საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188-ე წელი აღინიშნა
მუზეუმის ეზოში გაიხსნა აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები და გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოება.
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში მწერლის დაბადებიდან 188-ე წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.
საიუბილეო დღის ფარგლებში, მუზეუმის მიმდებარედ არსებულ „ილიას ხეივანში“ საზეიმოდ გაიხსნა დიდი ქართველი მწერლების — აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები.
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც აღინიშნა ილიას ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სახელმწიფო აზროვნების ჩამოყალიბებაში.
საღამოს ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები.