მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლომ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა
მონაზონი თეკლა კუბლაშვილი. ფოტო: ღია წყარო
2025 წლის 24 დეკემბერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში გაიმართა საეპისკოპოსო სასამართლო, რომელსაც თავმჯდომარეობდა მარნეულისა და ჰუჯაბის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ ეპარქიის სასულიერო პირები და სასამართლოს წევრები.
საეპისკოპოსო სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც აღძრული იყო ეპარქიის წევრი მონაზონ თეკლა (კუბლაშვილი) წინააღმდეგ. საქმის მასალების მიხედვით, მონაზონი 2025 წლის 5 მაისს ურჩობისა და თვითნებობის გამო განტევებული იყო ეპარქიიდან. მოგვიანებით, 2 ივნისს, მან თავად აცნობა ეპისკოპოსს მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რომლებიც, მისი აღიარებით, ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ მონაზონი აწვდიდა მესამე პირებს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ეპარქიის შიდა საუბრებსა და მონაცემებს, ასევე აღიარებული იქნა მისი მომზადება მღვდელმთავრის სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. მიუხედავად ამისა, ეპარქიის მხრიდან მამობრივი შემწყნარებლობით მას კვლავ მიეცა სინანულის შესაძლებლობა, თუმცა მოგვიანებით მან დატოვა მონასტერი და, სასამართლოს შეფასებით, ჩაერთო ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ კამპანიაში ეპარქიისა და მმართველი მღვდელმთავრის წინააღმდეგ.
საქმის ფაქტობრივი მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, საეპისკოპოსო სასამართლომ მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ ცნო არაერთ მძიმე კანონიკურ დარღვევაში და განაჩინა მისი სრული განკვეთა სამონაზვნო დასიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი დაყვანილ იქნა ერისკაცობამდე და დაუბრუნდა ერის სახელს — ნატალია კუბლაშვილი. ასევე, აეკრძალა სამონაზვნო შესამოსლისა და ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და გადაეგზავნა ეპარქიის სამდივნოს არქივს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 24 დეკემბერს გაიმართება მიტროპოლიტ არსენის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა.
წაიკითხეთ ასევე
საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს
სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს
წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.
გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სტუმარ დეკანოზ ანატოლე ფიოდორუკთან და პოლონეთიდან ჩამოსულ მგალობელთა გუნდთან ერთად აღასრულა.
ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.
ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა
ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.