ანჩისხატის შესახებ

ანჩისხატი. ფოტო: მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი

ანჩისხატის ტაძარი თბილისის ძველ უბანში, იოანე შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. იგი VI საუკუნით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკაა და თბილისის ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობაა. ღვთისმშობლის შობის ტაძრის დღევანდელი სახელწოდება 1664 წელს სამხრეთ საქართველოდან – ანჩის მონასტრიდან აქ ჩამოსვენებულ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს უკავშირდება. ანჩის მაცხოვრის ხატი, ქართული ჭედურობის შესანიშნავი ნიმუშია, ის ბექა ოპიზრის მოჭედილია და ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. გვიან შუა საუკუნეებში ანჩისხატის ეკლესია სასულიერო და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქვე ხდებოდა ქართველი უფლისწულების აღზრდაც. XVII საუკუნეში სამცხიდან აქ ჩამოსული მღვდლის, პეტრე მოსხის, შთამომავლებმა მწიგნობრების – ალექსი-მესხიშვილების დინასტიას ჩაუყარეს საფუძველი. 1755 წელს კი ერეკლე II-ის ხელშეწყობით ეკლესიასთან დაარსდა საერო სკოლა და სასულიერო სემინარია. სემინარიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიასთან ერთად გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, არითმეტიკასა და ქართულ ენას ასწავლიდნენ. ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა და აღადგინეს, მან ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოაღწია. ანჩისხატი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია.

არქიტექტურა
ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის გეგმა წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს, რომელიც შიგნით, ბურჯების ორი წყვილით იყოფა სამ ნაწილად. ეკლესია ნაგებია ტუფის თლილი ქვით. რესტავრაციისას შევსებული ნაწილი (კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი) აგურისაა. შუა ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და გვერდითა ნავებთან შედარებით მაღალია და ორჯერ უფრო განიერი. აფსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია განლაგებული. შესასვლელი სამია - სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი არქიტრავულია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის შესასვლელების თავზე ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრი მოხაზულობით არის დასრულებული აღმოსავლეთ ფასადის სამი და დასავლეთ ფასადის ყველა სარკმელიც. ტაძრის შემკულობა დამახინჯებულია გვიანი პერიოდის რესტავრაციისას. თუმცა დეკორაციის მოტივი კარგად ჩანს. აღსანიშნავია დასავლეთ ფასადის წყობაში ჩასმული „ჯვრის ამაღლების“ ფრაგმენტული, ძლიერად დაზიანებული რელიეფი. მასზე შერჩენილია ბოლნური ჯვრისა და ანგელოზის გამოსახულებები. რელიეფს მნიშვნელობას მატებს მასზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერაც, რომელზეც იკითხება: „უფალო, მეფესა დაჩის შეეწიე“. ტაძრის აფსიდში შემორჩენილია XVII ს-ის ფრესკების ნაშთი.
ტაძრის დასავლეთით გვიანი ფეოდალური ხანის სამრეკლოა, რომელიც კარიბჭესაც წარმოადგენს. სამრეკლო ნაგებია აგურით. იგი კუბური მოცულობაა, რომლის ცენტრშიც, კვადრატულ მოჩარჩოებაში ჩასმული გასასვლელის შეისრული თაღია. შესასვლელის ორსავე მხარეს ორ სართულად დეკორატიული ნიშებია მოთავსებული. გასასვლელში ეკლესიის ეზოში ჩასასვლელი ფართო კიბეა, რომლის გვერდებზე სამრეკლოს კედლებში მცველთა მცირე სადგომებია შექმნილი. გასასვლელის თაღის ზემოთ ერთი საცხოვრებელი ოთახია. მეორე სართულზე მცირე ზომის სათავსებია. ნაგებობას აგვირგვინებს ფანჩატური, რომელსაც ქვის სვეტები აქვს ორიგინალური სვეტისთავებით. 

„პირი ღვთისა“

კარედი შესრულებულია „პირი ღვთისას“ (105 X 71 სმ). მაცხოვარი გამოსახულია წელზევით, მაკურთხებელი მარჯვენით და ხელში სახარებით. სახე შესრულებულია ცვილოვანი საღებავით (ენკაუსტიკური ტექნიკით, VI-VII საუკუნეები). ასეთი ხატი იყო ნაწერი წმინდა სანთელში გახსნილი ფერების ფხვნილით. თვით მაცხოვრის ტიპი, თვალებისა და ცხვირის მოყვანილობა არკვევს, ძეგლის სიძველეს.

