ათონის წმინდა მთა - ერთადერთი სამონასტრო რესპუბლიკა

ქსენოფონტე. ფოტო: მჟკ

ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ ტალღებში შეჭრილი ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი შტო - ათონის წმინდა მთა - მსოფლიოში ერთადერთი სამონასტრო რესპუბლიკაა. ათას წელზე მეტია, რაც ბიზანტიის იმპერატორების მიერ ბერ-მონაზონთათვის ბოძებული ეს ავტონომიური სივრცე მართლმადიდებლური სამყაროს სულიერ, კულტურულ და ინტელექტუალურ ცენტრად რჩება. იმპერიები იბადებოდნენ და ინგრეოდნენ, იცვლებოდა მსოფლიო რუკა, თუმცა ათონის წმინდა მთამ შეძლო შეენარჩუნებინა თავისი საუკუნოვანი სტრუქტურა, უნიკალური ტიპიკონი და ქრისტიანული ასკეტიზმის უწყვეტი ტრადიცია.

მსოფლიოში ბევრია წმინდა ადგილი, თუმცა ათონის მთა სრულიად განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენს. „ღვთისმშობლის წილხვედრ ბაღად“ წოდებული ეს მისტიკური მხარე არის სივრცე, სადაც დრო თითქოს გაჩერდა და მიწიერმა კანონებმა გზა სულიერ იერარქიას დაუთმეს. უკვე ათასწლეულზე მეტია, აქ მოქმედებს სავალდებულო წესი, რომელიც მთაზე ქალთა შესვლას კრძალავს. ათონის მთა არის საბერძნეთის გეოგრაფიულ არეალში არსებული ავტონომიური „სამონასტრო სახელმწიფო“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და ტრადიციის მქონე ბერთა თავშესაფარს წარმოადგენს. ეს არის ერთგვარი ცოცხალი მუზეუმი, სადაც ყოველი ქვა, ხელნაწერი თუ ფრესკა კაცობრიობის უდიდეს სულიერ მეხსიერებას ინახავს.

სანამ ათონის ნახევარკუნძული მსოფლიო მართლმადიდებლობის ორგანიზებულ სამონასტრო ცენტრად იქცეოდა, ის განდეგილ და მეუდაბნოე მამათა თავშესაფარი იყო.

ბერები აქ VII-VIII საუკუნეებიდან სახლდებოდნენ, თუმცა მათი ცხოვრება მეტწილად იზოლირებული, საზოგადოებისაგან განმარტოებული იყო. ისინი ძირითადად ცხოვრობ-დნენ გამოქვაბულებში ან მცირე ქოხებში და მათ მოღვაწეობას არ გააჩნდა ერთიანი სტრუქტურული სახე.

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა X საუკუნეში, როდესაც ათონზე გამოჩნდა ეპოქალური ფიგურა - წმინდა ათანასე ათონელი. წარმოშობით ტრაპიზონელი ათანასე, რომელიც ბიზანტიის დედაქალაქის ინტელექტუალურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, წმინდა მთაზე ასკეტური ცხოვრების საძიებლად წავიდა. თუმცა, მას უფრო მასშტაბური მისია ხვდა წილად. ათანასეს ზურგს უმაგრებდა ახლო მეგობრობა ბიზანტიის უდიდეს მხედართმთავართან და შემდგომში იმპერატორთან - ნიკიფორე II ფოკასთან. სწორედ ნიკიფორეს ფინანსური შემოწირულობებითა და იმპერიული მხარდაჭერით, ათანასემ 963 წელს საფუძველი ჩაუყარა ათონის პირველ მონასტერს - დიდ ლავრას. წმინდა ათანასემ ათონზე განდეგილობის ნაცვლად შემოიტანა ე.წ. კინოვიური, ანუ მონაზვნობის „ზოგადცხოვრებულთა“ წესი: ბერები ახლა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, ერთად შრომობდნენ, ლოცულობდნენ და ემორჩილებოდნენ ერთიან ტიპიკონს. ამან ათონის მთას საოცარი ორგანიზებულობა და მდგრადობა შესძინა.

