდა ასული, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, თუმცა ამავე დროს ადამიანებს განარიდა და მაღალი კოშკი (გოდოლი) აუგო, სადაც ბარბარე მსახურებთან და მოახლეებთან ერთად ცხოვრობდა.

მარტოობაში მყოფი ბარბარე შვებას ბუნების სილამაზის ჭვრეტაში პოულობდა. მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ხილვამ, სამყაროს წესრიგმა და ჰარმონიამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ყოველივე ამის შემოქმედი უნდა ყოფილიყო ერთი, ყოვლისშემძლე და გონიერებით აღსავსე ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდა ქრისტიანი მოძღვარი, თავად ღმერთი გახდა მისი მასწავლებელი, როგორც ამბობს წმინდა წერილი: „შორს როდია იგი თითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17,27). ერთ დღეს, ღრმა სულიერი განცდისას, ბარბარემ ხმამაღლა აღიარა:


„არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

ბარბარე თანდათან სულიერად ძლიერდებოდა და გულში მხოლოდ ერთი სიყვარული ენთო — უფლის სიყვარული. მიწიერი კეთილდღეობა მისთვის არაფერს ნიშნავდა. თუმცა დიოსკორეს სურდა ქალიშვილის გათხოვება. ქალაქში მისი სილამაზის ამბავი გავრცელდა და მრავალი ჭაბუკი გამოჩნდა მისი ხელისა და გულის სათხოვნელად. ბარბარემ მტკიცედ უარყო ეს სურვილი და მამას უთხრა, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ქორწინებას არ ესწრაფოდა.

იმ იმედით, რომ მეტი თავისუფლება მის გადაწყვეტილებას შეცვლიდა, დიოსკორემ ბარბარეს ნება დართო ქალაქში უფრო თავისუფლად ემოძრავა და მისთვის მდიდრული აბანოს აშენება ბრძანა, რომელსაც ორი სარკმელი ექნებოდა — მზისა და მთვარის ნიშნად. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან პირველად მოისმინა იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ქრისტიანობა და ღვთის განგებით ილიოპოლისში ჩასული მღვდლისგან წმინდა ნათლობა მიიღო.

ნათლობის შემდეგ ბარბარე მარხვასა და ლოცვაში იყო, სიწმინდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და მთელი არსებით ღმერთს მიეძღვნა. აბანოს მშენებლობისას მან ბრძანა მესამე სარკმლის გამოჭრაც — წმინდა სამების ნიშნად. ეს იყო მისი რწმენის ხილული აღსარება. ამავე ადგილას სასწაულებრივად ამოიკვეთა მისი ტერფის ანაბეჭდი და აღმოცენდა წყარო, რომელიც შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა.

დიოსკორეს დაბრუნების შემდეგ სიმართლე გამჟღავნდა. ბარბარემ მამას ღიად აუწყა ქრისტიანული სარწმუნოება და სცადა მისი მოქცევაც. ამან დიოსკორე უკიდურეს მრისხანებამდე მიიყვანა. იგი ხმლით დაედევნა საკუთარ ქალიშვილს. ბარბარე მთებს შეაფარა თავი, სადაც ლოცვის შემდეგ მთა გაიპო და გამოქვაბულში დამალა. საბოლოოდ კი დიოსკორემ მაინც იპოვა იგი, სასტიკად სცემა და მმართველ მარკიანეს გადასცა.

მარკიანემ სცადა ტკბილი სიტყვით გადაებირებინა ქალწული, შემდეგ კი სასტიკ წამებებს მიმართა. ბარბარე ქრისტესთვის სიხარულით იტანდა ტანჯვას. საპყრობილეში თავად უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან ერთად, განკურნა მისი სხეული და განამტკიცა სული. ეს სასწაული მრავალმა იხილა, რის შედეგადაც რამდენიმე მტანჯველი თავად მოიქცა ქრისტიანობაზე და მოწამეობრივად აღესრულა.

ბოლოს მარკიანემ წმინდა ბარბარეს სიკვდილით დასჯა მამამისსვე დაავალა. სიკვდილის წინ წმიდა ქალწულმა ილოცა მთელი სამყაროსათვის და სთხოვა ღმერთს, რომ ყველა, ვინც მის სახელს რწმენით მოიხსენიებდა, დაცულიყო უეცარი და უზიარებელი სიკვდილისგან. ზეციდან მოსულმა ხმამ მისი თხოვნა შეისმინა. დიოსკორემ საკუთარი ხელით აღასრულა სასჯელი, თუმცა მალევე იგი და მარკიანე ღვთის სამართლიანმა განგებამ მეხის დაცემით დასაჯა.

წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებმა საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქვეყანა მოიარა — ილიოპოლისიდან კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი კიევში. მის ნაწილებთან ურიცხვი სასწაული და კურნებაა დაკავშირებული.

საქართველოში წმინდა ბარბარეს მიმართ თაყვანისცემა უძველესი დროიდან არსებობს. თბილისში მისი სახელობის რამდენიმე ტაძარია, ხოლო წმინდა ნაწილი დღეს ქვემო ბარბარეს ეკლესიაშია დასვენებული. წმინდა დიდმოწამე ბარბარე განსაკუთრებით ითვლება ბავშვების მფარველად; მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისთვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს 17 დეკემბერს. მისი ცხოვრება დღემდე რჩება რწმენის სიმტკიცის, სიწმინდისა და ღმრთისადმი უანგარო სიყვარულის ცოცხალ მაგალითად.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.

რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?