ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია

ციხისჯვარის ეკლესია ბორჯომის ხეობაში. ფოტო: მჟკ

ციხისჯვარის ეკლესია ბორჯომის ხეობაში. ფოტო: მჟკ

ბორჯომის ხეობის სიღრმეში, ისტორიულ თორის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1600–1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი ციხისჯვარი - გამორჩეული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. ბაკურიანიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე, მდინარე შავიწყლის ნაპირებზე გაშენებული ეს მაღალმთიანი დასახლება საუკუნეებია დამთვალიერებელს ხიბლავს წიწვოვანი ტყეებით, ჰაერითა და სამკურნალო მინერალური წყლებით.

ამ უნიკალური დასახლების სახელწოდება - „ციხისჯვარი“ - ღრმა ისტორიულ და გეოგრაფიულ შინაარსს ატარებს. ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული. ისტორიკოსთა განმარტებით, სოფელში მდებარე კლდოვან ბორცვზე შუა საუკუნეებში სტრატეგიული ციხესიმაგრე იდგა, რომლის შიგნითაც ქრისტიანული სალოცავი და ჯვარი იყო აღმართული. ამასთანავე, ძველ ქართულ ენაში „ჯვარი“ გზაჯვარედინს ან უღელტეხილსაც ნიშნავდა - ციხისჯვარი სწორედ იმ საკვანძო ადგილზე მდებარეობდა, სადაც თორის, ჯავახეთის, სამცხისა და გუჯარეთის დამაკავშირებელი გზები იკვეთებოდა.

სოფლის მატიანე საუკუნეებს ითვლის. წერილობით წყაროებში ციხისჯვარი პირველად XI საუკუნეში, „მატიანე ქართლისაიში“ იხსენიება: მეფე ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობისათვის სულა კალმახელს უბოძა იგი მამულად. საუკუნეების მანძილზე ეს სტრატეგიული პუნქტი აბუსერისძეთა, თორელთა და მოგვიანებით ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდა.

XIX საუკუნის II ნახევრიდან, კერძოდ 1860-იანი წლებიდან, ციხისჯვარში პონტოელი ბერძნები დასახლდნენ. მათ ძველი ეკლესიის საძირკველზე ახალი მართლმადიდებლური ტაძარი ააგეს და სოფელს განსაკუთრებული ეთნოკულტურული იერსახე შესძინეს. სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოყალიბდა ციხისჯვარი ქართულ-ბერძნული ტრადიციებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გამორჩეულ ნიმუშად, რაც მის უნიკალურ კოლორიტს დღემდე განსაზღვრავს.

სწორედ ამ მყუდრო გარემოში მდებარეობს პატარა, თუმცა უზარმაზარი სულიერი ძალის მქონე ტაძარი, რომელიც პირველია მსოფლიოში დიდი ქართველი წმინდანის - წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელზე აგებულ სალოცავებს შორის.

ტაძრის ისტორია 2012 წლიდან იწყება, როდესაც ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის, ნეტარხსენებული მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით მისი მშენებლობა წამოიწყეს. სალოცავი საოცარი სისწრაფით - სულ რაღაც ერთ წელიწადში აიგო და იკურთხა. ადგილს, სადაც ადრე საბავშვო ბანაკი მდებარეობდა, თითქოს თავიდანვე განსაკუთრებული მადლი დაჰყვებოდა: ადგილობრივები იხსენებენ ბერძენ ქალბატონს, რომელმაც წლების წინ ამავე ადგილას კვერთხით ხელში მდგარი ბერი იხილა, მოგვიანებით კი ხატზე იცნო, რომ ეს სწორედ მამა გაბრიელი იყო.

თავდაპირველად ტაძარში მამათა მონასტერი დაარსდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამობრძანდა, სავანე დედათა მონასტრად გარდაიქმნა. ტაძარი მამა გაბრიელის უნიკალურ სიწმინდეებს ინახავს, რომლებიც მონასტერს წმინდანის დას, ქალბატონ ემას და მონაზონ პარასკევას გადაეცათ. ამ სიწმინდეთა შორის განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი. საბერძნეთში, წმინდა იოანე რუსის სარტყელის მოლოცვით შთაგონებულმა მამა გაბრიელმა (ჯამბაზიშვილმა), რომელიც ამ სავანის წინამძღვარი გახლავთ, მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით, ეს წესი საქართველოშიც დაამკვიდრა. დღეს ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია წელზე შემოირტყას წმინდანის სარტყელი, აღავლინოს ლოცვა და ითხოვოს შეწევნა.

აქვე ორიოდე სიტყვით წმინდანთა ნაქონი ნივთების მადლმოსილების შესახებ. მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლებით, წმინდანთა ნაქონი ნივთებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემას ღრმა საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს. საღვთო წერილიდან ცნობილია, რომ სულიწმიდის მადლი აღავსებს არა მხოლოდ წმინდანის სულს, არამედ მის სხეულსაც და იმ ნივთებსაც კი, რომლებსაც ის სიცოცხლეში ეხებოდა. ჯერ კიდევ ახალ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ პავლე მოციქულის სხეულიდან გადანატან მანდილებსა და სარტყლებს სნეულნი იკურნებდნენ და ბოროტი სულები განდევნებოდნენ: „ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა (საქმ. 19:11-12). ეკლესიის მამათა განმარტებით, ნივთი თავისთავად კი არ ატარებს მექანიკურ ან „ჯადოსნურ“ ძალას, არამედ იგი ხდება საღმრთო მადლით განმსჭვალული. როდესაც მორწმუნე კაცი კრძალვითა და გულწრფელი რწმენით ეხება წმინდა გაბრიელის სარტყელს, ის ამ ნივთის საშუალებით უკავშირდება თავად წმინდანს, ხოლო წმინდა გაბრიელის ლოცვითა და შუამდგომლობით უფლისგან იღებს კურნებასა და შეწევნას.

სწორედ ამგვარი მადლმოსილება გააჩნია წმინდა გაბრიელის სარტყელს, რომლის თაყვანისცემის ტრადიციიდ დამკვიდრებას უამრავი სასწაული უკავშირდება. მონასტერი განსაკუთრებით ცნობილია უშვილო წყვილთა შეწევნით - გულმხურვალე ლოცვისა და სარტყელის შემორტყმის შემდეგ, უამრავ ოჯახს მიეცა ნანატრი შვილი. ტაძარში დღემდე ინახება ხის ჯვარი, რომელიც მადლიერმა მამამ შესწირა სალოცავს შვიდი წლის უშვილობის შემდეგ შვილის შეძენის აღსანიშნავად.

ამრიგად, ციხისჯვარის ეკლესია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის გამორჩეული ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს დიდი ხნის ისტორია არ აქვს, ის მაინც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ეპარქიის წმინდა სავანეთა შორის, რადგან აქ ღვთის მადლის მოქმედება თითქოსდა ხილულად აღიქმება, ხოლო ღირსი გაბრიელ ბერის მეოხება აშკარად იგრძნობა. ეს არის წმინდა სავანე, სადაც ყოველი მომლოცველი სულიერ სიმშვიდეს, რწმენის განახლებასა და წმინდა გაბრიელის ცოცხალ შეწევნას ეზიარება.

წაიკითხეთ ასევე

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.

საქართველოს მატიანე

თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.

ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია

ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.