მონასტრების ზრდამ და ბერების მოზღვავებამ დღის წესრიგში დააყენა ერთიანი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა. 972 წელს, ბიზანტიის მომდევნო იმპერატორმა, იოანე ციმისხემ, გამოსცა ოფიციალური სიგელი, რომელიც ისტორიაში „ტრაგოსის“ (ბერძნულად „თხა“) სახელით შევიდა, რადგან ის თხის ტყავის ეტრატზე იყო დაწერილი. „ტრაგოსი“ გახდა ათონის წმინდა მთის პირველი კონსტიტუცია, რომელმაც დააკანონა საერთო ცხოვრების (კინოვიური) წესი, როგორც სამონასტრო ცხოვრების მთავარი ფორმა; განსაზღვრა ათონის მთის მართვის სტრუქტურა; ოფიციალურად დააწესა „ავატონის“ პრინციპი - მკაცრი აკრძალვა, რომელიც დღემდე უკრძალავს ქალებს წმინდა მთის ტერიტორიაზე ფეხის დადგმას, რათა არავინ და არაფერმა დაარღვიოს ბერთა ასკეტური მყუდროება.

ბიზანტიის იმპერატორების მფარველობამ ათონი ხელშეუხებელ სულიერ ციხესიმაგრედ აქცია. სწორედ ამ მყარ, ორგანიზებულ და იმპერიის მიერ აღიარებულ სივრცეში დაიწყო მომდევნო ათწლეულებში სხვადასხვა ქრისტიანული ქვეყნებიდან მონაზვნობის მსურველთა შედინება, რამაც წმინდა მთას გლობალური მნიშვნელობა მიანიჭა.

ბიზანტიის იმპერიის მფარველობის ქვეშ ათონმა ოქროს ხანა გამოიარა, თუმცა XV საუკუნეში წმინდა მთა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე დადგა. ბალკანეთში ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიამ და 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემამ მართლმადიდებლური სამყარო შეძრა. ბევრს მიაჩნდა, რომ ათონის სამონასტრო რესპუბლიკის აღსასრულიც დადგა, თუმცა ბერების პოლიტიკურმა შორსმჭვრეტელობამ საუკუნოვანი ავტონომია სიკვდილს გადაარჩინა. ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის საბოლოო დაცემამდე, ათონელმა ბერებმა გააცნობიერეს, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა. მათ გამოიჩინეს საოცარი დიპლომატიური მოქნილობა და მორჩილება აღუთქვეს სულთან მუჰამედ II-ს (დამპყრობელს) მანამ, სანამ ის საბერძნეთის ამ ნაწილს სრულად დაიმორჩილებდა. სულთანმა პატივი სცა ბერების გადაწყვეტილებას. სპეციალური ბრძანებულებით ოსმალებმა ათონს შეუნარჩუნეს შიდა თვითმმართველობა, რაც  თურქების მხრიდან ბერების შიდა ცხოვრებასა და საქმეებში ჩაურევნელობას გულისხმობდა, ასევე მონასტრებს შეუნარჩუნდათ თავიანთი უძრავი ქონება. სანაცვლოდ, ათონს დაეკისრა უმძიმესი ფინანსური ტვირთი - ყოველწლიური სპეციალური გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის ოთხსაუკუნოვანი ბატონობის განმავლობაში მონასტრები ეკონომიკურად ძალიან გამოიფიტნენ და ხშირად ვალებში იძირებოდნენ, წმინდა მთამ მთავარი რამ შეინარჩუნა - უწყვეტი სამონასტრო ტრადიცია და იურიდიული ხელშეუხებლობა.

ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და ბალკანეთის ომების შემდეგ, 1912 წელს ათონი გათავისუფლდა.