მაცხოვრის „ხელთუქმნელი ხატის“ იკონოგრაფიული ტიპი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო IV და V საუკუნეში სირიასა და პალესტინაში, წარმოადგენს მაცხოვრის გამოსახულებას ბიუსტის გარეშე, ორ ნაწნავად შუაზე გაყოფილი თმით და მოგრძო წვერ-ულვაშით. თავის მოყვანილობა და ტილო, რომელზეც მოთავსებული იყო მაცხოვრის „ხელთუქმნელი“ გამოსახულება, ჩვეულებრივად გვაძლევს საკმაოდ ზუსტ კვადრატულ ფორმას, რაც თავისთავად ცხადია ნაკარნახევი იყო გამოსახულების იკონოგრაფიული ტიპით.

მაცხოვრის ხატი დაწერილია ფიცარზე (106 X 71 X 4,6 სმ). ფიცარი დაზიანებულია ბევრ ადგილას, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზემოდან ხატის შუაგული გაპობილია ორ ნაწილად, ხოლო გაპობილი ღრუ ამოვსებულია სანთლით. ხატის ქვედა ნაწილი დაზიანებულია ისევე, როგორც ზედა და აქაც ღრუ ამოვსებულია ცვილის სანთლით. ხატის მხატვრულსა და შესრულების ტექნიკის ანალიზს აბრკოლებს ის გარემოება, რომ ხატი ძლიერ დაზიანებულია, განსაკუთრებით მაცხოვრის პირისახის ქვედა ნაწილი, სადაც მხატვრობა თითქმის სულ გადასულია. მაცხოვრის თმა, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა, ძლიერ დაზიანებულია. შედარებით კარგად ჩანს მისი მარცხენა ნაწნავი. მარცხენა ნაწნავის მხატვრობის ფერი სავსებით გადასულია XVII საუკუნის მეორე ნახევრის მუქი ყავისფერი საღებავით, რომელზედაც შემდეგ წაუსვამთ ლაქი.

1929 წელს მოჭედილობის ახსნის დროს აღმოჩნდა, რომ მხატვრობაზე გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მოჭედილობაში დატოვებული იყო მაცხოვრის სახის გამოსაჩენად, დაკრული იყო ზემოდან ტილო.ტილოსა და მოჭედილობას შუა მოთავსებული ღრუ ამოვსებული ყოფილა აგურისფერი მასით — ფისით. ტილო ფარავდა მაცხოვრის მთელ ბიუსტსა და ორივე ნაწნავის უდიდეს ნაწილს. ტილო ამოჭრილი ყოფილა მაცხოვრის პირისახის გამსოაჩენად, მაგრამ იგი მაცხოვრის სახის მოყვანილობას არ მიუყვება ზუსტად, პირიქით მას ფარავს. მოჭედილობის ახდის დროს გაირკვა, რომ ტილო რომელიც ზუსტად მიუყვება მოჭედილობის კონტურს და არა პირვანდელ მხატვრობას, დაუკრავთ ძველ მხატვრობაზე ახალი მოჭედილობის სარჩულად 1825 წელს.

ხატის კვლევისას ტილო, რომელიც ფარავდა პირვანდელ მოხატულობას მოიხსნა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თავდაპირველ მხატვრობას დაკავებული ჰქონდა ფიცრის მთელი არე. მაცხოვრის ნიმბი განახლებულია XVII საუკუნეში ღია ოქროთი, კონტური მოხაზულია აგურისფერი მუქი საღებავით. ფონი ხატისა დაფარულია ღია მოცისფრო საღებავით, რაც დამახასიათებელია XVII-XVIII საუკუნეების ქართული ხატწერის ძეგლებისათვის. თეთრი საღებავით ხატის მარცხენა არეზე შენახულა წარწერა ქ~ე. მარცხნივ ქვემოთ მოჩანს სახარების ყდა, თვალებით შემკული, რომელიც დაწერილია არაუადრეს XVII საუკუნისა. მარცხენა თითების გამოსახულება ოდნავ შემორჩენილია, რომლითაც ირკვევა, რომ მაცხოვარს სახარება ეკავა ქვემოდან.

ძეგლის დეტალური განხილვისას შალვა ამირანაშვილი თვლის, რომ XVII საუკუნის განახლების დროს მხატვარს უკვე აღარ ესმოდა მაცხოვრის „ხელთუქმნელი“ გამოსახულების იკონოგრაფიული ტიპის რაობა და შინაარსი. მან მაცხოვრის პირისახეს მიუმატა ბიუსტი, მარცხენა ხელში დააჭერინა სახარება, ხოლო მარჯვენა ხელის თითებს კურთხევის ნიშანის სახე მისცა.

