აღდგომის თარიღის განსაზღვრის ისტორია

იერუსალიმი. ცეცხლის გარდამოსვლა. 2026 წლის 12 აპრილი. ფოტო: მჟკ

შვიდეულის დღეთა შორის კვირა დღის, „ერთშაბათის“ დაწინაურება მოციქულთა დროიდან ჩანს. წმინდა პავლე მოციქული კორინთელებს ცხადად განუჩინებს: „ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ  (1 კორინთ. 16:1, 2).

მართალია ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ მაცხოვარი კვირა დღეს აღდგა, თუმცა, ისინი დღესასწაულის ყოველწლიურად აღნიშვნისთვის კვირის ფაქტორს სულაც არ ითვალისწინებდნენ. ჩვენთვის უცნობია მოციქულთა პერიოდში კონკრეტულად რომელ დღეს ხდებოდა აღდგომის აღნიშვნა, რადგან ამასთან დაკავშირებით ეკლესიის ისტორიის მკვლევარებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. თუმცა, ერთი რამ ცალსახაა, იუდაურ დღესასწაულებთან პირველქრისტიანების სიახლოვის მიუხედავად, მოციქულებმა მკაცრად განსაზღვრეს, რომ დაუშვებელია ქრისტეს აღდგომის დღის აღნიშვნა იუდაურ პასექთან ერთად. მოციქულთა მე-7 კანონში ვკითხულობთ: „უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან წმიდაჲ დღე აღვსებისაჲ უწინარეს გაზაფხულისა დღეთაჲსა ჰურიათა თანა სრულ-ყოს, განიკუეთენ“.

მოციქულთა ამ განჩინების საფუძველზე დასავლეთის ადგილობრივი ეკლესიები აღდგომას არა იუდეველებთან, არამედ მათი პასექის შემდგომ, კვირა დღეს აღნიშნავდნენ. ამ წესს არ იცავდა აღმოსავლეთის რამდენიმე ეკლესია, კერძოდ, სირიის, მესოპოტამიის და კილიკიის, რომლებსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ამავე რეგიონში მცხოვრებ ქრისტიან ებრაელებთან და მათი გავლენით აღდგომას დღესასწაულობდნენ ნისანის თვის 14 რიცხვში[1]. განსხვავებული იყო მათი მარხვაც, რომელიც ბუნებრივია არ ემთხვეოდა დასავლელებისას. ასე რომ, ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი აღდგომას სხვადასხვა დროს, განსხვავებული სულიერი განწყობით ხვდებოდა.

პირველი უკმაყოფილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომის პაპმა ანიკეტიმ გამოთქვა. მან 155 წელს თავისთან წმინდა პოლიკარპე სმირნელი († 167) მიიწვია, რომ აღნიშნული საკითხი გადაეჭრათ და აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა ერთ დღეს დაედგინათ. თუმცა, შეთანხმება ვერ მოხდა. ამის მიუხედავად, მათ ევქარისტიული ღვთისმსახურება ერთად აღავლინეს და ერთმანეთს მშვიდად დაშორდნენ, რაც იმის დასტური იყო, რომ დღესასწაულის თარიღის შესახებ შეუთანხმებლობას, არ უნდა გამოეწვია ეკლესიის გაყოფა.

საპასექო დავები გაგრძელდა. ამასობაში საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები ახალი იულიუსის კალენდრის ირგვლივ, რომლის გავლენის გაძლიერებასთან ერთად, ნაკლებ გამოყენებადი გახდა მთვარე-მზის, ე. წ. „ლუნისოლარული“ კალენდარი. ამ უკანასკნელს რომის იმპერიაში მხოლოდ იუდეველებიღა იყენებდნენ თავიანთი საიდუმლო გამოთვლებისთვის. თუმცა, III საუკუნის დასაწყისიდან ქრისტიანთა დღის წესრიგში მთვარე-მზის კალენდრის საპასექო გამოთვლებისთვის გამოყენების საკითხი დადგა. „ლუნისოლარული“ კალენდარი აერთიანებს მთვარის ფაზებს და მზის წელიწადს და ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით ცდილობს მაქსიმალური სიზუსტით ასახოს წელიწადთა ცვლა.

პირველი, ვინც სავსემთვარობაზე დაყრდნობით პასქალია შეადგინა დიმიტრი ალექსანდრიელი იყო, რომლის გამოთვლები 8-წლიან ციკლს („ოქტაეტერიდას“) მოიცავდა. აღნიშნული ციკლი ეფუძნება იმას, რომ ყოველი 8 წლის შემდგომ მთვარის ფაზები და კალენდარული წლები დაახლოებით ერთსა და იმავე ნიშნულს უბრუნდებიან. დიმიტრი ალექსანდრიელის ციკლი მართალია იდეალურად ზუსტი არ იყო, თუმცა შემდგომში იგი საფუძვლად დაედო უფრო მართებულ გამოთვლებს.

დიმიტრი ალექსანდრიელის მოსაზრება ბევრმა ადგილობრივმა ეკლესიამ და მათ შორის პაპ ანიკეტის შემდგომმა, პაპმა ვიქტორმაც გაიზიარა. როგორც ჩანს, რომის ეკლესიის წინამძღოლს დღესასწაულის აღნიშვნის საკითხში არაერთსულოვნება ძალიან აშფოთებდა, რის გამოც მან მალევე კატეგორიულად მოითხოვა მცირე აზიელებისგან, რომ მათაც, დასავლელების მსგავსად, აღდგომა კვირა დღეს ედღესასწაულათ. იგი წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე აზიის ეკლესიებს ევქარისტიული ერთობის გაწყვეტით ემუქრებოდა. პოზიციებს არ თმობდა აღმოსავლეთის ეკლესია, რომელსაც ეფესოს ეპისკოპოსი პოლიკრატე წინამძოლობდა. მან რომის საყდარს წერილი მისწერა, სადაც აღდგომის ნისანის 14-ში აღნიშვნის მიზეზად, იმ სამოციქულო ტრადიციას ასახელებდა, რომელიც მათ წმინდა ფილიპე და იოანე მოციქულებისგან ერგოთ და რასაც ერთგულად იცავდნენ.

 პაპი ვიქტორის წინააღმდეგ ხმა წმინდა ირინეოს ლიონელმა († 202) აიმაღლა. მღვდელმთავარმა თამამად გააკრიტიკა რომის ეკლესიის მეთაური და განუმარტა მას, რომ ძველთაგანვე ქრისტიანები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, თუმცა ამის გამო თანაზიარებას არასოდეს განეშორებოდნენ. იგი აღნიშნავდა: „რადგან არა მხოლოდ დღეების შესახებ არის უთანხმოება, არამედ თვით მარხვის წესის შესახებაც. რადგან ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მათ ერთი დღე უნდა იმარხულონ, ზოგიერთები კი - ორი, ზოგი კი - მრავალი, ზოგირთები კი მათ დღეს დღისა და ღამის ორმოცი საათით ანგარიშობენ. მარხვის დამცველთა ასეთი სიჭრელე ახლა არ წარმოქმნილა, არამედ ჩვენამდე დიდი ხნის წინათ, როდესაც, როგორც ჩანს სიზუსტის დაუცველობით მარტივი და ლიტონი ჩვეულება ეპყრათ მომავალი თაობებისთვის გადასაცემად. და ყველა ისინი არანაკლებ მშვიდობაში ცხოვრობდნენ და ახლაც მშვიდობით ვცხოვრობთ ერთმანეთთან“. წმინდა ირინეოსი, თავისი ავტორიტეტით, არამარტო პაპს, არამედ ეკლესიათა სხვა მეთაურებსაც სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

ალექსანდრიის ეკლესია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ასტრონომიული ცოდნით, განაგრძობდა საპასექო გამოთვლების სრულყოფისთვის ზრუნვას. მართალია სავსემთვარობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აღდგომის თარიღის დადგენაში, მაგრამ გადამწყვეტი მაინც გაზაფხულის დღეღამსწორობის ფაქტორი აღმოჩნდა, რომლის შემოღებაც ასევე ალექსანდრიელ მღვდელმთავარს, დიონისეს († 265) უკავშირდება.

როგორც აღინიშნა, დიმიტრი ალექსანდრიელის 8-წლიანი ციკლი ასტრონომიულად არასრულყოფილი იყო, რის გამოც იგი მუდმივ კორექტირებას საჭიროებდა. ამიტომ ანატოლი ლაოდიკიელმა, დაახლოებით 277 წელს, შედარებით მეტად სრულყოფილი 19-წლიანი ციკლი გამოიყენა, რომელიც შემდგომში არაერთი პასქალიის შექმნის საფუძველი გახდა. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომი სახელად: „პასქალური კანონი“. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულად შედგენილ პასქალურ ცხრილს, რომელიც შემდგომში ალექსანდრიის ეკლესიამ აიტაცა და განავითარა. 19-წლიანი ციკლი გულისხმობს, ყოველი 19 წლის შემდეგ მთვარის ფაზების გამეორებას. იგი ასევე ცნობილია როგორც „მეტონის ციკლი“, რომელსაც მანამდე აქტიურად იყენებდნენ ძველი ბერძნები და ბაბილონელები. ანატოლი ლაოდიკიელის მიერ გამოყენებული ციკლი ერთ-ერთი პირველი მცდელობაა ეკლესიისთვის ერთიანი, ასტრონომიულად გამართული კალენდრის შექმნისა.

ამავდროულად, დასავლეთში აქტიურად მოქმედებდა 84-წლიანი ციკლი. ეს ციკლი დაფუძნებული იყო მთვარისა და მზის ციკლების შეთავსებაზე. კერძოდ, 19 მთვარის წელი x 4 მზის წელზე = 76-ს და მას კიდევ ემატებოდა 8 წელი, რომ დაეომპენსირებინა ის მცირედი განსხვავება, რაც მთვარისა და მზის კალენდრებს შორის არსებობდა. მაშასადამე, 84 წლის გასვლის შემდეგ აღდგომის თარიღი ემთხვეოდა კვირის შვიდეულის იმავე დღეს, ანუ კვირას.

საპასექო დავები მეოთხე საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა და ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ არ არსებობდა. ამიტომ ნიკეის 325 წლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ აღდგომის დღესასწაულის თარიღის განსაზღვრა და მისი საყოველთაოდ აღნიშვნის თემაც იყო. საბოლოოდ კრებამ დაადგინა, რომ მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს გაზაფხულის დღეღამსწორობის და სავსემთვარობის მომდევნო კვირას და ამასთან იუდეველთა პასექის შემდგომ. კრების თავჯდომარემ და მთავარმა ინიციატორმა, ბიზანტიის იმპერატორმა, მოციქულთასწორმა კონსტანტინემ, ეპისტოლეები დაუგზავნა ყველა ადგილობრივ ეკლესიას და ამცნო მათ კრების დადგენილება პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით. იმპერატორი ბრძანებდა: „საერთო აზრმა გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, ყველგან ყველას ერთ დღეს აღესრულებინა (პასექი - გ. მ.). რადგან ჩვენთვის რა არის უფრო მშვენიერი, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, თუ არა ის, რომ ეს დღესასწაული, რომლისგანაც მივიღეთ უკვდავების სასოება, ერთი წესითა და ნათელი აზრით ყველასთან უშეცდომოთ იყოს დაცული?! და პირველ რიგში, უღირსად მიიჩნიეს (კრების მონაწილე მამებმა), რომ ეს უწმინდესი დღესასწაული იუდაური ჩვეულების მიდევნებით აღსრულებულიყო, რომლებმაც ხელები გაისვარეს ურჯულო, უწესო საქციელით...“.

ამის გარდა, კონსტანტინე დიდი მიიჩნევდა, რომ: „უკანონო არის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხში და ასეთი მსახურების დღესასწაულში არსებობდეს უთანხმოება, რამეთუ ჩვენმა მხსნელმა გადმოგვცა ჩვენი თავისუფლების ერთი დღე, რაც არის მისი უწმინდესი ვნების დღე“. იგი ამცნობდა კრების გადაწყვეტილებას ეკლესიებს: „პასექის უწმინდესი დღესასწაული აღსრულდეს ერთსა და იმავე დღეს. რადგან არ შეშვენის, რომ ასეთ სიწმინდესთან დაკავშირებით იყოს უთანხმოება და რომ კარგია ამ აზრის მიდევნება, რომელშიც უცხო საცდურთან და ცოდვასთან არავითარი აღრევა არ არის, როდესაც ამგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხები. აწ სიხარულით მიიღეთ ზეციური მადლი და ჭეშმარიტად საღვთო მცნება. რადგან ყველაფერი, რაც აღსრულდება ეპისკოპოსთა წმინდა შეკრებებზე, ეს საღვთო ნებასთან მიმართებაში იმყოფება“.

