სასწაულებრივი განკურნების შემდეგ დაწყებული ტაძრის მშენებლობა განახლდა
დეკანოზი დავით ჯიშკარიანი ტაძრის საფუძველის კურთხევაზე. ფოტო: მჟკ
ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო — გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სასწაული, რომელიც არქიმანდრიტ სოგრატს უკავშირდება. მაშინ 46 წლის ბაადურ გიგიაძეს კომპიუტერული ტომოგრამის შედეგად ავთვისებიანი წარმონაქმნი დაუდგინდა, რომელიც შინაგან ორგანოებს მოსდებოდა. ექიმების გადაწყვეტილებით საჭირო გახდა გადაუდებელი, ურთულესი ოპერაცია. ოპერაციამდე მამა სოგრატმა პაციენტს რამდენჯერმე წაუკითხა ლოცვა, რის შემდეგაც ბაადურს გაუსაძლისი ტკივილები გაუყუჩდა, ხოლო ოპერაციის მსვლელობისას ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ იგი სრულიად განიკურნა.
ბაადურ გიგიაძემ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მიიწვია ტაძრის საფუძვლის კურთხევის ცერემონიაზე და განაცხადა, რომ ტაძრის მშენებლობა ოფიციალურად განახლდება. ტაძრის საფუძველის კურთხევას უკრაინელი მომლოცველი ქალბატონებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით ეს მათთვის დიდი პატივია.
დეკანოზი დავით ჯიშკარიანი:
„15 წლის წინ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შეჩერდა, დღეს კი განვაახლეთ და უკვე აქტიურად დაიწყება მისი მშენებლობის პროცესი. ეკლესია მკურნალი პანტელეიმონისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზეა ნაკურთხი. თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის სახელზე იყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ პანტელეიმონ მკურნალის სახელზეც უნდა აშენდეს ტაძარი. სიმბოლურია ისიც, რომ ეკლესია ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოში აიგება — ვიმედოვნებ, რომ მშენებლობა მალე დასრულდება. დიდება და მადლობა უფალს, რომ ამდენი წლის შემდეგ დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები.“
ბაადურ გიგიაძე:
„მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში კოტე მარდალეიშვილს და რეზო გაგუას ჩემი გადარჩენისთვის, რომლებიც ონკოლოგიის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდნენ. როდესაც მე გადავრჩი, მისმა უწმინდესობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მამა სოგრატმა თქვეს — სადაც იოანე (ბაადური) გადარჩა, იქ უნდა აიგოს ტაძარიო. გაიცა კურთხევა, რომ აშენებულიყო წმინდა პანტელეიმონისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რამაც შეაჩერა მშენებლობა.
შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ მივატოვე, მაგრამ ჩემთვის ეს დიდი მადლია ღვთისგან. საოპერაციოში შესვლამდე ჩემი ოჯახის წევრები ბატონ რეზო გაგუას ეკითხებოდნენ, გადავრჩებოდი თუ არა. მან უპასუხა: თუ ნახევარ საათში გამოვა საოპერაციოდან, გადარჩენა ვერ მოხერხდებაო. მართლაც ნახევარ საათში გამოვიდა და ყველანი იფიქრეს, რომ გარდავიცვალე, მაგრამ ბატონმა რეზომ თქვა — ‘ყველაფერი კარგადაა, გადარჩა და დიდხანს იცოცხლებს’.
საოპერაციომდე არქიმანდრიტი სოგრატი მოვიდა ჩემთან პალატაში, რომელსაც ხელი აწუხებდა. სამჯერ ამწია საწოლიდან და თქვა, რომ დაავადება აღარ არსებობდა. იმ დღეს 124 პალატა აკურთხა მამა სოგრატმა, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება უჭირდა. მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდით მედგა და მადლობა თქვენ, რომ მოხვედით და ეს ამბავი გააშუქეთ.“
ტაძრის მშენებლობა, რომელიც წმინდა მკურნალისა და ნათლისმცემლის სახელზე იდგმება, დაგეგმილია ონკოლოგიური ცენტრის ეზოში — ადგილას, სადაც მრავალი პაციენტი შველას და იმედს ეძებს. ამიერიდან, როგორც დეკანოზი ამბობს, ეს ადგილი კიდევ უფრო განსაკუთრებულ მადლსა და ლოცვას დაუკავშირდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.
საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი
სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.
საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში
წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.
იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა
პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.
რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?
სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?