მოჭედილობა

ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება მოთავსებული ყოფილამოგრძო ვიწრო ოთხკუთხედში, ჯერ კიდევ ბექა ოპიზარისა და იოანე რკნაელის დროს. მაცხოვრის ბიუსტი და სახარების გამოსახვა მარცხენა ხელში, რომელიც მოცემულია 1825 წლის მოჭედილობაში, გვაძლევს მაცხოვრის განსხვავებულ იკონოგრაფიულ ტიპს, რომელიც ცნობილია „ყოვლისმყრობელის“ სახელწოდებით.

ხატის ნიმბი შემკულია ძვირფასი თვლებით. მაცხოვრის კვართი და მთელი ხატის შიდა მხარე დამზადებულია დიდი ზომის ვერცხლის მთლიანი ფირფიტიდან 1825 წელს. ამას ამტკიცებს შესრულების ტექნიკა და ფონის ორნამენტის მოტივი. ხატის ეს ნაწილი წარმოადგენს გვიანი ხანის რუსული ხელობის ნაწარმოებს.

მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს ჩარჩოს მოჭედლობა, რომელიც წარმოადგენს ქართული ოქრომჭედლობის ძეგლს და წარწერის მიხედვით ეკუთვნის ბექა ოპიზარს. ჩარჩოს ზედა ნაწილზე ცენტრში გამოსახულია „საყდარი“, ხატის მარჯვენა კუთხეში — მთავარანგელოზი მიქაელი, მარცხენა კუთხეში კი მთავარანგელოზი გაბრიელი. ხატის მარცხენა გვერდით ჩარჩოზე შუა ადგილას, ვედრების პოზაში, მთელი ტანით გამსახულია იოანე ნათლისმცემელი, მეორე გვერდზე კი სიმეტრიულად მოთავსებულია ამავე ვედრების პოზაში ღვთისმშობელი. ქვედა ჩარჩოზე წელზევით გამოსახულნი არიან მარჯვენა კუთხეში პეტრე მოციქული, შუაში — პავლე მოციქული და მარცხენა კუთხეში — იოანე მახარებელი.

აღნიშნულ გამოსახულებათა შორის მოთავსებულია საკმაოდ მაღალი რელიეფიანი ჩუქურთმა, რომელიც ძირითადად წარმოადგენს მცენარის ფოთლის სტილიზაციას. მას სამმაგი წრე აქვს შემოვლებული. თუმცა კომპოზიცია ზოგად ხაზებში ექვემდებარება ზუსტად სიმეტრიის კანონს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ერთი და იგივე ფორმა წრეში მოთავსებულ ფოთლისა განმეორებული არ არის.

ჩარჩოს ქვედა ნაწილზე მოთავსებულია რელიეფურად მოცემული ასომთავრული წარწერა, რომელიც კარგადაა დაცული.

ისტორია

ანჩის ხატის მოჭედვის ინიციატორის, ანჩელ მთავარეპისკოპოს იოანე ანჩელის, საგალობელის ავტორის მოსაზრებით ხატი ანდრია პირველწოდებულმა გადმოიტანა იერაპოლიდან (თან. ქალაქი მანბიჯი) საქართველოში. ხატისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონის ერთ-ერთ ტროპარში იოანე ანჩელი ამბობს: „ანდრია, თავი მოციქულთა, პირველწოდებული მოწაფე მეუფისა დიდისა, იდიდებოდენ ყოველთაგან უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა, იერაპოლით მოვიდა და ხატი ესე საშინელი ჩვენ, მოსავთა მისთა, მოგვანიჭა“.[1]

ანჩის ტრიპტიქონის წარწერათა ისტორიული ანალიზის საშუალებით ირკვევა, რომ მაცხოვრის „პირი ღვთისა“ ჯერ ედესიდან გადმოუტანიათ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი 717-747 წლებში ბიზანტიის კეისრის ლეონ III ისავრიელის ცნობილი ხატმებრძოლის დროს კი კონსტანტინოპოლიდან — ანჩის მონასტერში. აღნიშნულ ფაქტს ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ხატი მხოლოდ 944 წელს კონსტანტინე VII პირფიროგენეტის დროს გადმოიტანეს ედესიდან კონსტანტინოპოლში.

1184-1193 წლებში (თამარ მეფის გამეფებისა და ლაშა-გიორგის დაბადების წლები) ბექა ოპიზარს მოუჭედავს იოანე რკნაელის თაოსნობით.

წალკის სახარების (რომელიც დაწერილი იყო წყაროსთავში) მინაწერის მიხედვით, მწიგნობარ სოფრომს, თამარ მეფის ყოფილ ვეზირს, რომელმაც წყაროსთავიდან შეიძინა აღნიშნული სახარება და მოაჭედინა ბექა ოპიზარს, შეუტანია თავის მხრივ რაღაც წვლილი ამ ხატის შემკობაში: „ამისა წინაჲთ ხატი ღმრთისა განკაცებისა ჴელვყავ და შევამკვე მისვე ბექაჲსა ხელითა“. სახელდობრ კონკრეტულად, რაგვარი შემკულობა იყო დამატებით შესრულებული ბექას მიერ აღნიშნული პირის თაოსნობით, არ ჩანს.

