საქართველოს საპატრიარქო მიმართვის წერილს აქვეყნებს

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის და ტაო-კლარჯეთის უდაბნოში IX საუკუნეში გაბრწყინვებულ ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს.

საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობისაა მათი ღვაწლი და ფრიად მახარებს, რომ ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში, მოქმედი წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრევლოს ძალისხმევით, სწორედ, ამ წმინდანის ხსენების დღეს იკურთხება ქართული ეკლესია.

მართალია, უცხოეთში არაერთგან აღევლინება ქართულად მსახურება, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში მოქმედ ეკლესიათა რიცხვი მეტად მცირეა; ამდენად, ნიუ-ჯერსიში ჩვენი ტაძრის გახსნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

მინდა დავლოცო ჩრდილოეთ ამერიკაში მოღვაწე საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირნი და მათი სამწყსო, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) და დეკანოზი მატათა ქარჩილავა, საერთოდ ყველა, ვინც ძალისხმევა და მონდომება არ დაიშურა აღნიშნული ეკლესიის შეძენისა და ფუნქციონირებისათვის.

თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ამერიკაში წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის შემატებას. ვიმედოვნებთ, ეს სავანე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვთის გზით თქვენს სვლას და თქვენში ქართული სულის განმტკიცებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, სიკეთითა და სიყვარულით აღგავსოთ და თქვენზეც განცხადდეს ეს სიტყვები წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან: ,,ჟამსა ამას უცხოებისა... ჩვენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩვენ ბოროტისაგან.“

ყოვლადწმინდა სამებამ მშვიდობით აკურთხოს ამერიკის შეერთებული შტატები და სრულიად საქართველო. ამინ!

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

18.10.2025

თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა

ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.