წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი — უბრალოებით განდიდებული მღვდელმთავარი

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი. ფოტო: ღია წყარო

25 დეკემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს — ერთ-ერთ გამორჩეულ მღვდელმთავარს, რომლის ცხოვრება ქრისტიანული სიმდაბლის, სიყვარულისა და ღვთიური ძალის ნათელი მაგალითია.

წმიდა სპირიდონი კუნძულ კვიპროსზე, III საუკუნის დასასრულს დაიბადა. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული, თუმცა ეკლესიის გადმოცემა გვაუწყებს, რომ იგი უბრალო მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი და მთელ თავის სახსრებს გაჭირვებულთა და ღარიბთა დახმარებას ახმარდა. სწორედ ამ გულმოწყალებისა და სიწმიდისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი უბოძა — წმიდანი კურნავდა უკურნებელ სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას (306–337), სპირიდონი კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მღვდელმთავრობის მიღების მიუხედავად, მან არ შეცვალა ცხოვრების წესი — კვლავაც უბრალოებითა და სიმდაბლით ცხოვრობდა, როგორც ჭეშმარიტი მწყემსი.

საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს მონაწილეობდა პირველ მსოფლიო კრებაში. კრებაზე მან სიტყვიერი პაექრობა გამართა ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. წმიდანის უბრალო, მაგრამ ღვთიური ძალით აღვსილმა სიტყვამ ნათლად წარმოაჩინა კაცობრივი ამაოდბრძნების უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. ამ საუბრის შემდეგ ფილოსოფოსი მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი გახდა და აღიარა, რომ ბერის ბაგეებით თვით უფალი მეტყველებდა.

წმიდა სპირიდონი განსაკუთრებული სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას მაცოცხლებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა; სნეულნი იკურნებოდნენ და ეშმაკნი განიდევნებოდნენ. მრავალი სასწაული უკავშირდება მის სახელს — მათ შორის მკვდარი ჩვილისა და მისი დედის გაცოცხლება, უსამართლოდ მსჯავრდებული ადამიანის გადარჩენა და ადიდებული მდინარის შეჩერება ქრისტეს სახელით.

საოცარი შემთხვევა აღწერს მის ლიტურგიულ ცხოვრებასაც: ერთხელ, ცარიელ ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას, წმიდა სპირიდონსა და დიაკონს ზეციური, უხილავი გუნდის გალობა მოესმათ. ამ არაამქვეყნიურმა ხმამ ტაძრისკენ მრავალი ადამიანი მიიზიდა, თუმცა შიგნით შესულებმა მხოლოდ ეპისკოპოსი და რამდენიმე ღვთისმსახური იხილეს — ზეციური გალობა კი შეწყდა, რამაც ყველა განაცვიფრა.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი სპირიდონ ტრიმიფუნტელს სტუმართმოყვარეობით პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენე და სოკრატე სქოლასტიკოსი მის ცხოვრებაში აღწერენ მის გულუხვობას, მარხვაში გონივრულ დამოკიდებულებას, სესხის მიცემას ზედამხედველობის გარეშე და იმ საოცარ სიმდაბლეს, რომლითაც ქურდებიც კი შეაგონებდა სინანულს და ბოლოს საჩუქარსაც აძლევდა.

წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება გამორჩეული იყო უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით. მან სიმართლითა და სიწმიდით განვლო მიწიერი გზა და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. მისი წმიდა ნაწილები — მარჯვენის გარდა, რომელიც რომშია დაცული — კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ეკლესია წმიდა მღვდელმთავარს ასევე ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს წმიდა სპირიდონის ცხოვრების შესახებ იღუმენია ელისაბედ ზედგინიძემ უამბო. ამასთან, ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა მოელოცათ წმიდა სპირიდონის ბაჩუჩი, რომელიც იღუმენიას კელიაშია დაბრძანებული და რომლის მოლოცვაც დღესაც შეუძლია ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ აფხაზეთის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა.

წაიკითხეთ ასევე

საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს

სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.

გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სტუმარ დეკანოზ ანატოლე ფიოდორუკთან და პოლონეთიდან ჩამოსულ მგალობელთა გუნდთან ერთად აღასრულა.

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.