დაახლოებით 1308-1334 წლებში (ბექა I და სარგის II-ის გარდაცვალების წლების შუალედი) ჩაუსვამთ მოჭედილ კარედ კუბოში.

1664 წელს სამხრეთ საქართველოს ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ, თბილისელ ვაჭარს იევარგუნიშვილს ამირჯანას ჩამოუტანია სამცხიდან ათი ხატი, მათ შორის ანჩის ხატი და 2000 მარჩილად მიუყიდია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტისათვის[2]. ცნობილია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა დომენტიმ განაახლა ანჩისხატი და 1675 წელს ააგო სამრეკლო. ხატი დიდხანს ყოფილა იოთამ ამილახვარის სახლში დასვენებული. 1686 წლის წარწერა ამბობს, რომ ხატს კარები არ ჰქონდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ირკვევა დაცული ყოფილა კარების შიდა მოჭედილობა, რომელიც XIV საუკუნეში იყო გაკეთებული. მოძველებული ხის კარები ახლით ჩაანაცვლეს და ზედ გადაუკრავთ არსებული ძველი მოჭედილობა. XIV საუკუნის მოჭედილობა, ვინაიდან ახალი ხის კარები უფრო მცირე ყოფილა ზომით, დაუზიანებიათ დაკვრის დროს, განსაკუთრებით ქვედა ნაწილი, სადაც ნაწილი ორნამენტისა გადაკეცილია.

დომენტი კათალიკოსის 1715 წლის წარწერაში აღნიშნულია, რომ მისი, ვახტანგ მეფისა და მისმი მეუღლის რუსუდან დედოფლის დროს, განუახლებია ხე და მოჭედილობა გულის, კუბოსი და შეუმატებია თვალი და მარგალიტები.

შალვა ამირანაშვილის აზრით ქორონიკონი „ტოგ-ის მაგივრად ოქრომჭედელს უნდა ამოეჭრა უგ (403), რაც მოგვცემს 1715 წელს. მართლაც, 1715 წელს საქართველოს ტახტი ეჭირა ვახტანგ VI და კათალიკოსად იყო დომენტი III, ხოლო მეფის შვილი გიორგი უკვე დაბადებული იყო. აღნიშნული წარწერის შემსრულებელს მოსვლია შეცდომა: მან 403 აღნიშნა არა „უგ“ ნიშნით, არამედ ტ (300), რ (100), გ (3). რ (100) ნიშნის დაწერის დროს მას დავიწყებია ზედა ხაზის გაკეთება (რაც გვაძლევს ო=70). ერთი სიტყვით, 400 აღნიშვნის დროს მან ერთი ნიშან უ-ს მაგივრად შეცდომით აღნშნა ორი ნიშნით ტ (300) და რ (100).

1825 წელს კიდევ განუახლებიათ ხატის კუბო წარწერის მიხედვით. ეს განახლება ეხება მაცხოვრის შესამოსელსა და ფონის ახლად დამზადებას.

პლატონ იოსელიანის სიტყვებით, 1852 წელს ოდესის მთავარეპისკოპოსის ინოკენტისათვის სპეციალურად დამზადდა ანჩისხატის ასლი.

ანჩის ტრიპტიქი გასაბჭოებამდე ინახებოდა ანჩისხატის ტაძარში. 1920-იანი წლებიდან კი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში.

1929 წელს შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით ხატს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც იკონოგრაფიული ტიპისა და შესრულების ტექნიკიდან გამომდინარე ხატი VI-VII საუკუნეებით დაათარიღა.

„სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო“

სურამის ციხე შიდა ქართლში, დაბა სურამში, კლდოვან გორაკზე მდებარეობს.

ხონოწმინდობა - დღესასწაული მთიან აჭარაში

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ხინოს ხეობაში სასულიერო ცხოვრების აღდგენის იდეა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის უკავშირდება.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ბეთლემის აღმართზე მდებარე ტაძარი XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს.

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და სულიერი ძეგლია.

საქართველოს მატიანე

თემქაზე, ყეენის მთაზე აღმართული გრანდიოზული მონუმენტი საქართველოს ისტორიის, სარწმუნოებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ამბავს გვიყვება.

ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია

ტოპონიმი ორი ქართული სიტყვის, „ციხისა“ და „ჯვრის“ გაერთიანებით არის მიღებული.