მაშასადამე, იმპერატორი კონსტანტინე სრულად ეთანხმება კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის საყოველთაოდ აღნიშვნასთან დაკავშირებით და ყველა ადგილობრივ ეკლესიას მიღებული განჩინების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

პირველი მსოფლიო კრების დადგენილების მიუხედავად, ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიისთვის აღდგომის თარიღი კვლავაც გადაუწყვეტელი დარჩა, ამას მოწმობს ანტიოქიის 341 წლის ადგილობრივი კრების 1-ლი კანონი, რომელიც ნიკეის კრების დადგენილების მსგავსად განაჩინებს: „ყოველთა, რომელთა იკადრონ დაჴსნად საზღვარი წმიდისა და დიდისა ნიკეას შეკრებულისა კრებისაჲ მუნ ყოფასა კეთილად მსახურისა და ღმრთისმოყუარისა მეფისა კონსტანტინესსა წმიდისათჳს დღესასწაულისა საცხორებელისა აღვსებისა, უზიარებელ და განჴდილ იყვნედ ეკლესიით, უკუეთუ ეგნენ წინააღდგომობითსა ზედა მაცილობელობასა კეთილად განსაზღვრებულსა საქმეთასა. და ესენი უკუე ვთქუენით ერისკაცთათჳს.

ხოლო უკუეთუ ვინმე ეკლესიასა ზედამდგომელთაგანმან ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან შემდგომად საზღვრისა ამის იკადროს გარდასაქცეველად ერისა და აღსაშფოთებელად ეკლესიათა თჳსაგან და ჰურიათა თანა აღსრულებაჲ აღვსებისაჲ, ამას წმიდაჲ კრებაჲ მიერითგან უცხოდ სჯის ეკლესიისაგან, ვითარცა არა ხოლო თჳსისა ცოდვისა, არამედ მრავალთა ხრწნილებისა და გარდაქცეულებისა მიზეზსა და არა ესევითართა ხოლო განჰკუეთს მღდელობისაგან, არამედ მკადრებელთაცა ზიარებისა მათისათა შემდგომად განკუეთისა. ხოლო განკუეთილთა მათ დაკლებულ ჰყოფს გარეშისაცა პატივისაგან, რომელი წმიდამან კანონმან და საკურთხეველმან ღმრთისამან მოუგო“.

ნიკეის და ანტიოქიის კრებების შემდეგ აღდგომის თარიღის ირგვლივ მსჯელობა კვლავ გაგრძელდა. დასავლეთმაც (რომმა) და აღმოსავლეთმაც (ალექსანდრიამ) შეიმუშავეს თავიანთი პასქალური გამოსათვლელი სისტემები, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალი იყო იუდაური კალენდრისგან. ეს ორი ავტორიტეტული საყდარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღნიშნავდა აღდგომის დღესასწაულს, რაც ბუნებრივია წინააღმდეგობაში მოდიოდა ნიკეის კრების განჩინებასთან. თუმცა, არა იმდენად პირველმა მსოფლიო კრებამ, რამდენადაც რომაული პასქალური გამოსათვლელი სისტემის უზუსტობამ განაპირობა ის, რომ რომის ეკლესიის განსწავლულმა აბატმა დიონისე მცირემ 525 წელს ალექსანდრიელებისგან გადმოიღო პასექის გამოსათვლელი სისტემა და დანერგა რომში, რამაც საბოლოოდ განაპირობა აღდგომის დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნის ტრადიცია ქრისტეს ეკლესიაში.

ამრიგად, VI საუკუნეში მიღებული და დღემდე დაცული ტრადიციის თანახმად, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის თარიღი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის (დღეღამსწორობის) შემდგომი სავსემთვარობის შემდგომ კვირა დღეს. ამასთან იგი არ უნდა დაემთხვეს იუდაურ პასექს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი კვირით წინ გადაინაცვლებს.

ეკლესიის ისტორია მათ „თოთხმეტიანელების“ იგივე „კვარტოდეციმანების“ სახელით იცნობს.

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.

საქართველოს მატიანე

თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.

ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია

ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.