1926 წლიდან დღემდე, ის ოფიციალურად არის საბერძნეთის რესპუბლიკის თვითმმართველობის მქონე რეგიონი. მისი უნიკალური სტატუსი განმტკიცებულია საბერძნეთის კონსტიტუციის 105-ე მუხლით და დაცულია ევროკავშირის სპეციალური შეთანხმებებითაც. მთაზე არსებობს 20 მთავარი მონასტერი და მისი მართვის მოდელი სრულიად უნიკალურია. ათონის მთა ემორჩილება მსოფლიო პატრიარქს (და არა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსს). მას მართავს 20 მონასტრის წარმომადგენელთაგან შემდგარი მუდმივმოქმედი საბჭო - წმინდა კინოტი. ასევე 4 ბერისაგან შემდგარი დროებითი კრებული (წმინდა ეპისტასია), რომელიც ყოველწლიურად იცვლება როტაციის პრინციპით. ეპისტასიის ხელმძღვანელს ეწოდება პროტი (პირველი) და ის ფაქტობრივად წმინდა მთის უმაღლესი თანამდებობის პირია. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ათონზე ნიშნავს სამოქალაქო გუბერნატორს. მისი მოვალეობა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და კანონმდებლობის დაცვაა. შიდა სამონასტრო საქმეებში ის ვერ ერევა.

მიუხედავად იმისა, რომ ათონი საბერძნეთის იურისდიქციაშია, ის სხვადასხვა ეროვნების მოღვაწეებს აერთიანებს. 20 მთავარ მონასტერს შორის, ბერძნულის გვერდით სლავური და რუმინული სამყაროც არის წარმოდგენილი: ხილანდარის სერბული მონასტერი, ზოგრაფის ბულგარელთა სავანე, წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი და რუმინული სკიტები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ივერონის (ქართველთა) მონასტერი, რომელიც X საუკუნის ბოლოს ღირსი იოანე მთაწმინდელისა და ღირსი იოანე-თორნიკეს მიერ დაარსდა. სწორედ ივერონმა ჩაუყარა საფუძველი ათონის, როგორც მრავალეროვნული, საერთაშორისო მართლმადიდებლური ცენტრის იდეას. აქვე, ივერთა მონასტერშია დასვენებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიც - „პორტაიტისა“ („კარიბჭისა“), რომელიც მთელი ნახევარკუნძულის მთავარ მფარველად მიიჩნევა.

როდესაც ათონის მთის განსაკუთრებულობაზე ვსაუბრობთ აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ისიხაზმი - მისტიკური მოძღვრება მდუმარების, განმარტოებისა და გონიერი ლოცვის („იესოს ლოცვის“) შესახებ.

XIV საუკუნეში, წმინდა გრიგოლ პალამას წინამძღოლობით, ათონი ამ მოძღვრების მსოფლიო ცენტრად იქცა. ისიხაზმმა სამუდამოდ განსაზღვრა მართლმადიდებლური მონაზვნობის შინაგანი ბუნება და ბერებს უდიდესი სულიერი სიმტკიცე შესძინა გარე სამყაროს ქარტეხილების გასამკლავებლად.

ათონის მთა რომ განსაკუთრებული და მისტიკური ადგილია ამაზე მეტყველებს აქ მოქმედი დროც - წმინდა მთაზე მიწიერი ჟამთასვლაც კი კი განსხვავებულია - აქ დღემდე იყენებენ ძველ, იულიუსის კალენდარს და უნიკალურ ბიზანტიურ საათს, რომლის მიხედვითაც ახალი დღის ათვლა მზის ჩასვლის მომენტიდან იწყება.

ამგვარად, ათონის წმინდა მთა არ არის უბრალოდ წარსულის გადმონაშთი. ის არის ცოცხალი, მომქმედი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ღმერთის მსახურების იდეამ გაუძლოს დროისა და პოლიტიკური სისტემების ცვალებადობას. საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიური ოქროს ხანის, ოსმალეთის მძიმე ბატონობისა თუ მეოცე საუკუნის მსოფლიო ომების ქარტეხილების გადალახვით, ათონელმა ბერებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ მთავარი - ქრისტესმიერი ერთობის იდეა. ეს უნიკალური სამონასტრო რესპუბლიკა დღესაც საუკეთესო დასტურია იმისა, რომ განსხვავებული ეროვნების, ენისა და კულტურის ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ერთიანი, ჰარმონიული თანამეგობრობა, სადაც მიწიერი საზღვრები აზრს კარგავს და ყველაფერი ერთ უზენაეს მიზანს - ადამიანის სულისა და ღმერთის შეხვედრას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ათონი რჩება მართლმადიდებლური სამყაროს ჩაუქრობელ კანდელად, რომელიც საუკუნეების მიღმიდან დღემდე ანათებს.

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.

საქართველოს მატიანე

თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.

ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია

ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.